აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში უკრაინის უსაფრთხოებისთვის დამატებით $1,85 მილიარდის დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, აშშ უკრაინის გვერდით იქნება, მანამ ამის საჭიროება იქნება.
დახმარების ახალი პაკეტში შედის: „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის ბატარეა და საბრძოლო მასალა; დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ებისთვის; 500 მაღალი სიზუსტის საარტილერიო 155 მმ ჭურვი; ნაღმტყორცნები და ჭურვები მათთვის; 120 მაღალი მობილურობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა (HMMWVs); ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალა , აღჭურვილობა, ტაქტიკურად დაცული კომუნიკაციის საშუალებები.
შინ კარგი ამბებით ვბრუნდები... ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ - Patriot-ის სარაკეტო კომპლექსი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას
ზელენსკის განცხადებით, აღნიშნული დახმარება მნიშვნელოვანია უკრაინის ეფექტური საჰაერო ფარის შესაქმნელად, რაც ერთადერთი გზაა ტერორისტულ სახელმწიფოსთვის ტერორის მთავარი ინსტრუმენტის ჩამორთმევისთვის.
პენტაგონის განცხადებით, პატრიოტის სისტემა უკრაინისთვის მანამდე გადაცემული საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის 21,9 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო. ამასთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, უკრაინისთვის სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარებისთვის 374 მილიონ დოლარზე მეტი USAID-მა გამოყო.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში 21 დეკემბერს ჩავიდა. ომის დაწყების შემდეგ ეს უკრაინის პრეზიდენტის საზღვარგარეთ პირველი ოფიციალური ვიზიტია.
