კომპანია Bentley–მ კუპე Continental GT–ის განსხვავებული ვერსია წარადგინა და სიახლე შეზღდული ტირაჟით, მხოლოდ 15 ეგზემპლარი გამოვა.
2019 წლის 30 ივნისს Bentley–მ „პაიკს პიკის“ ტრასაზე მორიგი რეკორდი დაამყარა. მრბოლელმა რის მილენმა სერიული ავტომობილით 19,99 კილომეტრის სიგრძის აღმართი 10 წუთსა და 18 წამში გაიარა.
რეკორდის აღსანიშნავად Bentley–მ მაშინ Bentayga–ს სპეც–ვერსია გამოუშვა და მოდელს Pikes Peak ეწოდა. ამჟამად კი მსგავსი ვერსია Continental GT-საც ეყოლება. განსაკუთრებული კუპეს ცნობა ღია სალათისფერი შეფერილობით და მასზე შავი აქცენტებით იქნება შესაძლებელი.
ლიმიტირებული Bentley–ს სალონი ორ ფერში – შავ და სალათისფერში შესრულდა. მოდელმა თანამედროვე აუდიოსისტემა და საკმაოდ დიდი ზომის პანელიც მიიღო.
კუპე GT–ის კაპოტის ქვეშ 6,0 ლიტრის მოცულობის W12 ძრავია მოთავსებული და აგრეგატი 635 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავი რვა–დიაპაზონიან „რობოტიზირებულ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და პირველი „ასეულის“ გასავითარებლად მხოლოდ 3,7 წამი სჭირდება.








