ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების რეალიზაციის საქმეზე დაკავებული ნინო გეგელაშვილი დანაშაულს აღიარებს. მან გამოძიებას დეტალური ჩვენება უკვე მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
გეგელაშვილისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენება დღეს იგეგმება. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, არსებული ინფორმაციით, ის დანაშაულის ჩადენას არ აღიარებს. ნინო გეგელაშვილს ჩვენებაში განმარტებული აქვს, რომ ის მარტო მოქმედებდა და მასთან ერთად დაკავებულ გიორგი გოგებაშვილს ნარკოტიკების რეალიზაციასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.
თავის მხრივ, როგორც დაკავებულების ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განაცხადა, გოგებაშვილს ჩხრეკისას არავითარი კანონსაწინააღმდეგო ნივთები არ აღმოაჩნდა. ადვოკატის თქმით, ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რის საფუძველზე მიმდინარეობს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული ქალბატონი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.