აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს, რომ რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება, აშშ, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.
მისი მტკიცებით, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ დაიცავენ, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ.
„მისაღები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცული იქნება და ორივე ქვეყანა პასუხისმგებელი იქნება ამ პირდაპირი მოლაპარაკებების დაურღვევლობის პატივისცემაზე. თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება დაცული, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ. ყოველკვირეულად ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი იღუპება და ყველას უნდა სურდეს, რომ ეს შეწყდეს. მეც ასე ვფიქრობ და ამერიკის შეერთებული შტატებიც ასე ფიქრობს. როგორც პრეზიდენტი, მე, ევროპელებთან ერთად, ერთგული დავრჩები რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართ და ეს იქნება ხანგრძლივი მშვიდობა! ამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმებამდე უნდა მიგვიყვანოს. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიძლება გაკეთდეს და თუ ჩემი სამსახური საჭირო გახდება, ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ვიქნები“, – წერს ტრამპი.
სატელეფონო საუბრის შემდეგ განცხადება გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
„უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.