LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არტეთიკა“ – მინიატურული ნივთები შინაურული სიმშვიდის განსაცდელად

499
არტეთიკა

სოციალური ქსელების მეშვეობით ბევრი ნიჭიერი ადამიანი შეიძლება აღმოაჩინო, მოიხიბლო მათი ნამუშევრებით, მაგრამ მათ მიერ შექმნილ ძალიან ცოტა ნივთს შეუძლია დრო ცოტა ხნით შეაჩეროს და მოგონებების სკივრს ახადოს თავი – გაგახსენოს შენი სახლის განსაკუთრებულად საყვარელი კუთხე-კუნჭული; სურნელი, რომელიც ძვირფას ადამიანებთან ერთად წარსულში დარჩა; დაგაბრუნოს იმ ქუჩაზეც კი, სადაც არაერთი თავგადასავალი გადახდენია და სადაც დღეს აღარ დადიხარ…. სწორედ ასეთი განწყობების აღმძვრელი ხელოვანი უნდა გაგაცნოთ – ნინო გოზალიშვილი, რომლის თითოეული ნამუშევრის თვალიერებისას შინაურული სიმშვიდის შეგრძნება გეუფლება…

– პროფესიით მხატვარ-დეკორატორი ვარ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, ვსწავლობდი კოლეჯშიც „მერმისი“ მინანქრის განხრით. პოლიმერული თიხით კოვიდპანდემიის დროს დავინტერესდი, ერთ-ერთი უცხოური კურსიც გავიარე და შემდეგ დავიწყე თიხაზე აქტიურად მუშაობა.

რაც შეეხება მინიატურებს, ბავშვობიდან მიყვარს ეს მიმართულება, პატარაობიდან ვაკეთებდი სხვადასხვა ნივთს, სახლებს. ჩემი ნამუშევრების საჯაროდ გამოტანის და რეალიზაციის გადაწყვეტილება მომხმარებლების დაინტერესებამ განაპირობა. ასე გაჩნდა 5 წლის წინ ჩემი ბრენდი.

სახელწოდებად „არტეთიკა“ მარტივი მიზეზით შევარჩიე – მინდოდა, ის ქართველებისთვისაც და უცხოელებისთვისაც წარმოსათქმელად მარტივი და ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო.

ძირითადად მინიატურულ დიორამებზე, პოლიმერული თიხის ჭიქებზე ვმუშაობ. ნივთებს ვამზადებ როგორც საკუთარი ფანტაზიით, ისე მომხმარებლების დიზაინით. ჭიქების შემთხვევაში, შეკვეთის დასრულებას 2-3 დღე სჭირდება, დიორამებს კი 2-3 კვირა, ზოგჯერ (პროექტის სიდიდიდან გამომდინარე) 1-2 თვეც ვუნდები, რადგან მარტო ვმუშაობ, დამხმარე არ მყავს.

განსაკუთრებულ სიამოვნებას მაინც მოცუცქნული ნივთების შექმნით ვიღებ. მაგალითად, ამას წინათ, ერთ მინიატურაში მთელი ბავშვობა ჩავატიე – შეშის ღუმელი და ხის მაგიდა დავამზადე, ზედ ცომის გუნდებით, იმ დილის მონატრების განცდით, როცა ბებო პურს აცხობდა. ცომის გუნდებს მაგიდაზე ალაგებდა, თან ფრთხილად აფარებდა პირსახოცს. ოთახში შეშის ღუმელი გიზგიზებდა და კუთხიდან კუთხემდე იდგა სუნი, რომელიც არასდროს დამავიწყდება…

რაც შეეხება ჩემი ნამუშევრების ღირებულებას, ვერ ვიტყოდი, რომ ისინი ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში შრომა შესაბამისად არ ფასდება, მით უმეტეს, თუ საქმე მინიატურებს ეხება. ამ ნივთებს ზუსტად პატარა ზომის გამო აქვთ შედარებით მაღალი ღირებულება – რაც უფრო პატარაა  ნივთი, დასამზადებლად უფრო რთულია… ჩემს ნამუშევრებს, ძირითადად, ონლაინ ვყიდი. საბედნიეროდ, რასაც ვამზადებ, მალევე იყიდება, ამიტომ ვერ ვასწრებ, გამოფენისთვის დავაგროვო ისინი.

მომხმარებლების დადებითი შეფასებები პატარა ბავშვივით მიხარია. განსაკუთრებით მაბედნიერებს, როცა შეკვეთის დიზაინს მე მანდობენ ხოლმე, ნდობა მხოლოდ ფრთებს მასხამს.

„არტეთიკას“ დიდი გეგმები აქვს. უკვე მალე გვექნება კურსები მინიატურებზე, შესაბამისად, დიდ მასშტაბებზე გასვლა სწორედ მინიატურულ ნივთებზე შეყვარებული მოსწავლეებით წარმომიდგენია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g