არითმია ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოვლინდება გულის შეკუმშვათა სიხშირის, რიტმულობის, აგზნების და შეკუმშვათა თანმიმდევრობის დარღვევით. ნორმალურ მდგომარეობაში გული იკუმშება დროის თანაბარ მონაკვეთში სიხშირით 60-დან 80-მდე დარტყმით წუთში. ორგანიზმის მოთხოვნილებიდან გამომდინარე გულმა შეიძლება ააჩქაროს ან შეანელოს თავის მუშაობა. იგი არსებობს რამდენიმე სახის, თითოეულ მათგანს კი, საკუთარი სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები აქვს. დაავადების შეტევები შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში, მათ შორის, ბავშვებშიც. პათოლოგია თანდაყოლილი ან შეძენილია. მკურნალობა არითმიის ტიპზე და მის სიმძიმეზეა დამოკიდებული. ზოგჯერ შეიძლება არავითარი მკურნალობა არ იყოს საჭირო. მკურნალობის მეთოდები შემდეგია: მედიკამენტური მკურნალობა, ცხოვრების წესის შეცვლა, ინვაზიური თერაპია, ელექტრული აპარატების ჩანერგვა და გულის ქირურგია.
ანტიარითმული წამლები მოიცავენ წამლებს, რომლებიც გულის ნორმალური რიტმის აღსადგენად ან მის შესანარჩუნებლად გამოიყენება. არითმიაზე გავლენას თქვენი ცხოვრების წესიც ახდენს – დაანებეთ თავი მოწევას. შეზღუდეთ ალკოჰოლის მოხმარება. შეზღუდეთ ან შეწყვიტეთ კოფეინის მოხმარება. მოერიდეთ მასტიმულირებელი საშუალებების მიღებას. თუ გრძნობთ, რომ თქვენი არითმია უფრო ხშირდება გარკვეული აქტივობისას, შეზღუდეთ ეს აქტივობა.
ზოგჯერ პაციენტის არითმიის გამოსწორება ვერ ხერხდება მხოლოდ წამლებით. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ელექტრული კარდიოვერსია. არსებობს იმპლანტირებადი ელექტრული აპარატები, რომლებიც სხეულში ინერგება და რიტმის სხვადასხვა დარღვევას მკურნალობს. იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი რთული ელექტრული მოწყობილობაა, რომელიც ძირითადად სიცოცხლისთვის საშიში არითმიების – პარკუჭოვანი ტაქიკარდიის და პარკუჭთა ფიბრილაციის სამკურნალოდ გამოიყენება. იგი განუწყვეტლივ აკონტროლებს გულის მუშაობას და სასიცოცხლოდ საშიში არითმიის დაწყებისთანავე დაუყოვნებლივ წყვეტს ამ არითმიას. კარდიოვერსია – დაბალი ენერგიის ელექტრულ განმუხტვას ახდენს, რაც აღადგენს ნორმალურ რიტმს. დეფიბრილაცია – უფრო მაღალი ენერგიის ელექტრული განმუხტვაა, რომელიც პარკუჭთა ფიბრილაციისას გამოიყენება.
ანტიბრადიკარდიული სტიმულაცია – იგივე ფუნქციაა, რაც აქვთ მუდმივ პეისმეკერებს. მკურნალობის ეს მეთოდი ზედმეტად ნელი რიტმის სამკურნალოდ გამოიყენება.
გულის ქირურგია – ქირურგიული ოპერაცია შეიძლება საჭირო გახდეს, როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებით ვერ ხერხდება არითმიის სიმპტომების კორეგირება.