LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ელჩი: „საქართველოს არც ერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები“

193
Untitled design (3)

დღეს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგინს უსმენენ.

როგორც სიტყვით მიმართვის დროს აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, „საქართველოს არც ერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები“.

„ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობაა, საქართველოსთან ურთიერთობები და პარტნიორობა გავაღრმაოთ. როდესაც იყო წითელი არმიის მიერ საქართველოს ტრაგიკული ანექსიის დღე, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს არც ერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც შეერთებული შტატები.

ამ 32 წლის მანძილზე, საქართველოსთვის დახმარების სახით 6 მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს გაწეული. ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია.

შევხვედრივარ ძალიან ბევრ ქართველს, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა აშშ-საქართველოს პარტნიორობით, ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, პროფესორი, სტუდენტი, ფერმერები, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. აშშ-მა ხელი შეუწყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. მოვამზადეთ საქართველოს მესაზღვრეები, 1 600-მა ადამიანმა ისარგებლა სამხედრო განათლების მიღებით აშშ-ში. საქართველო აღვჭურვეთ ნატო-სთან თავსებადი აღჭურვილობებით. რომ გადავხედოთ ამ 32 წელს, აშშ არის, თუ ერთადერთი არა, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერი“, – თქვა აშშ-ის ელჩმა.

დღესვე რობინ დანიგინმა აღნიშნა, რომ აშშ-ს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ამ ძალისხმევაში საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს:

„საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება გასული წლის დეკემბერში არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. კიდევ ერთხელ გილოცავთ. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ვიცი, რომ ბევრმა თქვენგანმა ძალიან ბევრი იმუშავა ამის მისაღწევად და ვიცი, რომ კიდევ ბევრს იმუშავებთ მომავალ თვეებსა და წლებში საკანონმდებლო და სხვა აუცილებელი მიმართულებებით, რათა 9 პრიორიტეტი შესრულებულდეს. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ თქვენ მჭიდროდ ითანამშრომლებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საზოგადოების ყველა სეგმენტთან ამ პროცესის წინ წასაყვანად. საბოლოოდ, ქართული საზოგადოების შიგნით კონსენსუსი და ერთიანობა იქნება საჭირო ევროკავშირის წევრობის მისაღწევად“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

ცნობისათვის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში აშშ-ს ელჩის მოსმენა დახურულ რეჟიმში გრძელდება. დიპლომატის მოხსენების შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის ნაწილიდან მედიისთვის დაიხურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g