თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ს უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების $100 მილიონიანი პაკეტი რეზერვში აქვს და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან ჯარის მობილიზებას კვლავ დაიწყებს, ამ თანხას უკრაინას საჭიროების მიხედვით გადასცემენ.
რამდენიმე დღის წინ, თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით, Foxnews-მა დაწერა, რომ აშშ-მ უკრაინისთვის განსაზღვრული $100 მილიონიანი უსაფრთხოების დახმარების პაკეტი გაყინა, მას შემდეგ, რაც ბაიდენ-პუტინის შეხვედრამდე, რუსეთმა თქვა, რომ უკრაინის საზღვრებთან განთავსებულ ჯარს შეამცირებდა.
ამავე თემაზე, გამოცემა Politico-სთან ისაუბრა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, სადაც ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის დამტკიცებული $275 მილიონიანი უსაფრთხოების დახმარების პაკეტი უკვე გადახდილია, ხოლო დამატებითი $100 მილიონიანი პაკეტი სპეციალური შემთხვევებისთვის არის გადადებული.
“როდესაც ჯარი გავიდა, ჩვენ ეს პაკეტი რეზერვში გადავდეთ, იმ შემთხვევისთვის, თუკი მომავალში მისი გამოყენების საჭიროება დადგებოდა. ამის შესახებ იცის რუსეთმა, ეს იცის უკრაინამ, მაგრამ იმის თქმა, რომ ჩვენ თითქოს უკრაინას რაიმე სახის უსაფრთხოების დახმარება შევუჩერეთ, უბრალოდ უაზრობაა,” – თქვა ჯეიკ სალივანმა გამოცემასთან საუბრისას.
