საჭიროებასა და სურვილს შორის ბალანსის დაცვას მშობელი შვილს ადრეული ასაკიდან უნდა ასწავლიდეს, თუმცა საწყის ეტაპზე აუცილებელია მშობელმა თავად იცოდეს, რა არის საჭიროება და რა სურვილი, რომელიც შესაძლოა ბავშვის კაპრიზს წარმოადგენს. როგორ უნდა გაარჩიოს მშობელმა საჭიროება ბავშვის კაპრიზისგან – ამ თემაზე გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” კლინიკურმა ფსიქოლოგმა თიკო ბუხაიძემ ისაუბრა.
რა უნდა იცოდეს მშობელმა, როცა საუბარია საჭიროებასა და კაპრიზზე?
მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ საჭიროება დაკავშირებულია ბავშვის გავითარებასთან, შესაბამისად მათ უნდა სწორად განსაზღვრონ, რა სჭირდება ბავშვს განვითარებისთვის კონკრეტული ასაკის მიხედვით. ბავშვისთვის აუცილებელია მოახდინოს სამყაროში ფუნქცინირება, შეძლოს თვითრეგულაცია, იმპულსების კონტროლი და შეკავება. ამისთვის მას პატარა ასაკიდან მშობელმა უნდა გამოუმუშაოს ეს უნარები. ბავშვის ყველა სურვილი ვერ შესრულდება ვერც მცირე ასაკში და მითუმეტეს, ზრდასრულის ცხოვრებაში, სადაც მას განსხვავებული გარემო ხვდება, ხშირად მიიღებს უარს და შეხვდება წინააღმდეგობები. თუ მას პატარა ასაკიდან არ ექნება გარკვეული უნარები, რომელიც სურვილების გადადებას უკავშირდება, სულ უფრო გაუჭირდება ადაპტაცია. მშობლების ყველაზე რთული გამოწვევა სწორედ შუალედის პოვნაა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ და ვასწავლოთ ბავშვებს სურვილების გადავადება და ემოციური მდგომარეობის მართვა.
მშობლები არიან ავტორიტეტი, რომლებიც ხელმძღვანელობენ და ეხმარებიან ბავშვებს ამ სამყაროში უკეთ ადაპტაციაში. თუ მშობელი დაჰყვება ბავშვის ყველა სურვილსა და კაპრიზს, ის დაკარგავს ამ ავტორიტეტს, ბავშვს კი ვერ გამოუმუშავდება საჭირო უნარები. სამწუხაროდ, თუ დროული რეაგირება არ მოხდა, გარკვეულ ასაკში მშობლები შვილების სურვილებთან დაკავშირებით სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან, როცა შვილებს აქვთ მოთხოვნილებები და მშობლებს აღარ ითვალისწინებენ.
როგორ ვასწავლოთ ბავშვს სურვილების მართვა?
საკუთარი სურვილების მართვის სწავლების პროცესში უმნიშვნელოვანესია ბავშვმა იცოდეს განსხვავება საჭიროებასა და სურვილს (კაპრიზს) შორის, რათა მისთვის უფრო მარტივად მისაღები იყოს „არა“. დაეხმარეთ შვილებს იმის იდენტიფიცირება, თუ რა არის საჭირო სიცოცხლისთვის. აუხსენით მაგალითებით.
საჭიროებაა: საჭმელი, წყალი, ტანსაცმელი, თავშესაფარი.
სურვილი (კაპრიზია) : ბევრი სათამაშო, ახალი გამოშვებული სმარტფონი, ძვირადღირებული ტანსაცმელი, ვიდეოთამაშები.
მოვიყვანოთ უფრო კონკრეტული მაგალითები: ხშირად გვსმენია, რომ შვილები მშობლებს სთხოვენ უყიდონ ძვირადღირებული სმარტფონი ან ტანსაცმელი, რადგან დაინახეს ტელევიზორში და “მეგობარს აქვს და მასაც უნდა”.
აუხსენით ბავშვს:
იმისთვის რომ ეცვას ლამაზი ტანსაცმელი, არ არის აუცილებელი იყოს “ბრენდული” და ძვირადღირებული. ან იმისთვის, რომ ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან, დაამყაროს კომუნიკაცია თანატოლებთან და გადაიღოს ფოტოები, არაა საწირო ძვირად ღირებული ტელეფონის ყიდვა, ეს საშუალო ფასიანი ტელეფონითაც შესაძლებელია. რაც მეტ მაგალითს მოუყვანთ შვილებს, მით მეტად ასწავლით სწორ მიდგომებს.
ასწავლეთ თქვენს შვილს მშობლების შრომის პატივისცემა და გათვალისწინება. დაეხმარეთ გაიგოს, როდესაც თქვენ გამოიმუშავებთ ფულს, თქვენვე წყვეტთ როგორ დახარჯავთ მას. აუხსენით, რომ მისი გარკვეული სურვილების ასრულება თქვენი კეთილი ნებაა და არა ვალდებულება.
ბავშვებისთვის კითხვების დასმით, მათ დასკვნის გაკეთების საშუალებას აძლევთ საჭიროებასა და უბრალო სურვილს შორის, რაც უფრო ეფექტური გაკვეთილია.
თუ თქვენი 3-4 წლის შვილი გთხოვთ შოკოლადს თქვენ შეგიძლიათ უთხრათ: „არა, ჩვენ არ გვჭირდება შოკოლადი საუზმეზე, მაგრამ შეიძლება გვქონდეს ისეთი საკვები, რომელიც არის ჯანსაღიც და გემრიელიც?“. და შოკოლადი ჩანაცვლოთ იოგურტით ან ხილით.
ბავშვების მოდელები ვართ ჩვენ, მშობლები. ისინი დაკვირვებითა და მიბაძვით სწავლობენ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და იქცევიან ისე, როგორც ჩვენ ვიქცევით. დაანახეთ ბავშვებს, რომ “საჭიროები” გჭირდებათ თქვენც.
პერიოდულად თქვენ შვილებს მონაწილეობა მიაღებინეთ თავიანთი ნივთების გაზიარებაში იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ნაკლებად გაუმართლათ. როდესაც ისინი აქტიურად ჩაერთვებიან ამ საქმიანობაში, ამით დაეხმარებით გააცნობიერონ, რომ მათ აქვთ ყველაფერი, რაც კი ჭირდებათ, სხვას კი არ აქვს, შესაბამისად მათი სურვილები ან კაპრიზები უადგილოა.
კიდევ ერთი მაგალითი: თქვენს შვილს შესაძლოა უნდოდეს ვიდეოთამაშების ან ნივთის ყიდვა. მას აქვს განსაზღვრული თანხა ერთი კვირისთვის, რათა წაიხემსოს სკოლაში. თუ ის გადაწყვეტს მაინც იყიდოს სასურველი ნივთი, გადაჭრით უთხარით, რომ მოუწევს მთელი კვირა დარჩეს ხემსის გარეშე. ეს უნდა იყოს მისთვის მაგალითი. მაგრამ, ამის მიუხედავად თუ თქვენ მაინც მისცემთ ფულს, ამით მის ქცევას წაახალისებთ, შესაბამისად თქვენი შრომისა და ავტორიტეტის მიმართ პატივისცემა დაიკლებს.
დაელაპარაკეთ ბავშვს თქვენს ფინანსებზე. ყოველ ჯერზე აუხსენით, რა ბიუჯეტი გაქვთ განსაზღვრული მისთვის ამა თუ იმ ნივთის შესაძენად. ეს ბიუჯეტი თქვენ უნდა დაადგინოთ და არა მან.