„მტრობით გვმართავენ – თითქოს საზოგადოება გაყოფილია ორ ნაწილად – „ქოცებად“ და „ნაცებად“ და ეს ხალხი ერთმანეთს ვერ იტანს, “- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
ხვიჩიას შეფასებით, ეს არის ხელოვნური, თავსმოხვეული დაყოფა, „კგბ“-ს მეთოდებით, რაც ავტოკრატიული ქვეყნებისთვის მართვის ცნობილი მეთოდია.
„ზოგადად, საქართველოში მიტინგებმა შინაარსი დაკარგა. მიტინგები თავების დათვლის ადგილად გადაიქცა. ყველას, რაც პირველი მიტინგთან დაკავშირებით აინტერესებს არის არა ის, ვინ გამოვიდა სიტყვით, რა თქვა და რა მოწოდება იყო, არამედ რამდენი ადამიანი იყო.
ხელისუფლებამ თქვა, რომ აქციაზე იმაზე მეტ ადამიანს მიიყვანდა, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიყვანა. ამ მხრივ საკუთარი ორგანიზაციულობის უნარი აჩვენა, რომ შეუძლია ერთ კვირაში A წერტილიდან B წერტილამდე რამდენიმე ათასი ადამიანის ჩამოყვანა და შემდეგ უკან ტრანსპორტირება, რაც სხვათა შორის გამოუვიდათ – არ იყო ცუდი!
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ვურჩევდი, რომ ზოგადად, ასეთი ტიპის მიტინგების მოწყობა სარისკოა – ხალხი შეიძლება ძალიან გაბრაზებული იყოს და თუ ერთად მდგომი დაგინახა, შეიძლება შენს წინააღმდეგ გამოიქცეს,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.