დეველოპერული კომპანია „სფერო ჰოლდინგი“ ახალ პროექტს იწყებს – ძველი თბილისის განაშენიანება და არქიტექტორული რენოვაცია, რომლის მიზანიც საბოლოო ჯამში, დედაქალაქში თბილისური ეზოების დაბრუნებაა.
„სფერო ჰოლდინგის“ პროექტის მიზანია, თბილისის ძველი ისტორიული უბნების, ქალაქის განუმეორებელი იერსახის და კოლორიტის შენარჩუნება, რეკონსტრუქცია-რენოვაცია, რაც შედეგად გულისხმობს ,,თბილისური ეზოს“ ფუნქციის და ტრადიციის აღდგენას, თანამედროვე ხედვებით და ტექნოლოგიების შესაძლებლობებით. ამასთან, პირვანდელი არქიტექტურული სტილის შენარჩუნებით. თბილისური ეზოს პრინციპი ბოლომდე იქნება დაცული“, – აცხადებენ დეველოპერულ კომპანიაში.
მათივე ცნობით, „სფერო ჰოლდინგის“ მიზანია აღადგინოს თბილისური ეზოს საზოგადოებრივ–სოციალური ფუნქცია და განუმეორებელი სპეციფიკური კოლორიტი: შესძინოს რეკრეაციული ელემენტი და სანახაობრივი ეფექტი, გახადოს თანაბრად მიმზიდველი მოქალაქეებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის. თბილისურმა ეზოებმა უნდა დაუბრუნონ დედაქალაქს განუმეორებელი სახე.
„პრობლემური აქტივისადმი კომპლექსური მიდგომით, ისტორიული უბნების ლანდშაფტსა და ბუნებრივ რელიეფთან შეთავსებით, არსებული კოეფიციენტის ფარგლებში „სფერო ჰოლდინგი“ ქმნის ,,თბილისური ეზოების“ საცხოვრებელი სახლების არქიტექტურული რენოვაციის პროექტს, რომელიც განხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით“, – განმარტავენ „სფერო ჰოლდინგში“.