არსებობს რუსული კანონი ოფშორებზე, რომელიც საქართველოს ოფშორების ოფშორად აქცევს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე: „საქართველო ყურადღების ცენტრში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ქუჩის პროტესტი ახალი პოლიტიკური ძალების შექმნის პროცესშია.
„ვფიქრობ, ჩემი როლი იმაშია, რომ მოვახდინო არსებული პოლიტიკურ პარტიების უფრო მეტად კონსოლიდაცია, მაგრამ არა მხოლოდ არსებულების, ვინაიდან ნათელია, რომ ქუჩის პროტესტი ახალი პოლიტიკური ძალების შექმნის პროცესშია, რომელიც სავარაუდოდ თავად განსაზღვრავენ ქუჩის შემდგომ სტრატეგიას…
არსებობს რუსული კანონი ოფშორებზე, და ეს ყველა პარტნიორისთვის შეშფოთების საგანი უნდა იყოს, რომელიც საქართველოს ოფშორების ოფშორად აქცევს. ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ბატონ ივანიშვილს, როგორც მთავარ ოლიგარქს საქართველოში, არამედ შესაძლო, პოტენციურად დასანქცირებულ რუს ოლიგარქებს შეეძლებათ მათი აქტივების საქართველოში გადმოტანა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.