რუსეთი აშშ-სთან გაფორმებულ “ღია ხმელეთის” ურთიერთგაგების მემორანდუმს აუქმებს. შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა ხელი უკვე მოაწერა.
მემორანდუმის გაუქმების შესახებ მოსკოვში აპრილში, მას შემდეგ განაცხადეს, რაც აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ ახლი სანქციების შემოღების შესახებ განაცხადა. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ შტატების მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთი “ღია ხმელეთის” ურთიერთგაგების მემორანდუმს გააუქმებდა.
რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამინისტრო გადაწყვეტილების შესახებ ამერიკულ მხარეს ინფორმაციას მიაწვდის.
ურთიერთგაგების მემორანდუმი 1992 წლიდან მოქმედებდა და ამერიკელ და რუს დიპლომატებს საშუალებას აძლევდა, ერთმანეთის ქვეყნების სხვადასხვა რეგიონში, ნებართვის გარეშე და მხოლოდ შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე გადაადგილებულიყვნენ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციის საბჭომ ასევე მხარი დაუჭირა “ღია ცის შეთანხმებიდან” გასვლას.
ასევე 1992 წელს ხელმოწერილი და ძალაში შესული შეთანხმება საშუალებას აძლევს მის წევრ 34 სახელმწიფოს, აწარმოონ უიარაღოდ სადამკვირვებლო ფრენები ერთმანეთის ტერიტორიებზე სამხედრო-სადაზვერვო ინფორმაციის ლეგალურად მოპოვებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით.