პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და რიგი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები თავადვე ადასტურებენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციას ატარებენ, რისთვისაც ფინანსურ რესურსებს იყენებენ. პაპუაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება შეაფასა და განმარტა, რომ ამით არავის ზღუდავენ და ფინანსების გასაჯაროება ნებისმიერ დემოკრატიაში ჩვეულებრივი ამბავია.
„გუშინ რაც მოვისმინე გამოხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და მეორე ორგანიზაციისგანაც, ისინი ადასტურებენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციას ატარებენ. ისინი ამისთვის ფინანსურ რესურსებს იყენებენ, ეს ჩანს კიდეც, ამას ღიად აკეთებენ. როგორც ჩანს, ანტიკორუფციულ ბიუროს საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა, რომ ისინი მიეჩნია საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად. სხვათა შორის, გუშინ ეს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმაც აღნიშნა. ის ნორმები, რომლის გამოყენებაც ახლა ხდება და რომლის საფუძველზეც ცნობილი იქნენ სარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად, ეს ნორმები თავის დროზე თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, საია-ს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციირებით აქვს პარლამენტს მიღებული. ეს ის სტანდარტია, რომელიც მათივე ინიციატივა იყო და ამ სტანდარტს უნდა დაექვემდებარონ. გუშინ მოვისმინე, ვინმეს შეზღუდვა ხდებაო, არავის შეზღუდვა არ ხდება, ყველას შეუძლია წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს. უბრალოდ, თუ ეს წინასაარჩევნო აგიტაცია არის, ამის ფინანსები უნდა გაასაჯაროოს. ეს არის ჩვეულებრივი რამ ნებისმიერ დემოკრატიაში და სწორედ ეს ჩვეულებრივი რამ უნდა იყოს საქართველოშიც“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები კანონს დაემორჩილებიან. პაპუაშვილის შეფასებით, „ეს არის ნებისმიერი დემოკრატიის სტანდარტი“.
„რაც შეეხება იმ შემთხვევას, თუკი ისინი კანონს არ დაემორჩილებიან და არ წარადგენენ, ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ თავად გამოითხოვოს შემდეგ ეს დოკუმენტაცია“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.
როგორც ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, ამ ორ ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომელიც საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება.