LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აშშ-ის დასახელება გლობალური ომის პარტიის ნაწილად, შეურაცხყოფაც არის და სულ მცირე, არაზუსტი – გლობალური ომის პარტია მოსკოვშია, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ომის გაფართოების ხილვით“ – დევიდ კრამერი

121
დევიდ კრამერი

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორის დევიდ კრამერის განცხადებით, „ამერიკის შეერთებული შტატების დასახელება გლობალური ომის პარტიის ნაწილად, მისთვის ნონსენსიც და შეურაცხყოფაც არის“.

„თბილისი რუმსში“, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ, დევიდ კრამერმა განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტია მოსკოვშია. აშშ არ ახდენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, რუსული ძალები ახდენენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიც არ არის დაინტერესებული ომის გაფართოების ხილვით“.

მისივე შეფასებით, იდეა იმის შესახებ, რომ ამერიკა ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, სრული აბსურდია.

„საქართველოს საუკეთესო მეგობრებში მოიაზრება ამერიკის შეერთებულ შტატები, მოიაზრება ბევრი ქვეყანა ევროპაში და სხვაგან. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამჟამად ეწევა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას – რუსეთია. ასე რომ, არ მგონია, საქართველოს მეგობრები მოიძებნოს მოსკოვში. ამის საპირისპიროდ, შემიძლია ვთქვა, რომ შეერთებული შტატებში, რომელმაც საქართველოს მიაწოდა, დაახლოებით, 6,5 მილიარდი დოლარი ქვეყნის დასახმარებლად და მის გასავითარებლად დემოკრატიის გზაზე, არიან საქართველოს მეგობრები. ამერიკის შეერთებული შტატების დასახელება გლობალური ომის პარტიის ნაწილად, ჩემთვის ნონსენსიც და შეურაცხყოფაც არის და არაზუსტი, სულ მცირე. გლობალური ომის პარტია მოსკოვშია. ჩვენ არ ვახდენთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, რუსული ძალები ახდენენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ვიმედოვნებ, რომ ყველას ესმის, რომ საქართველოს ერთ -ერთი საუკეთესო მეგობარი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია და ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ომის გაფართოების ხილვით, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში. იდეა იმის შესახებ, რომ ჩვენ ვცდილობთ ჩავითრიოთ საქართველო ომში, ასევე სრული აბსურდია. უკანასკნელი რამ, რისი ხილვაც შეერთებულ შტატებს ან ნებისმიერ ქვეყანას სურს, არის ამ ომის გაფართოება“, – განაცხადა კრამერმა.

გარდა ამ საკითხისა, კრამერმა, ასევე, შეაფასა მმართველი პარტიის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შედეგად, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, სამართლებრივი პროცესი დაიწყება, რომლის შედეგად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“.

„მე ვფიქრობ ასეთი განზრახვის გაჟღერება ძალიან არაგონივრულია. პირველ რიგში, ამისთვის „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში და უნდა მიიღონ საკონსტიტუციო უმრავლესობა. მაგრამ ოპოზიციის აკრძალვაზე საუბარი არ არის ის, რასაც, როგორც წესი, მოისმენ პარტიისგან, რომელსაც აქვს დემოკრატიული მახასიათებლები. არ ვფიქრობ, რომ მსგავსი რიტორიკა ძალიან სასარგებლო იყოს. ჩვენ ყველას გვესმის, რომ რიტორიკა პოლიტიკურ კამპანიაში ცხელდება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამ სახის რიტორიკა კარგად აღიქმებოდეს აქ, საქართველოში, ან საქართველოს მეგობრებს შორის“, – განაცხადა კრამერმა.

როგორც მან აღნიშნა, ჩანს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ საპირისპირო მიმართულებით სვლა დაიწყო.

„ევროკავშირმა აღნიშნა, რომ მათ შეაჩერეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი- საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა გასულ წელს საკმაოდ ჩახლართული აღმოჩნდა. მათ გამოთქვეს ინტერესი კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მიღებია შემდეგ, ასე ჩანს, რომ დაიწყეს სვლა საწინააღმდეგო მიმართულებით. ვფიქრობ და ასე ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გამოიწვიოს ევროკავშირი იმის ნაცვლად, რომ დააკმაყოფილოს კრიტერიუმები. ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანება ასევე არის პროგრესის ნიშანი და ვიმედოვნებ, რომ ვიხილავთ ამ პროგრესის მიღწევას საქართველოში“, – განაცხადა კრამერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g