LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათეროსკლეროზი

74
ატეროსკლეროზი

ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც არტერიის კედლები სქელდება და სისხლის მიმოქცევა ძნელდება. დაავადება შუახნის და ასაკოვან ადამიანებს ემართებათ, თუმცა არ არის გამორიცხული, ათეროსკლეროზული ცვლილებები ბავშვებსაც (ახალშობილებსაც კი) აღმოაჩნდეთ. განსაკუთრებით სარისკოა ასაკის (35 წლის ზემოთ) და სტრესის თანხვედრა. დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით ფაქტორს. ათეროსკლეროზის განვითარებას ხელს უწყობს ზოგიერთი დაავადებაც, მათ შორის – შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, პოდაგრა, ნაღველკენჭოვანი დაავადება. დაავადების კიდევ ერთი რისკფაქტორია – მაგრამ არა უშუალო მიზეზი – ცხოველური ცხიმის ჭარბი მიღება. ათეროსკლეროზის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ფიზიკური აქტივობის სიმცირე, ფსიქოემოციური გადაძაბვა, ნერვული სისტემის ტრავმა, ცხოვრების დაძაბული რიტმი, ხმაური, სპეციფიკური სამუშაო გარემო და სხვა.

ჯანმრთელი ადამიანის სისხლი თავისუფლად მიედინება არტერიებში, აღწევს სხეულის ყველა უბანს და მას ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. სისხლში არსებული ჭარბი ქოლესტერინი სისხლძარღვების შიგნითა ზედაპირზე ილექება და წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს, რომლებიც უმთავრესად ცხიმისა და კალციუმისგან შედგება. დროთა განმავლობაში ათეროსკლეროზული ფოლაქის ზედაპირზე ილექება თრომბოციტები და ცილები და ჩნდება თრომბი. თრომბი იმით არის საშიში, რომ შეიძლება მოწყდეს ნაწილი, რომელიც სისხლის ნაკადის მეშვეობით მანამდე გადაადგილდება სისხლძარღვში, ვიდრე სადმე არ გაიჭედება. დახშული სისხლძარღვი სისხლის მიმოქცევას მკვეთრად არღვევს. რომელიმე ორგანოს სისხლი აღარ მიეწოდება და ის კვდება. გულის მკვებავი სისხლძარღვის დაზიანებისას მიოკარდიუმის ინფარქტი ვითარდება, ხოლო თუ ათეროსკლეროზმა თავის ტვინის მკვებავი არტერია დააზიანა, მოსალოდნელია ინსულტი. დაავადება წლობით მიმდინარეობს, ნელ-ნელა პროგრესირებს და უფრო და უფრო მეტ სისხლძარღვს აზიანებს.

ავადმყოფის ჩივილების საფუძველზე ექიმი გამოკვლევის გეგმას ადგენს. პირველ ყოვლისა, აუცილებელია სისხლის ბიოქიმიური ანალიზი და ქოლესტერინის დონის განსაზღვრა. შემდეგ, საჭიროებისამებრ, ტარდება გამოკვლევა. სისხლძარღვთა მდგომარეობის შესასწავლად მიმართავენ კორონაროგრაფიას, რომლის მეშვეობითაც ზუსტად განისაზღვრება ათეროსკლეროზული ფოლაქის ადგილმდებარეობა. ჯანმრთელობის შენარჩუნება რადიკალური ჩარევის გარეშეც შეიძლება. მაგალითად, თუ ფეხების ტკივილი იგრძენით, სიარულს კი არ უნდა მოუკლოთ, არამედ მოუმატოთ. ტკივილის აღმოცენებისას შეისვენეთ, შემდეგ კი, როცა ტკივილი გაგივლით, ოდნავ უფრო ნელ ტემპში განაგრძეთ სიარული. დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესს: ჯანსაღ კვებას, სიგარეტის მიტოვებას, ექიმთან დროულ ვიზიტსა და პროფილაქტიკურ გამოკვლევას. არსებობს პრეპარატებიც, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის შემცველობას ამცირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები