„სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტზე მყისიერი რეაგირების შედეგად, იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი (გ.უ.)“, – ამის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოკვლევის ფარგლებში აღებულია ატმის ნიმუშები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები საზოგადოებას დამატებით ეცნობება.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში, ატმის ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები საზოგადოებას დამატებით ეცნობება.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა სახის საკვებ პროდუქტს რეგულარულად ამოწმებს.
სპეციალისტების მიერ სისტემატურად მიმდინარეობს მონიტორინგი; ხილი, ბოსტნეული და ბაღჩეული მოწმდება სხვადასხვა მაჩვენებელზე – პესტიციდებზე, მძიმე მეტალებზე, რადიონუკლიდებზე, ნიტრატებზე. კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და მედიასაშუალებებით მიეწოდება საზოგადოებას; ასევე, ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე nfa.gov.ge
გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები ახორციელებენ საექსპორტო ტვირთების ფიტოსანიტარიულ შემოწმებას და სერტიფიცირებას“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის, ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა.
📢 სურსათის ეროვნული სააგენტო – ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში…
Posted by სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency on ოთხშაბათი, 09 ივლისი, 2025