LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები NASA-ში გაემგზავრებიან – რა ინოვაციური პროექტები წარადგინეს ქართველმა მოსწავლეებმა

104
1

აშშ-ში NASA-ს საზაფხულო ბანაკში გამგზავრება – ეს არის ათასწლეულის ინოვაციის მთავარი პრიზი, რომელიც კონკურსში გამარჯვებულმა გუნდმა “ელფებმა” მოიპოვა.

გუნდმა გამარჯვება მოიპოვა პროექტით: “კარბონის ნანობოჭკოების გამოყენებით დაბალ ძაბვაზე ფუნქციონირებადი ჰაერის იონიზატორის კონსტრუირება”.

გუნდში ხუთი მოსწავლეა – ანასტასია ჩალაგაშვილი (მე-6 საავტორო სკოლა), პანტელეიმონ კობახიძე (სკოლა „აია-GESS“), მარიამ მიქაძე (სკოლა „აია-GESS“), მარიამ მაღრაძე (სკოლა „აია-GESS“) და გეგა ხაჩიძე (ვ. კომაროვის N199 საჯარო სკოლა).

პროექტის მიზანია დახურულ სივრცეში ჰაერის ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სპორებისგან და მტვრის ნაწილაკებისგან გაწმენდა, დანადგარის საშუალებით, რომელიც ახდენს ჰაერში მყოფი სხვადასხვა მოლეკულების იონიზაციას.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე მეშვიდე წელია ტარდება და მისი მიზანი საბუნებისმეტყველო-საინჟინრო დარგების და ინოვაციების ხელშეწყობაა.

კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, კონკურსის ჟიურიმ მოსწავლეებისგან შემდგარი სამი ინოვატორი გუნდი გამოავლინა.

პირველ ადგილზე გასული გუნდი აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის (NASA Space Center University) საზაფხულო სკოლაში მიიღებს მონაწილეობას.

მეორე ადგილზე გასული გუნდი „Memory Effect“ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, ასევე საერთაშორისო STEM ბანაკში მიიღებს მონაწილეობას.

მესამე ადგილზე გასული გუნდის „Goal Diggers” წევრებს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი — საქპატენტი პერსონალურ კომპიუტერებს გადასცემს”, – განაცხადა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

ათასწლეულის ფონდის ინფორმაციით, მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა, რომელიც შედგება კომაროვის თბილისის #199 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან, შექმნეს „სმარტ კოსტიუმი“ ნითილონის ნივთიერების გამოყენებით, რომელიც აფიქსირებს ადამიანის სხეულის მოძრაობას და ამოძრავებს კიდურებს ნითინოლში დენის გატარების საშუალებით.

“სმარტ კოსტიუმს” შეუძლია სამედიცინო რეაბილიტაციაში ადამიანების დახმარება, რომლებსაც გადატანილი დაავადების ან ტრავმების შედეგად შეზღუდული აქვთ ფიზიკური შესაძლებლობები.

მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა „Goal Diggers”, რომელიც შედგება გორის, მესტიის, ქუთაისის და სენაკის სკოლის მოსწავლეებისგან, შექმნეს რობოტი მასწავლებელი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მასწავლებლის დამხმარე „კოლეგა“.

რობოტის გამოყენება სასწავლო პროცესში მარტივი და სახალისოა. ის მოსწავლეს ეხმარება შეისწავლოს ანბანი, ფერები, გეომეტრიული ფიგურები და პირობითი ნიშნები, ასევე შეამოწმოს თუ რა ისწავლა მოსწავლემ და აძლევს შესაბამის უკუკავშირს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2014 წლიდან მხარს უჭერს აშშ-ის საელჩო საქართველოში:

“კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური პროექტების და იდეების განხორციელების წახალისება. ძალიან ვამაყობთ ამ კონკურსით და მოხარულები ვართ, რომ ყოველწლიურად კონკურსში მონაწილეობას იღებს როგორც თბილისის, ასევე რეგიონის სკოლების მოსწავლეები”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების გალა ცერემონიაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა:

“დღეს ჩვენ ყველამ ვნახეთ შემოქმედებითად დაჯილდოებული ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი დრო მოახმარონ ახლის ძიებას.

ჩვენ ვნახეთ ინოვაციური იდეები და ამ იდეების ხორცშესხმა. ასეთი ღონისძიებები უწევენ დახმარებას და აძლევენ იმპულსს ახალგაზრდებს იმისთვის, რომ მათ იფიქრონ ინოვაციურად, საკუთარი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და იფიქრონ აქედანვე, რომ მეცნიერება მიმართული უნდა იყოს გარკვეული სიახლეებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში”.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება კიდევ უფრო გვაახლოებს თანამედროვე მსოფლიოსთან და ხელს უწყობს ახალი თაობის გამომგონებლების, ინჟინრებისა და სტარტაპების გაძლიერებას.

“ჩვენი მთავრობის და სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, ზუსტად რომ ტექნოლოგიების და საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო განათლების განვითარება წარმოადგენს”, – განაცხადა ჩხენკელმა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მეშვიდედ ჩატარდა.

ათასწლეულის ფონდის ინფორმაციით, 2020-2021 წლის კონკურსში მონაწილეობა 300-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურის პირველ ეტაპზე 64 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც 45% – თბილისიდან, ხოლო 55% – რეგიონის სკოლებიდან იყო.

კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა თერთმეტი გუნდი თბილისის, გარდაბნის, გორის, რუსთავის, მესტიის, ქუთაისის და სენაკის სკოლებიდან.

“ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსში დღეისათვის 2,000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები