LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს აწესებს

119
untitled

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლების ორ ოფიციალურ პირს – შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილს და მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს სანქციები დაუწესა – „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობრივი რეაგირებისას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში მონაწილეობისთვის. ასევე, ჩვენ სანქციებს ვუწესებთ ექსტრემისტული დაჯგუფის ორ ქართველ ლიდერს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, მათ შორის ქართველებზე, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებას იყენებდნენ, ძალადობრივი თავდასხმებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებს იღებს.

„მათ შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, კორუფციაში ჩართული ბიზნესმენები, პირები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს, სამართალდამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

magti 5g