აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა საუბარია ხორცის შეძენასა და მოხმარებაზე.
რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს ზედამხედველობის გარეშე რეალიზებულ პროდუქტს და როგორ უნდა დაადგინოს მომხმარებელმა, რომ ხორცი სწორ ტემპერატურაზე ინახება და ჰიგიენური ნორმებიც დაცულია – „ფორტუნა“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტს, ირაკლი არაბულს ესაუბრა.
რამდენი დღის განმავლობაშია ვარგისი სააღდგომო კვერცხი და რომელი საღებავია უსაფრთხო – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი რეკომენდაციებს გვიზიარებს
რა პირობებია საჭირო კვერცხის სწორად შესანახად და რა მოხდება, თუ ეს პირობები არ დაკმაყოფილდა – „ფორტუნას“ მკითხველს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული უზიარებს.
სურსათის უვნებლობის სპეციალისტის თქმით, ხორცის შეძენისას აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიცაა პროდუქტის ეტიკეტირება, შენახვის ტემპერატურული რეჟიმი და ჰიგიენური პირობები.
ხორცი მხოლოდ სანებართვო გარემოში უნდა იყიდებოდეს
„ხორცის რეალიზაციის ადგილი გადამწყვეტია. პროდუქტი აუცილებლად უნდა ინახებოდეს მაცივარში, სადაც დაცულია შესაბამისი ტემპერატურა – არაუმეტეს +4°C. ამასთან, სასურველია, რომ სავაჭრო ობიექტი იყოს რეგისტრირებული და სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ“. – აღნიშნავს ირაკლი არაბული.
მისივე თქმით, ყველა ბიზნესოპერატორს, რომელიც ხორცით ვაჭრობს, კანონით ეკისრება ვალდებულება, ჰქონდეს შესაბამისი დოკუმენტაცია, კერძოდ ფორმა N2, რომელიც ადასტურებს, რომ ცხოველი სასაკლაოზე შემოწმდა და პროდუქტი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.
ზედამხედველობის გარეშე გაყიდული ხორცი – მაღალი რისკის ზონა
ირაკლი არაბულის განცხადებით, ე.წ. გარე ვაჭრობის ადგილებში ხორცის შეძენა განსაკუთრებით სარისკოა, რადგან ასეთ ობიექტებში ხშირ შემთხვევაში ვერ მოიძებნება ვერც ფორმა N2 და ვერც ცხოველის ჯანმრთელობის ცნობა.
ამასთან, პროდუქტის შენახვის პირობები ხშირ შემთხვევაში არ არის დამაკმაყოფილებელი.
„შეიძლება ცხოველი დაავადებული იყოს და ეს ინფექციები ადამიანზე გავრცელდეს. მაგალითად, არსებობს ზოონოზური დაავადებები, რომლებიც ცხოველიდან გადადის ადამიანზე. ასევე, არასათანადო ტემპერატურაზე შენახვისას ბაქტერიების სწრაფი გამრავლებაა შესაძლებელი, რაც პროდუქტს ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სახიფათოს ხდის,“ – განმარტავს სპეციალისტი.
როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი ხორცი?
მომხმარებელს აქვს უფლება, პროდუქტის შეძენამდე მოითხოვოს როგორც ფორმა N2, ასევე ეტიკეტი, რომელზეც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ხორცის წარმომავლობის, შენახვის ვადებისა და დამამუშავებელი კომპანიის შესახებ.
შეუსაბამო ტემპერატურულ პირობებში, შესაძლებელია გამრავლდნენ ბაქტერიები და მივიღოთ ბაქტერიებით დაბინძურებული ხორცი, რომელიც ძალიან საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ირაკლი არაბულის განცხადებით, ეტიკეტისა და ფორმა N2-ის გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ფორმა N2-ს გასცემს ვეტერინარი, რომელიც ცხოველთა სასაკლაოზე დანიშნულია სახელმწიფოს მიერ. დასაკლავი ცხოველი სასაკლაოზე გადის კონტროლს, რის შემდეგაც მას ოთხ ადგილას – მხრებსა და ბარკლებზე – უკეთდება ლურჯი ბეჭედი, რომელიც ოფიციალურ შემოწმებას ადასტურებს.
„ხორცი აუცილებლად უნდა შევიძინოთ ისეთ ადგილას, სადაც ის მოთავსებულია მაცივარში. ხორცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაცული იყოს ტემპერატურული რეჟიმი, მისი შენახვის ტემპერატურა +4 გრადუსამდეა“, – ამბობს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი.
რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა დარღვევის შემთხვევაში?
„თუ მომხმარებელი ხედავს, რომ ხორცი ინახება არასათანადო პირობებში, ეტიკეტი არ აქვს ან სხვა საეჭვო გარემოებაა, პირველ რიგში, უნდა მიუთითოს ამის შესახებ თავად გამყიდველს.
გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, დარეკოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე – 15 01, სადაც შესაბამისი სამსახური გადაამოწმებს სავაჭრო ობიექტს და საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს ზომებს,“ – განმარტავს ირაკლი არაბული.