“ასრტრაზენეკას” ვაქცინაზე ასაკის დაწევის საკითხი კვლავ განიხილება,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
ონლაინფორმატში გამართული პრესკონფერენციის დროს პაატა იმნაძემ ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი მედდა მეგი ბაქრაძე გაიხსენა და თქვა, რომ ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ძალიან ბევრი გადაზღვევის მექანიზმი მიიღეს, თუმცა მისივე განმარტებით, იმუნიზაციის გარეშე საზოგადოება ნორმალურ ცხოვრებას ვერ დაუბრუნდება:
“მოგეხსენებათ, იმ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, რაც ჩვენთან მოხდა, სამწუხაროდ, ასეთი რეალობა დადგა. შესაბამისად, მიღებული იქნა ძალიან ბევრი გადაზღვევის მექანიზმი, მაგრამ ფაქტია, რომ იმუნიზაციის გარეშე ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდებით.” – თქვა იმნაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს სწორედ “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო.
თავდაპირველად იცრებოდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მოგვიანებით, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ 65 წელს ზემოთ მყოფი, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. ამის შემდეგ საბჭომ “ასტრაზენეკას” გამოყენების ნებართვა მხოლოდ 55 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის გაიცა, 11 მაისიდან კი ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება 55 წლის ნაცვლად, 45 წელს გადაცილებულ პირებშია დაშვებული.