აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა Star Wars-ის მებრძოლი შექმნა, რომელიც უკრაინას დაეხმარება. ინფორმაციას CNN ავრცელებს, რომელიც წერს, რომ Star Wars-ის მებრძოლი X-wing ძალიან მიწიერი ავტოფარეხიდანაა.
იდეა ეკუთვნის აკაკი ლეკიაშვილს, ქართველ ექიმს ატლანტაში, რომელიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ ლეკიაშვილი პროექტზე 6 წელი მუშაობდა და ახლა უკვე მზად არის, თავისი ძალა სიკეთისთვის, “ბოროტების იმპერიასთან საბრძოლველად” გამოიყენოს. მისთვის ეს უკრაინისთვის ფულის შეგროვებას ნიშნავს. ლეკიაშვილის მიერ შექმნილი X-wing-ის ასლი, ორიგინალის მასშტაბის დაახლოებით ორი მესამედი, კონტროლდება უკაბელო დისტანციური მართვის საშუალებით. მას საათში დაახლოებით 4 მილის გავლა შეუძლია. კაბინის შიგნით არის ორი კამერა და სამიზნე სისტემა, რომელიც ლუკ სკაიუოკერმა სიკვდილის ვარსკვლავის გასანადგურებლად გამოიყენა. მას აქვს საკუთარი R2D2, გასაბერი დროიდი. ერთადერთი, რასაც ის არ აკეთებს, არის ფრენა და ლაზერების გასროლა.
მებრძოლმა დღის სინათლე 2022 წლის დასაწყისში იხილა, როდესაც რუსულმა ძალებმა უკრაინაში შეჭრა დაიწყეს. “ბავშვებს სურთ მასზე ჯდომა და ღილაკებზე ხელის დაჭერა, სურათების გადაღება და შემოწირულება. ძალიან კარგ ფულს ვაგროვებთ”, – ამბობს ლეკიაშვილი.
ლეკიაშვილის საბოლოო მიზანია პარტნიორობა არაკომერციულ ორგანიზაციასთან, ან ვინმესთან, ვინც მას დაეხმარება აუქციონზე გამოიტანოს ვარსკვლავური ომების უნიკალური სამახსოვრო ნივთები, მთელი ფული კი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გამოიყენოს.