კორონავირუსის გავრცელება ნამდვილად სერიოზული პრობლემაა. ორ თვეზე ნაკლებ დროში ვირუსმა 90-ზე მეტ ქვეყანაში შეაღწია. ამ დროისათვის საერთო ჯამში ინფიცირებულია 110 616 პირი. ვირუსს უფრთხიან იმდენად არა მისი ლეტალურობის, არამედ სწრაფად გავრცელების უნარის გამო. თუმცა, კორონავირუსთან ერთად მსოფლიოში „შიშის პანდემიაც“ ბობოქრობს. მსოფლიოს მედიასაშუალებათა აბსოლუტური უმრავლესობის ყურადღების ეპიცენტრში დღეს სწორედ კორონავირუსია. მსოფლიო ემზადება მოვლენების კიდევ უფრო ცუდი სცენარით განვითარებისთვის, Covid-19 კი უკვე გასცდა სამედიცინო პრობლემის ჩარჩოებს. მისი გავლენა საგრძნობია ბიზნესსა და პოლიტიკაზეც. მიუხედავად ამისა, ესპანელი მიკრობიოლოგის იგნასიო ლოპეს-გონის აზრით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. სტატიაში ნავარას უნივერსიტეტის პროფესორი ასახელებს ათ მიზეზს, რის გამოც მსოფლიო პანიკაში არ უნდა ჩავარდეს:
1. ჩვენ უკვე ვიცით, რასთან გავქვს საქმე
შიდსის პირველი შემთხვევა 1981 წელს გამოვლინდა, თუმცა დაავადების გამომწვევი ვირუსის გამოსავლენად მეცნიერები ორი წელი მუშაობდნენ. „კოვიდ-19“-ის შემთხვევაში ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ვირუსის გენომი „კოვიდ-19“ -ის გამოჩენიდან 10 დღეში გაიშიფრა და ხელმისაწვდომი გახდა. მსოფლიომ უკვე იცის, რომ Covid-19 არის ახალი ტიპის კორონავირუსი, 2B ჯგუფიდან, რომელიც კორონავირუსების იმავე ტიპს მიეკუთვნება, რომელსაც SARS. გენეტიკურმა ანალიზმა უჩვენა, რომ ვირუსი ბუნებრივად წარმოიქმნა და სავარაუდოდ, მისი პირველწყარო ღამურები უნდა იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის, მისი მუტაციის მაჩვენებელი არც ისე მაღალია.
2. ჩვენ უკვე ვიცით, როგორ ვიპოვოთ ის
„კოვიდ-19“-ის გამოსავლენად ტესტი 13 იანვრიდან უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც.
3. ეპიდემიის ეპიცენტრში სიტუაცია უმჯობესდება
Covid-19 პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გამოჩნდა, თუმცა ჩინეთის მთავრობის მიერ დაწესებული მკაცრი კონტროლისა და იზოლაციის ზომები შედეგს უკვე იძლევა. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ჩინეთში ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იკლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეპიდაფეთქებები, ძირითადად, სპეციფიკურ რეგიონებში ხდება, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის და მისი კონტროლის უკეთეს საშუალებას იძლევა.
4. Covid-19-ის შემთხვევათა 80 % მსუბუქად მიმდინარეობს
ახალი კორონავირუსი ძირითადად, სიმპტომების გარეშე ან მსუბუქად მიმდინარეობს. ასე ხდება საერთო შემთხვევათა 81%-ში. სტატისტიკის თანახმად, ვირუსს გართულებები მოჰყვება 14%-ში. რისკ-ჯგუფში მყოფ პაციენტებს ძირითადად პნევმონია უვითარდებათ, მათ 5%-ში მდგომარეობა შეიძლება კრიტიკული გახდეს და ლეტალურად დასრულდეს.
5. ათეულობით ათასი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა
ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსისაგან გამოჯანრთელებულთა რაოდენობა 13-ჯერ აღემატება გარდაცვლილთა რაოდენობას. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მთელ მსოფლიოში Covid-19-ისაგან უკვე 62 397 ადამიანი განიკურნა და ეს რიცხვი ყოველდღე მატულობს.
6. Covid-19-ს ძალიან იოლად უმკლავდებიან ბავშვები
თუკი ახალ კორონავირუსზე შეგვიძლია ვთქვათ რაიმე კარგი, ეს სწორედ ის არის, რომ 20 წლამდე ასაკის ადამიანები Covid19-ით ძალიან იშვიათად ავადდებიან. ამ დროისათვის ისინი დაავადებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ სამ პროცენტს შეადგენენ. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ ასაკობრივ კატეგორიაში 0,2%-ს შეადგენს. ბავშვებში კორონავირუსის შემთხვევები ძალიან იშვითია, სიმპტომები კი იმდენად მსუბუქი ფორმით ვლინდება, რომ შესაძლოა, შეუმჩნეველიც კი დარჩეს.
7. დეზინფექცია Covid-19-თან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა
ვირუსის მოშორება ნებისმიერი ზედაპირიდან შესაძლებელია ეთანოლის ხსნარით (62-71-პროცენტიანი სპირტი), წყალბადის ზეჟანგით (0,5-პროცენტიანი) ან ნატრიუმის ჰიპოქლორიდით. ამას სულ რაღაც ერთი წუთი სჭირდება. ინფიცირების პრევენციის ყველაზე ეფექტიანი გზა საპნით ხელის ხშირი დაბანაა.
8. მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ვაქცინასა და მედიკამენტებზე
მთელი მსოფლიოს მეცნიერები თანამშრომელობენ Covid-19-ის ვაქცინის შესაქმნელად. მთელ მსოფლიოში კოორდინირებულად მიმდინარეობს კვლევები ახალი კორონავირუსის ვაქცინასა და სამკურნალო მეთოდებზე. გრძელდება სხვადასხვა სახის ეპიდემიოლოგიური, დიაგნოსტიკური და გენეტიკური კვლევები და კლინიკური გამოცდები.
9. უკვე შემუშავებულია ვაქცინის პროტოტიპი
გრძელდება მუშაობა ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე და უკვე არსებობს მისი პროტოტიპებიც. ამ ეტაპზე მეცნიერები მსოფლიოს მასშტაბით რვა პროექტზე მუშაობენ. ქუინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა (ავსტრალია) უკვე განაცხადა, რომ მათ ვაქცინის პროტოტიპი შექმნეს, რომელიც ახალ მოლეკულურ ტექნოლოგიაზე, ე.წ. „მოლეკულურ სამაგრზეა“ დაფუძნებული. პროტოტიპების გამოცდა ადამიანებზე მალე დაიწყება.
10. უკვე მიმდინარეობს ანტივირუსული პრეპარატების გამოცდა
თუ ვაქცინა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის არის საჭირო, ანტივირუსული მედიკამენტები არსებული შემთხვევების მართვისათვის შეუცვლელი საშუალება იქნება. ამ ეტაპზე ახალ კორონავირუსს სიმპტომურად მკურნალობენ, თუმცა სპეციალურად ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი მედიკამენტი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, არსებობს პრეპარატი „რემდესივირი“, რომლის კლინიკური გამოცდა ადამიანებზე უკვე დაწყებულია. ეს პრეპარატი ებოლას საწინააღმდეგოდ შეიქმნა, თუმცა კლინიკურად წარმატებული არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მაიმუნებზე ჩატარებული ცდების შემდეგ, სადაც „რემდისივირმა“ თითქმის 100%-ით გაანადგურა კიდევ ერთი კორონავირუსის, MERS-ის შტამი, დაიწყო მისი გამოცდა Covid-19-ით ინფიცირებულებზეც.
ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი პოტენციური სამკურნალო პრეპარატია „ქლოროქინი“, რომელსაც მალარიის სამკურნალოდ იყენებდნენ. მისი ძლიერი ანტივირუსული მოქმედება ცნობილია. „ქლოროქინი“ ვირუსს რეცეპტორულ დონეზე ბლოკავს და ხელს უშლის მის ორგანიზმში მოხვედრას.
სხვადასხვა კვლევის ავტორები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანების სხეულში არსებული ანტისხეულების გამოყენებასაც სთავაზობენ.