მსოფლიო პოლიტიკა ახლა დონალდ ტრამპის გარშემო ტრიალებს. ზელენსკისთან სკანდალური შეხვედრის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტს კონგრესში ჰქონდა გამოსვლა. როგორც ჩანს, ამერიკული მხარისადმი ნდობის გადახედვა ხდება ევროპაში, რომელიც იწყებს ფიქრს გადაეწყოს და დამოუკიდებლად შეძლოს საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ძირითადად ამ თემაზე ისაუბრა გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა, რომელმაც აღნიშნა: „ტრანსატლანტიკური საფუძვლების სერიოზული რღვევა მიდის, რომელსაც ტრამპმა დაუდო საფუძველი და რომელიც მოითხოვს, რომ ევროპამ საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა და ხარჯი აიღოს“.
რაც შეეხება უკრაინას, თეთრი სახლში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ აშშ-მა უკრაინას დახმარება შეუჩერა, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ომში ჩართულ ქვეყანას. თუმცა ზელენსკიმ მომხდარზე წუხილი გამოთქვა და ასევე აღნიშნა, რომ მზად არის თანამშრომლობაზე. ვითარებას ბოლომდე არ ართულებს ამერიკული მხარეც, რომელიც აცხადებს, რომ ეს არა შეჩერება, არამედ პაუზაა.
„მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონგრესში დონალდ ტრამპის მიმართვას, რაც ყოველწლიური მოვლენაა და ძირითადად ქვეყანაში არსებული ვითარების მიმოხილვას ეძღვნება ხოლმე. ტრამპის გამოსვლა ყველაზე ხანგრძლივი იყო ამერიკის პრეზიდენტების ისტორიაში. მსგავსი გამოსვლები რონალდ რეიგანის დროიდან იწყება. ცხადია ტრამპმა ისაუბრა ქვეყნის შეგნით არსებულ პრობლემებზეც. მან კვლავ გააკრიტიკა ჯო ბაიდენი და ისაუბრა რა წარმატებას მიაღწია თავად მან ამ მოკლე დროში. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება კი ტრამპმა აცნო როგორც მის მიმართ მიწერილი წერილი და წაიკითხა, რომ ზელენსკი მზად არის ტრამპის გუნდის ქვეშ მიაღწიოს მშვიდობას და ასევე მზადაა იშვიათი მინერალების შეთანხმებაზე ხელის მოწერისთვის.
თავად ზელენსკიმ გაითვალისწინა ევროპელების რჩევები. მან ასე პირდაპირ არ მოიხადა ბოდიში, მაგრამ წუხილი გამოთქვა, რაც ოვალურ კაბინეტში მოხდა და რომ საჭიროა ძალისხმევა თანამშრომლობის გასაგრძელებლად და უკრაინა ამისთვის მზად არის. ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მადლიერია ამერიკელების დახმარების.
ყველაზე უარყოფითი შედეგი გახდა ის, რომ აშშ სამხედრო დახმარებას უჩერებს უკრაინას. ეს ის დახმარებაა, რომელიც ჯერ კიდევ ბაიდენის დროს იქნა მიღწეული და კონგრესმა რის ვაი-ვაგლახით დაამტკიცა. შეჩერებულია სადაზვერო ინფორმაციის მიწოდებაც. მარკო რუბიო აღნიშნავს, რომ ეს არის პაუზა. მაგრამ ეს პაუზა რამდენად მძიმე დარტყმა იქნება უკრაინისთვის, ამას დრო გვაჩვენებს. უკრაინელები წარმატებით იგერიებდნენ ცხელ წერტილებში, ძირითადად პოკროვსკის მიმართულებით და სწორედ სადაზვერო ინფორმაციის მეშვეობით ახერხებდნენ რაკეტების გაუვნებელყოფას, რომელსაც ულევად ისვრის ყოველდღიურად რუსეთი.
სამშვიდობო გეგმა. აქ ბუნებრივია ბევრი ელემენტია, მაგრამ საკვანძოა ევროპული ჯარების მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციაში. ეს უფრო იქნება იძულების და მონიტორინგის მისია, სადაც ბევრი დეტალი იქნება შესათანხმებელი. ამას დასჭირდება რუსეთის დათანხმება, რომელიც ამ წუთისთვის რაიმე ფორმით ე.წ. დაშორიშორების ზოლში უცხო ჯარების განლაგების კატეგორიული წინააღმდეგია.
ზელენსკიმ ასევე გაახმიანა, რომ ერთი თვით შეწყდეს ცეცხლი, ჰაერში, ზღვაზე და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. რუსეთი კი ბომბავს, მაგრამ უკრაინული დრონებითაც ხდება ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განადგურება რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე ზღვაზე მუშაობს უკრაინული დრონები. ამ იდეას მხარს უჭერს საფრანგეთი.
თავად მაკრონმა მიმართა ფრანგ ხალხს, მსოფლიოსაც და ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლაში, სადაც რუსეთია მთავარი საფრთხე, აშშ ევროპის მხარეს იყოს. თუმცა ევროპაც მზად უნდა იყოს თუ აშშ აღარ იქნება ევროპის მხარეზე. ამიტომ ევროპამ სწრაფად უნდა დაიწყოს ფიქრი გადაიარაღებაზე. კეთილდღეობისა და უსაფრთხოების სხვაზე მინდობის გულუბრყვილო პერიოდი დასრულებულია და ახლა საკუთარ თავდაცვაზე ზრუნვის დროა“.