აშშ-ის ქალაქ ბრუკლინში ფედერალურმა სასამართლომ 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქე მიხეილ ჩხიკვიშვილს, მეტსახელად „მეთაურ ყასაბს“.
ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ჩხიკვიშვილი იყო „მანიაკალურ მკვლელთა დაჯგუფების“ ლიდერი და გამუდმებით მოუწოდებდა უდანაშაულო მოქალაქეების მკვლელობისკენ რასობრივ ნიადაგზე.
„დღევანდელმა გადაწყვეტილებამ [მისთვის 15 წლით პატიმრობის მისჯის შესახებ] ურჩხული მოაშორა ჩვენს ქუჩებს“, – განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ აიზენბერგმა.
ჩხიკვიშვილი მოლდოვის დედაქალაქში დააკავეს 2024 წლის ივლისში, მას მასობრივი თავდასხმების დაგეგმვასა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის წაქეზებაში ედება ბრალი.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, ჩხიკვიშვილი „თეთრი რასის უპირატესობის“ მომხრეა და აღმოსავლეთ ევროპაში „მანიაკური მკვლელობის კულტის“ სახელწოდებით ცნობილ სასტიკ საერთაშორისო ექსტრემისტულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.
ჩხიკვიშვილს ბრალი 2024 წელს დაუსწრებლად წაუყენეს შეერთებულ შტატებში.
2025 წლის 22 მაისს მოხდა ჩხიკვიშვილის ექსტრადირება მოლდოვიდან აშშ-ში;
პატიმრობაში ყოფნისას, 2025 წლის 20 ნოემბერს, მან ბრალი აღიარა.
