ექსპორტირებული ატმის მოცულობა 2193 ტონას შეადგენს, მაშინ როცა, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 255 ტონა იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედარაციაში (68%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (19%), ყაზახეთის რესპუბლიკაში (11%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება. დაახლოებით 10 000 ტონამდე ატამი ადგილობრივ ბაზარზეა რეალიზებული.
4 ივლისის მონაცემებით, პირველი და მეორე ხარისხის (საექსპორტო/სარეალიზაციო) ვაშლატამას ფასი 50-დან 60 თერამდე, ხოლო ატმის – 60-დან 90 თეთრამდე მერყეობს. მესამე ხარისხის, გადასამუშავებელი ატმის/ვაშლატამას ფასი 25-35 თეთრია.
როგორც „ფორტუნას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფერმერებს შეხვდა და ატმის კრეფისა და ჩაბარება-რეალიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. უწყებაში აცხადებენ, რომ ცუდი კლიმატური პირობების მიუხედავად, წელს ატმის კარგი მოსავალია და არც რეალიზაციის პრობლემა არსებობს.
“ქართული ხილის კომპანია“ 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზეა გადასული. გახსნილია 20-მდე მიმღები პუნქტიც, სადაც ჩაბარებული ატამი პირდაპირ ექსპორტზე გადის. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟოსამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას“ – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.