ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
პეტრო პოროშენკომ ამერიკის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს უკრაინის პოზიციას დონბასში გაერო-ს სამშვიდობო მისიის განთავსების შესახებ.
ეს ინიციატივა პოროშენკომ გაერო-ში გამოსვლისას გააჟღერა.
„შეხვედრისას იყო ძალიან ცოცხალი, თანმიმდევრული დისკუსია აშშ–სა და უკრაინას შორის მომავალი თანამშრომლობის შესახებ. ამერიკამ სრულად დაუჭირა მხარი ჩემს წინადადებებს, რომლებიც ჯერ კიდევ 2015 წელს გავაჟღერე,“ – აღნიშნა პოროშენკომ.
მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს გაერო-ს მისიის მანდატს აღმოსავლეთ უკრაინის მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათ შორის უკრაინა-რუსეთის საზღვრის არაკონტროლირებად ტერიტორიას. პოროშენკოს თქმით, ეს გამორიცხავს რუსეთის ჯარების, შეიარაღებისა და ამუნიციის შეჭრას უკრაინაში და ხელს შეუწყობს მშვიდობას.