ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება და 95-მილიარდიანი დახმარების პაკეტი გამოჰყო, საიდანაც 61 მილიარდი უკრაინისთვის არის განკუთვნილი. ამასობაში აშშ-ს უწევს ურთიერთობების გარკვევა ჩინეთთან, რომელიც ერთგვარად ორმაგ თამაშს თამაშობს. თავის მხრივ ახლოვდება ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც შესაძლოა ულტრამემარჯვენეების პოზიციები გამყარდეს – სწორედ ამ თემებზე გაამახვილეს ყურადღება გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ წამყვანმა ბუკა პეტრიაშვილმა და გადაცემის სტუმარმა, „რეალპოლიტიკის“ რედაქტორმა აკა ზარქუამ.
დავიწყოთ იმით, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მოაწერა ხელი 95 მილიარდიანი დახმარების რეზოლუციას (უკრაინა, ისრაელი, ტაივანი), საიდანაც 61 მილიარდი გამოყოფილია უკრაინისთვის. ეს იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ცხადია სამხედრო კუთხითაც. საინტერესოა ამ თანხის ჩაშლა და მნიშვნელობაც. რა ვადიან პერსპექტივაშია მნიშვნელოვანი ეს გადაწყვეტილება, რადგან გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს საკმარისი არ იქნება საბოლოო სტრატეგიული გამარჯვებისთვის?
ყველა კომპონენტსა თუ განზომილებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. 7-თვიანი პაუზის შემდეგ, საბოლოოდ მოხერხდა დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
უკრაინისთვის განკუთვნილი 61 მილიარდიდან:
27 მილიარდი დოლარი არის პირდაპირი სამხედრო დახმარება;
23 მილიარდი დოლარი განკუთვნილია აშშ-ის არსენალების შესავსებად (რომლებიც შემდგომ მიეწოდება უკრაინას);
დაახლოებით 7 მილიარდი საბიუჯეტი დახმარებაა;
2 მილიარდია ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორების დახმარება, საჭიროებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება რამდენად საკმარისია? რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ იქნება საკმარისი ომის დასრულებისთვის.
ეს 61 მილიარდი უკრაინას საშუალებას მისცემს, მიმდინარე წელს გაიაროს კრიზისული პერიოდი, შეამცირებს იმის შანსს, რომ ფრონტი ჩამოიშალოს, რისი საფრთხე ბოლო კვირებში სამწუხაროდ იზრდებოდა.
მაღალი ალბათობით უკრაინისთვის ეს წელიწადი იქნება თავდაცვაში დგომის წელი და რეზერვების მოძლიერების, ძალების აღდგენის წელიწადი.
რუსებიც არ არიან გულხელდაკრეფილი, ისინიც იღებენ კონკრეტულ ტექნოლოგიურ დახმარებას, ირანიდან, ჩრდილოეთ კორეიდან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩადის და ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება სანქციების გამოყენების შესაძლებლობა თუ ჩინეთი არ შეწყვეტეს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებას რუსეთისთვის. რამდენად რეალურია სანქციების დაწესება?
ომის დაწყების შემდეგ ჩინეთი ბევრად უფრო ფრთხილად მოქმედებდა, მაგრამ ბოლო თვეებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ორმაგი დანიშნულების პროდუქცია – ჩიპები, დრონები სულ უფრო მეტად მიეწოდება რუსეთს. მიუხედავად სანქციებისა, ეს სექტორი აქტიურია.
ბლინკენის ვიზიტი ალბათ უფრო უნდა აღვიქვათ როგორც ბოლო გაფრთხილება, რომლის შემდეგ ამერიკული ადმინისტრაცია მოწოდებული იქნება გადავიდეს პირდაპირ ქმედებებზე.
გაითვალისწინებენ თუ არაა, ეს დამოკიდებული იქნება ჩინეთის ლიდერის კალკულაციებზე.
ვხედავთ დიდი ცვლილებების ეპოქას ჩინეთში. გასულ წელს გაიმართა კონგრესი, როდესაც მოიშალა დენ სიაოპინის ეპოქა, რაღაცნაირი რესტალინიზაცია მიმდინარეობს ჩინეთის კომპარტიის სისტემაში. ასევე ვხედავთ მზარდ ეკონომიკურ პრობლემებს, უძრავი სექტორის კრიზისია. აქედან გამომდინარე ჭირს იმის თქმა გაითვალისწინებს თუ არა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი გაფრთხილებებს, მაგრამ ალბათ ჩინეთი მაინც პირველ რიგში დაინტერესებულია საკუთარი კეთილდღეობით და მით უმეტეს, რომ რუსეთთან ურთიერთობების უკან არ დგას არანაირი დამავალდებულებელი გარემოებები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წლევანდელი ევროპარლამენტის არჩევნები. ემანუელ მაკრონის გრძელი გამოსვლა სორბონის უნივერსიტეტში ბევრმა საპროგრამოდ აღიქვა. მიიღეს რეზოლუციები, დახურეს მუშაობა და გადაერთვნენ კამპანიაში. როგორია პროგნოზები, ძალთა ბალანსის გადანაწილება. მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით შეიძლება სიურპრიზები ვიხილოთ?
კვლევები აჩვენებს, რომ ულტრამემარჯვენეების პოზიციები ევროპარლამენტში უნდა გაძლიერდეს. თუმცა ჩვენ ვხედავთ ასევე საპირისპირო მცდელობებს. იგივე მაკრონის მხრიდან, რომ ეს სტრატეგიული შემოტრიალება სწორედ ამ თემას მიუძღვნას. ის ცდილობს, რუსეთთან დაპირისპირება აქციოს მთავარ თემად და ულტრამემარჯვენეებს, რომლებიც გასულ წლებში პუტინთან მეგობრობით ამაყობდნენ ან რუსეთთან დაკავშირებით ალტერნატიული განვითარების გზებზე საუბრობდნენ, წინასწარ მოუჭრას გზა და სამარცხვინო გახადოს.
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ულტრამემარჯვენეების პოზიციები გაძლიერდეს ამ არჩევნების შედეგად, აპოკალიპტური განწყობებისა და პროგნოზების გაკეთების საფუძველი არ არსებობს. არ მგონია, რომ შედეგები დრამატულდ შეცვლის ევროკავშირის პოზიციას და ბალანსი ალბათ შენარჩუნდება.
ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე თუ რა სურათი იქნება მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვლენ, რა ტიპის ალიანსები შეიძლება შედგეს. როგორც წესი,ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსების პოზიციები რბილდება ხოლმე, როდესაც ხელისუფლებასთან ახლოს მიდიან.
ფოტო: nytimes