LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ართროპლასტიკა და ართროსკოპია – თანამედროვე ტრავმატოლოგია თოდუას კლინიკისგან

240
გიორგი დეისაძე-fortuna.ge 550-309

თანამედროვე მედიცინა ყოველდღიურად იხვეწება და ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს ტრავმატოლოგიის მიმართულებით. ამ განვითარებას აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი ფეხდაფეხ მიჰყვება. კლინიკაში დაახლოებით ერთი წელია, ერთ-ერთი ყველაზე მინიინვაზიური პროცედურა – ართროსკოპია დაინერგა. გარდა ამისა, აქტიურად ტარდება ათროპლასტიკაც – დაზიანებული სახსრის ხელოვნური სახსრით ჩანაცვლების პოპულარული საერთაშორისო პრაქტიკა.

ართროპლასტიკისა და ართროსკოპიის შესახებ თოდუას კლინიკის ორთოპედია-ტრავმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელ გიორგი კვარაცხელიას გავესაუბრეთ. ბატონმა გიორგიმ ამ ორი პროცედურის მსგავსებებსა და განსხვავებებზე, გვერდით მოვლენებსა და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის მიმდინარეობის შესახებ მოგვითხრო.

  • რა არის ართროპლასტიკა და რა შემთხვევაში იყენებთ მას?

ართროპლასტიკა მსხვილი და წვრილი სახსრების ხელოვნური სახსრით ჩანაცვლებაა.  ამ მეთოდს ართროზების დროს მივმართავთ, როდესაც სახსრის ხრტილოვანი საფარველი დაზიანებულია და პაციენტს მისგან გამოწვეული ტკივილი აღენიშნება. შესაბამისად, დაზიანებულ ადგილს ხელოვნური სახსრით ვანაცვლებთ.

თოდუას კლინიკაში უკვე 5-6 წელია, ამერიკულ და ფრანგულ იმპლანტებს ვიყენებთ, რომლებიც მცირეინვაზიური წესით თავსდება სახსარში. სარეაბილიტაციო პერიოდი ძალიან მოკლეა და პაციენტები უკვე მეორე დღიდან აქტიურდებიან , 1 თვეში კი ყოველგვარი დამხმარე საშუალების გარეშე  გადაადგილდებიან. ართროპლასტიკა ყველაზე ხშირად მენჯ-ბარძაყის სახსრისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების დროს გამოიყენება.

  • რას ნიშნავს სახსრების ართროსკოპიუი მკურნალობა და რით განსხვავდება ის ართროპლასტიკისგან?

ართროსკოპია მცირეინვაზიური ენდოსკოპიური ქირურგიაა. ამ შემთხვევაში სახსარში არსებული დაზიანებების, მაგალითად მენისკების დაზიანებების შემთხვევაში, მცირე განაკვეთს კამერით ვათვალიერებთ. შემდეგ იწყება დაზიანების კორექცია, რაც რესურსის ამოწურვის ხარისხს ამოკლებს. გარდა ამისა, პაციენტებს ხრტილის საფარველს ვუნარჩუნებთ და ტკივილს ვუხსნით. მკურნალობის ეს მეთოდი თოდუას კლინიკაში, დაახლოებით, 1 წელია რაც დაინერგა და საკმაოდ აქტიურად ვიყენებთ.

  • როდის დგება პაციენტის რომელიმე ოპერაციით მკურნალობის აუცილებლობა?

ართროპლასტიკა იმ შემთხვევაში ინიშნება, როდესაც პაციენტს აღენიშნება სახსრების ტკივილი ან მოძრაობის შეზღუდვა. ეს ხდება როგორც თანდაყოლილი, ასევე პოსტ ტრავმული, ან შეძენილი პათოლოგიების დროსაც. არსებობს მდგომარეობები, როდესაც სახსარი სწორად ვერ იტვირთება ან ტრავმის შედეგად აღინიშნება ანატომიური სახეცვლილებები. საკმაოდ ხშირია ცვეთის შედეგად მიღებული პათოლოგიური მდგომარეობაც. რაც შეეხება ართროსკოპიას, ეს ჩარევა ხორციელდება დაზიანებულ მენისკებზე როგორც ტრავმული, ასევე ცვეთის შედეგად მიღებული დაზიანებების დროს.

  • ასეთი პათოლოგიების დროს, რა შემთხვევაში დგება ღია ქირურგიული ჩარევების აუცილებლობა?

ართროპლასტიკა ღია ოპერაციაა, თუმცა აქვს მიდგომის თავისებურებები. ფრანგული იმპლანტების შემთხვევაში, ზომები ძალიანაა შემცირებული. მიზეზი ის არის, რომ ისინი ახალი მოდიფიკაციის იმპლანტებია, რაც დაზიანებების ჩანაცვლებას მცირე ზომის განაკვეთისა და კუნთების დაზიანების გარეშე გულისხმობს.

ართროსკოპია მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე მცირეინვაზიურ ქირურგიად, რომლის დროსაც სახსარი საერთოდ არ იხსნება. ორი, დაახლოებით ნახევარსანტიმეტრიანი განაკვეთიდან ხდება სახსრის დათვალიერება და მასში არსებული დაზიანებების კორექცია.

რამდენად ეფექტურია თითოეული მათგანი და რაიმე სახის გართულებებს ხომ არ იწვევს მომავალში?

გართულებები, თავისთავად, ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას შეიძლება ახასიათებდეს. თუმცა, რამე განსაკუთრებული გართულება ამ ოპერაციებს თან არ ახლავს. რაც შეეხება ეფექტურობას, ართროპლასტიკა მსოფლიოში ყველაზე ეფექტურ ოპერაციად მიიჩნევა, რადგან ხრტილის დაზიანების შემთხვევაში, ერთადერთი გამოსავალია. სამწუხაროდ, სხვა სახის ჩარევები და კონსერვატიული მკურნალობა, პრაქტიკულად, არ არის შედეგის მომტანი.

სექტემბრიდან თოდუას კლინიკაში ართროსკოპული მკურნალობის კიდევ ერთი მიმართულება – ქუსლის წანაზარდის მკურნალობა ინერგება. სამედიცინო ცენტრი შესაბამისი აღჭურვილობის მიღებისთანავე უმკურნალებს იმ პაციენტებს, რომლებსაც ქუსლის წანაზარდის ტკივილი აწუხებთ.

  • როგორ მიმდინარეობს პაციენტების საოპერაციოდ მომზადება  და პოსტოპერაციული რეაბილიტაცი თოდუას კლინიკაში?

თოდუას სამედიცინო ცენტრში მოსამზადებელი პერიოდის საკმაოდ ეფექტური მოდელი დავნერგეთ; პაციენტს ამზადებს არა მხოლოდ ორთოპედი, ასევე ანესთეზიოლოგთა ჯგუფი, რომ ყველა პროცედურისთვის დამახასიათებელი რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ჩვენს კლინიკაში ყველა ტიპისა და სახეობის გამოკვლევაზე მიგვიწვდება ხელი, რაც დიაგნოზის დაზუსტების საშუალებას გვაძლევს და ოპერაციული ჩარევის ეფექტურობას განსაზღვრავს.

რაც შეეხება რეაბილიტაციას, ეს პროცესი ექიმის მეთვალყურეობით მიმდინარეობს. გვყავს მეთოდისტთა ჯგუფიც, რომლებიც საჭიროებისამებრ სახლშიც ეხმარებიან პაციენტებს გადაადგილებაში. რადგან მცირე ინვაზიური ჩარევები ნაკლებად ტრავმულია, პაციენტების უდიდესი ნაწილი არ საჭიროებს ცალკე რეაბილიტაციის კურსს. მათ მეორე დღიდან შეუძლიათ გადაადგილება.

  • რამდენად ხშირია მომართვიანობა და ძირითადად, რა ასაკის ან სქესის პაციენტები მოგმართავენ?

ართროპლასტიკისთვის, ძირითადად, 50 წელს გადაცილებული ქალბატონები მოგვმართავენ. თუმცა, თანდაყოლილი პათოლოგიის შემთხვევაში, ასაკობრივი შეზღუდვა ამ დაავადებას არ აქვს. რაც შეეხება ართროსკოპიას, ძირითადად ახალგაზრდა პაციენტებს ვმკურნალობთ მენისკის ტრავმული დაზიანებით, ან ასაკოვან ადამიანებს სახსრის შიდა დაზიანებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g