Amazon, Google და Meta – მხოლოდ რამდენიმე მათგანია, ვინც მეტი ატომური ენერგიის წარმოებას ითხოვს. ამასწინანდელი კონფერენციის კულუარებში, ტექნიკური გიგანტები შეთანხმდნენ მხარი დაუჭირონ გლობალური ბირთვული ენერგიის გასამმაგებას 2050 წლისთვის.
სულ 31 ქვეყანამ და ატომური ინდუსტრიის 140 კომპანიამ ხელი მოაწერეს ვალდებულებას 2050 წლისთვის ატომური ენერგიის სიმძლავრეების სამჯერ გასაზრდელად. მსოფლიო ბირთვული ასოციაციის (WNA) მონაცემებით, მსოფლიოში ელექტროენერგიის დაახლოებით 9% ამჟამად ბირთვული ენერგიით გამოიმუშავება.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ურანზე ფასი გაიზარდა, რაც დაკავშირებულია გეოპოლიტიკურ დაძაბულობასა და მოთხოვნაზე ზრდის პროგნოზებზე. ერთ-ერთი ფაქტორია რუსეთის შეჭრა უკრაინაში და შემდგომ მოსკოვისთვის დაწესებული სანქციები.
აშშ-ის მთავრობის მონაცემებით, რუსეთს გააჩნია მსოფლიოს ურანის გამდიდრების შესაძლებლობების დაახლოებით 44%.

მოსკოვზე ასეთი დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ წელს შემოიღო კანონი, რომელიც კრძალავს ურანის იმპორტს რუსეთიდან. დაუშვეს გარკვეული მიწოდებების გაგრძელება 2027 წლის ბოლომდე, მაგრამ შემდეგ რუსეთმა მიიღო საპასუხო ზომები აშშ-ში ურანის ექსპორტის დროებითი აკრძალვით.
ექსპერტების თქმით, ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ როგორც ელექტროსადგურების ოპერატორები, ასევე საწვავის მიმწოდებლები ყოყმანობენ პირველებმა აიღონ ვალდებულებები. ბირთვული ენერგიის მწარმოებლებს არ სურთ ხელი მოაწერონ გრძელვადიანი მიწოდების ხელშეკრულებებს, თუ არ ეცოდინებათ, რომ აშენდება ურანის გადამამუშავებელი ქარხნები. მეორეს მხრივ, გადამამუშავებლებს არ სურთ გაფართოება, თუ მათ არ აქვთ შეთანხმებები მყიდველებთან.
ბუნებრივი ურანის მიწოდება
რაც შეეხება ბუნებრივ ურანს, შეერთებული შტატების მთავარი მომწოდებლები არიან კანადა, ავსტრალია და ყაზახეთი.
ევრატომის მონაცემებით, 2023 წელს ევროკავშირისთვის ბუნებრივი ურანის ძირითადი მომწოდებლები იყვნენ კანადა (32.94%), რუსეთი (23. 45%) და ყაზახეთი (21 %). შიდა მიწოდება შეადგენდა 0%-ს.

როგორია ბირთვული ენერგიის მომავალი ევროკავშირში?
ბირთვული ენერგია ელექტროენერგიის უკიდურესად მნიშვნელოვანი წყაროა ევროკავშირში. ევროსტატის მონაცემებით, იგი იწარმოება ევროკავშირის 12 ქვეყანაში და შეადგენს გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით მეხუთედს.
მას შემდეგ, რაც გერმანიამ 2023 წელს ატომური ელექტროსადგურები დახურა, საფრანგეთი (57 რეაქტორით) გახდა ევროკავშირის უმსხვილესი ელექტროენერგიის მწარმოებელი – 55%.
მსოფლიო ბირთვულმა ასოციაციამ ცოტა ხნის წინ გააფრთხილა, რომ სამომავლოდ საკმარისი არ იქნება არსებული რეაქტორების რაოდენობა იმდენი ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, რამდენსაც აწარმოებდნენ დახურული რეაქტორების დროს.
ამ დროისთვის ევროკავშირში რეალურად მხოლოდ ორი ახალი რეაქტორის მშენებლობა მიმდინარეობს. ერთი საფრანგეთში და ერთი სლოვაკეთში.
დაგეგმილია კიდევ თორმეტი რეაქტორის აშენება კავშირის ქვეყნებში. ეს მაინც ნაკლებია, ვიდრე რუსეთში, რომელიც აპირებს 14 ახალი რეაქტორის აშენებას. ექვსი უკვე მშენებლობის პროცესშია.
მსოფლიო ბირთვული ასოციაცია ამბობს, რომ ევროკავშირმა უნდა განახორციელოს მინიმუმ 350 მილიარდი ევროს ინვესტიცია ახალ რეაქტორებში (2050 წლისთვის), რათა დააკმაყოფილოს ენერგეტიკული საჭიროებები.
ევროპა გაყოფილია: ვინ არის მომხრე და ვინ წინააღმდეგი?
იმის გამო, რომ ბებერი კონტინენტი ენერგეტიკულ კრიზისს ებრძვის, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვების გეგმის ნაწილია ახალი რეაქტორების მშენებლობა. მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია მოდერნიზაცია.
თუმცა, ბირთვული ენერგიის აღორძინებისკენ სწრაფვამ გამოიწვია უთანხმოება ევროპის სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით გერმანიასთან.
ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა სრულად უჭერს მხარს ატომურ ენერგეტიკას, სხვაგან უარყოფითი დამოკიდებულებაა უსაფრთხოების შესაძლო პრობლემების გამო.
ეს გახლავთ ხანგრძლივი დისკუსია მკაფიო პასუხის გარეშე.
რატომ იწვევს ატომური ენერგეტიკა ასეთ აზრთასხვაობას ევროპაში?
რამდენ ენერგიას აძლევს ევროპას ატომური ენერგეტიკა?
ევროკავშირის ენერგიის დაახლოებით მეოთხედი გამომუშავებულია ატომური ელექტროსადგურების მიერ. ამ წილის ნახევარზე მეტი საფრანგეთზე მოდის. ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 13-ში სულ 103 რეაქტორი მუშაობს.
ევროკავშირში არსებობს აზრთა ფართო სპექტრი ბირთვული ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების საკითხებთან ერთად მწვავე დებატების თემად იქცევა. ევროკავშირის თითოეული ქვეყანა თავად აკეთებს არჩევანს, შეიტანოს თუ არა ატომური ელექტროსადგურები თავის ენერგობალანსში.

ვინ არის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგი?
1979 წელს „აილენდზე“ ავარიის და 1986 წელს ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, საზოგადოებრივი აზრი ბირთვული ენერგიის შესახებ მკვეთრად შეიცვალა.
გერმანიაში 2002 წელს მემარცხენე-ცენტრისტულმა მთავრობამ მიიღო კანონი ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის შეჩერების შესახებ. ყველა არსებული რეაქტორი კი უნდა შეჩერებულიყო.
ეს გახდა ქარისა და მზის ენერგიაზე გადასვლის ნაწილი.
2010 წელს ანგელა მერკელმა გამოაცხადა, რომ გერმანიის ატომური ელექტროსადგურების მომსახურების ხანგრძლივობა გაიზრდებოდა.
სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, იაპონიაში „ფუკუსიმა 1“-ის ბირთვულმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ გამოიწვია ამ საკითხზე სერიოზული დებატები. თვეების განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რის გამოც მერკელის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ყველა ატომური ელექტროსადგური დაიხურებოდა 2022 წლისთვის.
რომელი ქვეყნები არიან მომხრე?
საფრანგეთი დიდი ხანია ევროპული ლიდერია ბირთვული ენერგეტიკის დარგში. 1980-იანი წლებიდან ატომური ელექტროსადგურები იყო ელექტროენერგიის დომინანტური მწარმოებელი ქვეყანაში.
მიმდინარე წლის თებერვალში ის გახდა ერთ-ერთი 11 ქვეყნიდან, რომელმაც შექმნა ალიანსი ევროპაში ბირთვული ენერგიის მხარდასაჭერად. ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ბირთვული ენერგია არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი კლიმატის მიზნების მისაღწევად.
საფრანგეთის გარდა ჯგუფში შედიან ბულგარეთი, ხორვატია, ფინეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია. ალიანსი მიზნად ისახავს კვლევის, ინოვაციებისა და „საერთო უსაფრთხოების წესების“ ხელშეწყობას და იმის განხილვას, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობამ გამოიწვიოს მეტი რეაქტორის მშენებლობა.
დეკლარაციის ხელმოწერას იტალიის მთავრობაც განიხილავს.
როგორი ვითარებაა მსოფლიოში?
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ატომური ენერგიის მიმართ ინტერესი მკვეთრად გაიზარდა.
ამჟამად მსოფლიოს 32 ქვეყანაში 440 აქტიური ბირთვული რეაქტორია. ისინი გამოიმუშავებენ მთელ მსოფლიოში ელექტროენერგიის 10%-ს. ბირთვული ენერგია პოპულარულია ბევრ განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაში, განსაკუთრებით ევროპაში.
მაგალითად, საფრანგეთში ბირთვული ენერგიის წილმა ელექტროენერგიის წარმოების მთლიან მოცულობაში 2023 წელს შთამბეჭდავი 64.8% შეადგინა. მნიშვნელოვანი წილი ასევე არის სლოვაკეთში – 61.3%, უნგრეთში – 48.8%, ფინეთში – 42%, ბელგიაში – 41.2%, ბულგარეთში – 40.4%, ჩეხეთში – 40%. იმავდროულად, „მწვანე“ ქვეყნებში – შვეიცარიისა და შვედეთის ბირთვული ენერგიის წილი, შესაბამისად 32.4% და 28.6%-ია. „ნავთობისა და გაზის” ქვეყნებში – არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და აშშ-შიც კი ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია – შესაბამისად 19.7% და 18.6%.
მოქმედი ბირთვული რეაქტორების რაოდენობით მსოფლიოს ტოპ 5 ქვეყანაა:
- აშშ – 94 რეაქტორი;
- ჩინეთი – 56 რეაქტორი;
- საფრანგეთი – 56 რეაქტორი;
- რუსეთი – 36 რეაქტორი;
- იაპონია – 33 რეაქტორი.
მიმდინარე წლის მდგომარეობით, მსოფლიოში 59 ატომური რეაქტორის მშენებლობა მიმდინარეობს. პირველ ადგილზე ჩინეთია 25 ბლოკით. მას ინდოეთი მოსდევს 7 რეაქტორით.
თურქეთი, ეგვიპტე და რუსეთი 4 რეაქტორს აშენებენ.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში 260-ზე მეტი მოქმედი ბირთვული რეაქტორის საშუალო ასაკი 30 წელს აჭარბებს, ზოგიერთი რეაქტორი მალე გამოვა ექსპლუატაციიდან. თუმცა, ზოგიერთმა ქვეყანამ გაახანგრძლივა ლიცენზიები არსებული სადგურების სიცოცხლისუნარიანობის გასაგრძელებლად.
ბირთვული რეაქტორის გაუქმების წლიური რაოდენობა მერყეობს. საერთო ჯამში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2019 წლიდან 2023 წლამდე, 39 რეაქტორი დაიხურა.
გარდა ამისა, ბირთვული რეაქტორების დახურვის მიზეზი შესაძლოა ქვეყნების შიდაპოლიტიკაც გახდეს.

ასე რომ, სანამ ზოგიერთი ქვეყანა შორდება ბირთვულ ენერგიას, სხვები ცდილობენ რაც შეიძლება აქტიურად განვითარებას, ხაზს უსვამენ მის მნიშვნელობას გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.
ატომური ენერგეტიკა, წინააღმდეგობრივი მოსაზრებებისა და ტექნიკური გამოწვევების მიუხედავად, გლობალური ენერგეტიკული სტრატეგიის მნიშვნელოვან ელემენტად რჩება.

ფოტო: eyes-on-europe.eu
ua-energy
worldnuclearreport
researchgate