LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატამი – მუდმივი სიცოცხლის ნაყოფი

93
atami1

ატამი ვარდისებრთა ოჯახის მცენარეა. მისი სამშობლოა ჩინეთი. მის გვარში 6 სახეობაა. მათგან, ყველაზე მეტად, გავრცელებულია ჩვეულებრივი ატამი. დანარჩენ სახეობებს უმთავრესად დეკორატიულ მებაღეობაში და კულტურული ჯიშების საძირეებად იყენებენ. ატმის 5 000-მდე კულტურული ჯიში არსებობს. მისი ნაყოფი სახრავია ან საპობი, კანი მომწვანო, თეთრი, ყვითელი, ან მოწითალო, შებუსული ან გლუვი (ვაშლატამას სახით), რბილობი – თეთრი ან ყვითელი.

ატმის შემადგენლობის 12% -შაქარია, 1% -მჟავები, 1% – პექტინოვანი ნივთიერება. გარდა ამისა, შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, მინერალებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ატმის ზეთს, რომელიც მისი თესლისგან მიიღება, მედიცინაში ნუშის ზეთის იაფ შემცვლელად იყენებენ. ატმის თესლი შეიცავს 55%-მდე უშრობ ცხიმს, ცილებს, ფერმენტ ემულსინს, გლიკოზიდ მიგდალინს, ეთერზეთებს და სხვა. თესლის ჭამა არ შეიძლება – შესაძლოა მოგწამლოთ. თუ, ადვილად ცივდებით, ბევრი ატამი უნდა მიირთვათ. დამტკიცებულია, რომ ეს ხილი იმუნურ სისტემას აძლიერებს, მაგრამ თუ კუჭი ან წარბი წონა გაწუხებთ, მაინც და მაინც ნუ მიეძალებით.

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ამ უგემრიელეს ხილს სამკურნალო თვისებებიც აქვს. იგი აძლიერებს კუჭნაწლავის სეკრეტორულ მოქმედებას, აადვილებს მძიმე საკვების მონელებას. ატმის კომპოტი რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმელებისა და გულსისხლძარღვთა პათოლოგიების დროს. შაქრიანი დიაბეტითა და სიმსუქნით დაავადებულთათვის ატმის კომპოტს უშაქროდ ამზადებენ. გარდა ნაყოფისა, სამკურნალოდ იყენებენ ატმის ფოთლებს, ყვავილებსა და თესლს. მაგალითად: ფოთლის ნატურალურ წვენს, 3-6 მლ, იღებენ რევმატიზმის, გასტრიტის, თავის ტკივილისა და კანის გამკვრივების დროს, ხოლო ახალმოკრეფილ ფოთლებს ჭრილობის მოსაშუშებლად იყენებენ.


ატამი მდიდარია კაროტინით, რომელიც აუმჯობესებს მხედველობას. მისი უჯრედები არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას, A, C და B ჯგუფის ვიტამინები კი ამაღლებს იმუნიტეტს. ამიტომ, თუ ადვილად ცივდებით, მიირთვით ატამი. კალციუმი, მაგნიუმთან და D ვიტამინთან ერთად, ამაგრებს ძვლებს, ხოლო ხილის მჟავები ათეთრებს და აახალგაზრდავებს კანს. ატამს ჩინელები მუდმივი სიცოცხლის ნაყოფს უწოდებდნენ. სჯეროდათ, რომ ვინც ამ ხილს შეჭამდა ეზიარებოდა უკვდავებას, მუდმივ ახალგაზრდობას და შეიცნობდა ჭეშმარიტებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები