თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ბებია საპატრიარქოს თხოვნით მიმართავს. მოზარდის ბებია საპატრიარქოს სთხოვს, ბავშვს წესი აუგონ, რადგან ის ეკლესიური იყო. წესის აგების საკითხზე სასულიერო პირები მსჯელობენ. ისინი ადგილზე მივიდნენ და გარკვეულ გარემოებებს სწავლობენ.
სასულიერო პირების ნაწილი დაუშვებლად მიიჩნევს ბავშვისთვის წესის აგებას, თუკი თვითმკვლელობა დადასტურდება. ნაწილი კი, აცხადებს, რომ ასაკიდან გამომდინარე ბავშვს არ შეეძლო ადეკვატური რეაგირება მოეხდინა მომხდარზე.
“მიტროპოლიტთან და საპატრიარქოსთან გადაწყდება ეს ყველაფერი, ასეთ დროს ყველაფერია შესაძლებელი და ჩვენც, ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. ისიც არ ვიცით სინამდვილეში რა მოხდა, ვერსიების დონეზეა ყველაფერი. როდესაც საპატრიარქო ამ ვერსიებს განიხილავს და მერე გადაწყვეტს რა უნდა ვქნათ,” – აცხადებს ჩხარის ამაღლების ტაძრის წინამძღვარი მამა რომანოზი.
მეუფის განცხადებებს, რომ გამონაკლისი ვერ იქნება და ბავშვს წესს ვერ აუგებენ, გამოხმაურება თეოლოგებშიც მოჰყვა.
“ადამიანს ვერ აცხონებს ვერც მაგათი წესის აგება და ვერ მაგათი წესის არ აგება. ადმიანს აცხონებს მხოლოდ ღმერთი, მისი სიყვარული და კაცთმოყვარეობა. რას ნიშნავს, რომ ღმერთს გამონაკლისები არ აქვს. გამონაკლისები აქვთ საეკლესიო კანონებს და როგორ შეიძლება განსაკუთრებული შემთხვევები ღმერთს არ ჰქონდეს. აუცილებლად უნდა აუგონ წესი, რადგან ის არის არასრულწლოვანი და მას არ ჰქონდა გაცნობიერებული რას აკეთებდა,” – აღნიშნავს თეოლოგი გოჩა ბარნოვი.
თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი კი მიიჩნევს, რომ ხშირ შემთხვევაში სასულიერო პირები გარკვეულწილად სახელმწიფოს პოზიციებს ინარჩუნებენ და მათი გადაწყვეტილებების შესაბამისად მოქმედებენ.
მიტროპოლიტმა გიორგი შალამბერიძე აღნიშნავს, რომ გამონაკლისი დაუშვებელია, თუმცა ეპარქიის მამაოებს მომხდარის გარკვევას დაავალებს.