LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათერომა

112
ათერომა

ათერომა კისტოზური წარმონაქმნია. შიგთავსს სქელი, ფაფისებრი მოყვითალო მასა ქმნის, რომელიც შეიცავს ამორფულ და კრისტალურ ცხიმოვან ნივთიერებებს ეპითელურ უჯრედებთან ერთად. კისტის შიგთავსს ზოგჯერ უსიამოვნო სუნი აქვს.

ათერომა, ჩვეულებრივ, სხეულის ქონის ჯირკვლებით მდიდარ უბნებში გვხვდება. მისი დიაგნოსტირება მხოლოდ ექიმ-სპეციალისტს შეუძლია ჰისტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. ათერომა რამდენიმე სახეობად იყოფა: ეპიდერმული კისტა, დერმოიდული კისტა, მრავლობითი სტეატოცისტომა. კლინიკური გამოვლინებითა და მკურნალობის თვალსაზრისით ყველა მათგანი მსგავსია, ამიტომაც მათ პირობითად ათერომებად მოიხსენიებენ. ათერომის განვითარებაში გარკვეულ როლი ეკოლოგიურ ფაქტორებს, არასწორ კვებასა და ცხოვრების არაჯანსაღ წესსაც ენიჭება.

ათერომა ყველაზე ხშირად თავის თმიან ნაწილში, კისრისა და სახის არეში გვხვდება. შესაძლოა გამოვლინდეს ხელზე, ზურგისა მიდამოში და სხვა. ათერომა ორივე სქესის ადამიანებს ნებისმიერ ასაკში შეიძლება განუვითარდეთ. შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი. დათვალიერებისას ის მრგვალი ფორმის სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნია, თუმცა სიმსივნე არ არის. რბილი კონსისტენციისაა, ზომით 5-დან 40 მმ-მდე. ათერომა, როგორც წესი უმტკივნეულოა. ის შესაძლოა წლების განმავლობაში არ გაიზარდოს და მცირე ზომის დარჩეს, ან საკმაოდ მოკლე ხანში საგრძნობლად გადიდდეს.

დაჩირქების დროს ათერომა, გარდა იმისა, რომ იზრდება, მტკივნეულიც ხდება. ამ დროს მიმდებარე ქსოვილები შუპდება, კანი ათერომის ზედაპირზე წითლდება, ზოგჯერ ტემპერატურაც იმატებს. ათერომის მოცილება ადგილობრივი ანესთეზიით ხდება. პრეპარატებითა და სხვადასხვა მალამოთი მისი გაწოვა-განკურნება შეუძლებელია. თუ ათერომა თავის თმიან ნაწილშია ლოკალიზებული, კლასიკური ქირურგიული მეთოდით მისი მოცილებისას აუცილებელი ხდება თმის საფარველის მოპარსვა. ლაზერული ან რადიოტალღური მეთოდებით მკურნალობისას ამის საჭიროება არ არის. ოპერაციის ჩატარების შემდეგ ამოკვეთილი ათერომის მასალა აუცილებლად უნდა გადაიგზავნოს ლაბორატორიაში ჰისტოლოგიური კვლევისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები