LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასე მოუმზადებლად ასეთი იდეების გაჟღერება არის საქმისადმი დილეტანტური მიდგომა.. როგორც ბევრი რამ დანარჩენი ჩვენს ქვეყანაში, ეს საკითხიც ზედაპირულად დაისვა“ – ბექა კობახიძე პრეზიდენტის ინიციატივაზე

867
BeFunky-collage (5)

გასაგებია სურვილები, მაგრამ ასე მოუმზადებლად ასეთი იდეების გაჟღერება არის საქმისადმი დილეტანტური მიდგომა, – ასე ეხმიანება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ გაჟღერებულ ინიციატივას.

სალომე ზურაბიშვილი სკოლაში მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოდის

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მეგრული და სვანური ცალკე ენებია. ისინი ბევრად უფრო მკაფიოდ განსხვავდებიან ქართულისგან, ვიდრე მაგალითად სამხრეთ და აღმოსავლეთ სლავური ენები ერთმანეთისგან ან თუნდაც რუმინული და იტალიური ენები ურთიერთისგან.

მეგრული და სვანური არ არის ლიტერატურული ენები. მათ ეწოდებათ Vernacular languages, patois languages. უბრალო ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის საყოფაცხოვრებო ენა და ისინი მზად არ არიან საგანმანათლებლო პროცესისთვის.

მაგალითად, ქართული ასეთ ენად იქცა, რადგან მას ზურგს უმაგრებს 16 საუკუნოვანი უწყვეტი სამწერლობო კულტურა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საბჭოთა დროს ენათმეცნიერებათა ინსტიტუტის მუშაობა და ა.შ. ენის კოდიფიკაცია არ არის მარტივი ამბავი, ხოლო კოდიფიკაციის გარეშე მისი საგანმანათლებლო სისტემაში შეტანა არის შეუძლებელი ამბავი.

ამიტომ, გასაგებია სურვილები, მაგრამ ასე მოუმზადებლად ასეთი იდეების გაჟღერება არის საქმისადმი დილეტანტური მიდგომა.
ენის კოდიფიკაცია შეიძლება თუ მასზე ხანგრძლივად იმუშავებენ ენათმეცნიერები, მიღწეული შედეგები დაინერგება ლიტერატურაში და ბავშვები მას ისწავლიან სკოლაში. სწორედ ასე ვიცით ყველამ ლიტერატურული ქართული.

სრულად კოდიფიცირებული ლიტერატურული ენები საბჭოთა დროსაც არ ჰქონიათ ცენტრალურ აზიელებს, ჩრდილო კავკასიელებს და სხვ. ცენტრალური აზიის დამოუკიდებელ ქვეყნებში ამაზე მუშაობა გააქტიურდა 90-იანი წლებიდან. ეს არის მოდერნული ერების შექმნის მექანიზმი.

ვერ ვიხსენებ ხალხს, რომელსაც თავისი ლიტერატურული ენა ჰქონდეს და ცალკე ერი არ იყოს.

ამიტომ, თუ ამას გავაკეთებთ მეგრულთან და სვანურთან მიმართებით, რეალური ხდება ცალკე ნაციონალური იდენტობის გაჩენაც.

ანუ, რომ დავაზუსტო, არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს სვანური და მეგრული ენების გავრცელებაზე. პირიქით! ეს შეიძლება მოხდეს ისე, როგორც ახლა ხდება ყოფით ცხოვრებაში; ადამიანებმა შეიძლება წერონ და იკითხონ მეგრულად და სვანურად, მაგრამ თუ ამ ენებს vernacular language-დან ვაქცევთ ლიტერატურულ და კოდიფიცირებულ ენებად ამ საქმისთვის აუცილებელ ყველა ქმედების სისრულეში მოყვანით, უნდა ვიცოდეთ რომ ამან მართლა შეიძლება გამოიწვიოს ახალ იდენტობათა ფორმირება.

ხოლო სასკოლო კურიკულუმებში პატუა ენების შეტანა, მგონი, ტექნიკურადაც შეუძლებელია. რა არის ასეთი ენის სტანდარტი? რომელ ადგილობრივ დიალექტს ეყრდნობა ის? როგორ ვამდიდრებთ ამ ენას თანამედროვე ცხოვრებისთვის აუცილებელი ტერმინოლოგიით?

რა არის შეფასების სტანდარტები/კრიტერიუმები? სად არის სახელმძღვანელოები? ა.შ. და ა.შ.

როგორც ბევრი რამ დანარჩენი ჩვენს ქვეყანაში, ეს საკითხიც ზედაპირულად დაისვა, სიღრმესა და შინაარსში შესვლის გარეშე”, – წერს ბექა კობახიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g