იგი პროფესიის შეცვლას არ გეგმავდა, მაგრამ ერთმა კონკრეტულმა გარემოებამ მიახვედრა, რომ ბავშვობის ოცნება რელობად უნდა ექცია. ასე გაცვალა ექიმის ხალათი დეკორატიულ აქსესუარებში, ჰობი ბიზნესად აქცია და დროთა განმავლობაში სხვა ქალებისთვისაც გახდა მოტივაციის მიმცემი.
თამარ წიკლაური, ხელნაკეთი საქორწილო და სადღესასწაულო აქსესუარების ბრენდის „Atabata Accessories“ დამფუძნებელი:
– აქსესუარები და სამკაული ბავშვობიდან მიტაცებდა, ძალიან მინდოდა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ ტრადიციულ ქართულ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც ქალიშვილი აუცილებლად ექიმი უნდა ყოფილიყო. ჰობის მაშინ დავუბრუნდი, როცა საკუთარი ქორწილისთვის ვემზადებოდი და დიადემების მიმართულებით ბაზრის სიმწირეს შევეჩეხე. გადავწყვიტე, ეს აქსესუარი თავად დამემზადებინა. მან იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა და იმდენად ბევრმა მთხოვა მისთვისაც მსგავსის დამზადება, რომ საკუთარი ბრენდის შექმნა გადავწყვიტე. ბრენდს სახელწოდებად ჩემი ბავშვობის მეტსახელი შევურჩიე. იმ დროიდან მოყოლებული ვცდილობ, განვვითარდე და შევქმნა უნიკალური სამშვენისები, რომლებიც რელიკვიად იქცევა, გარკვეული ემოციის მატარებელი იქნება. „Atabata Accessories“ უკვე 11 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და მიხარია, რომ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ათასობით პატარძლის გახარება შეძლო.

– აქსესუარები მხოლოდ თქვენი დიზაინით იქმნება, თუ მომხმარებლის სურვილებსაც ითვალისწინებთ?
– მხოლოდ საკუთარი დიზაინით რომ შევქმნა, ასე მომხმარებელს მხოლოდ დავკარგავ. ამიტომ ვცდილობ, მოვერგო დამკვეთის სურვილებს, მაგრამ ამავდროულად დავამზადო ისეთი მოდელებიც, რომლებიც კლასიკად შეიძლება ჩაითვალოს, რომელთა დიზაინს მსოფლიო მოდა განსაზღვრავს.
– სამშვენისების ბაზარი საქართველოში საკმაოდ კონკურენტულია. როგორ ახერხებთ, შეინარჩუნოთ საკუთარი ნიშა?
– კონკურენცია წლიდან წლამდე იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა დიდია. მიხარია, რომ ბევრი ქალი ცდილობს საკუთარი ბრენდის შექმნას. თუკი ადრე სამკაულსა და აქსესუარებზე მუშაობა უბრალოდ ხელსაქმედ ითვლებოდა, ახლა ეს ბიზნეს მოდელია, რომლითაც ჩვენი სოციუმის გაძლიერებაა შესაძლებელი. ამაში დიდ როლს თამაშობს სხვადასხვა სახის სწავლებაც. მეც ერთ-ერთი დიდი პროექტის გამოზრდილი ვარ, რომელმაც ფასდაუდებელი ცოდნა მომცა – ეს იყო USAID YES GEORGIA, რომელსაც ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა ჰქონდა. ანუ მხოლოდ საკუთარი იდეებით და შესაძლებლობებით ბაზარზე ადგილს ვერ დაიმკვიდრებ, თუ სპეციფიკური ცოდნაც არ გაქვს. მართალია, მეც ხშირად ვატარებ მასტერკლასებს ქალბატონებისთვის და მათ საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებ, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, აუცილებელია საბაზისო ცოდნის შევსება და შემდეგ მისი პრაქტიკაში გამოყენება. რაც შეეხება ბაზარზე დამკვიდრებისა და შენარჩუნების სტადიას, ეს მუდმივად განვითარებასა და სიახლის ძიებას გულისხმობს, რადგან ერთი და იგივე პროდუქტი ყოველთვის აქტიურად არ იყიდება. ამასთან, არ უნდა შეგეშინდეს არასტაბილურობის. დაღმასვლას ყოველთვის მოსდევს აღმასვლა. თუ არ გაჩერდები, ყოველთვის გამოჩნდება უკეთესი გზა.

– ალბათ, მიღწეულით რომ არ დაკმაყოფილდით და მუდმივად განვითარებაზე ბრძანდებით ორიენტირებული, ამის დასტურია ყოველწლიური საქორწილო გამოფენა, რომელსაც თბილისი წელს მეოთხედ უმასპინძლებს და რომელიც თავის წარმოჩენის შესანიშნავ შესაძლებლობად იქცა იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც სწორედ საქორწილო სერვისებსა და პროდუქციას სთავაზობენ მომხმარებლებს.
– წელს საქორწილო გამოფენა 22 მარტს, სასტუმროში „ბილტმორი“ ჩატარდება. ეს არის პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საქორწილო და არა მხოლოდ საქორწილო სექტორში მოქმედ კომპანიებს. ის განსაკუთრებით ახალბედების წახალისებას ცდილობს. ეს არის სივრცე, სადაც პატარძალს შეუძლია სრულად დაგეგმოს საქორწილო ღონისძიება – კაბით დაწყებული, თაიგულით, დეკორით, ფოტოგადაღებით და სხვა არაერთი ნიუანსით გაგრძელებული. გამოფენის ყოველწლიურობა ნიშნავს, რომ კომპანიები ამ შესაძლებლობას სწორი რაკურსით ხედავენ. სხვათა შორის, ეს პროექტი არა მხოლოდ ადგილობრივ ქორწილებზეა ორიენტირებული, ის ტურისტული სექტორისთვისაცაა საინტერესო, რადგან ბოლო დროს არაერთ უცხოელ წყვილს სურს საქართველოში ქორწინება და მისი სათანადოდ აღნიშვნა. ჩვენს ღონისძიებაზე ამისთვის საჭირო ყველა სერვისი იყრის თავს, შესაბამისად, ტურისტულ კომპანიებს აღარ უწვეთ დროის ხარჯვა ამ სერვისების სხვაგან ძიებაში.

– უცხოელი წყვილების საქართველოში დაქორწინების სურვილი აღნიშნეთ და, ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში აქტუალური გახდა საქორწინო ტურიზმის თემა. მეტიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქორწინო ტურიზმის პოპულარიზაციისთვის 593 000 დოლარის დახარჯვას აპირებს. მოდით, საქორწინო ტურიზმის განვითარების პერსპექტივასაც შევეხოთ თქვენი საქმიანობის ჭრილში – აქვს კი მზაობა ბაზარზე თქვენს სეგმენტს, ამ მიმართულებით გამოწვევებს რომ უპასუხოს?
– საქართველო ერთ-ერთი საოცარი ქვეყანაა, სადაც ყველა სეზონზე მოიძებნება ზღაპრული სივრცეები სწორედ ქორწილის დასაორგანიზებლად და სამასპინძლოდ, ქართულ გასტრონომიულ შესაძლებლობებზე რომ აღარაფერი ვთქვა. უბარალოდ, მეტად ინფორმირებულობაა საჭირო, რადგან, სამწუხაროდ, ქართული კომპანიები კი არ უწევენ პოპულარიზაციას ამ მიმართულებას უცხოეთში, უცხოური კომპანიები უფრო არიან დაინტერესებულნი, რომ საქართველოში გამართონ ქორწილები. ვისურვებდი, ქართულმა ტურისტულმა კომპანიებმა სწორად შეაფასონ ეს რესურსი, რადგან ჩვენს ქვეყანაში ქორწინების რეგისტრაცია, ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, ძალიან მარტივია, რაც ტურისტებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია. საქართველოში ბევრი კარგი საქორწილო კომპანიაა, რომელიც საჭიროებს შემჩნევას და ფართო ასპარეზზე წარმოჩენას.
– „ატაბატას“ სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ.
– ვცდილობ, ახალი და ახალი კოლექციები შევთავაზო მომხმარებლებს. ცოტა ხნის წინ პატარა და ძვირფასო ქვებით შევქმენი სამშვენისები, რომლებიც უჭკნობი ყვავილის, მარადიული სიყვარულის განსახიერებად ჩავიფიქრე. მინდა, რომ ეს ხაზი უფრო მეტად განვავითარო, რათა „ატაბატას“ სამკაულმა მის მფლობელებს მრავალჯერადად გაულამაზოს ცხოვრება.