LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო აქურციკდა: სამხრეთ აფრიკა ჩემპიონია!

81
rwcfinal021119as

მსოფლიო თასი 2019 ისტორიის კუთვნილებაა. ხანგრძლივი ტურნირი, რომელიც იაპონიაში თითქმის თვენახევარი გაგრძელდა დასრულდა და დასრულდა სამხრეთ აფრიკის ტრიუმფით. სამხრეთელებმა ფინალში ჩრდილოეთის წარმომადგენელი, ნახევარფინალში თვით ახალი ზელანდიის ულაპარაკოდ წამქცევი ინგლისი დაამარცხეს. ქურციკებმა ვარდებს გაშლის არანაირი საშუალება არ მისცეს და დამსახურებულად მოუგეს – 32:12.

ფინალში 20 ქულაზე დიდი სხვაობა აქამდე მხოლოდ ერთხელ დაფიქსირებულა.

სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო თასი ისტორიაში მესამედ მოიგო და ამით ახალ ზელანდიას გაუთანაბრდა.

სამხრეთ აფრიკა პირველი გუნდია, რომელმაც ჯგუფში თამაში წააგო, მაგრამ ტიტული მაინც მოიგო.

 

ტურნირის ბომბარდირი ანდრე პოლარდი (სამხრეთ აფრიკა) გახდა. მან 69 ქულა დააგროვა.

პირველი ტაიმი ლელოების გარეშე დამთავრდა, გუნდებმა მარტო ჯარიმები გაიტანეს. 4 სამხრეთელებმა და ორი ბრიტანელებმა. შესაბამისად ანგარიშით 12:6 შესვენებაზე უპირატესობით ბოკე გავიდა. თუმცა ცხადია მთავარი ბრძოლა წინ იყო.

ნერვულობის გამო გუნდები, მეტადრე კი ინლისი, მარტივ შეცდომებს უშვებდნენ, თამაში კი ბუნებრივია დაძაბული იყო და გუნდები ცდილობდნენ, მეტოქე ჩათვლის მოედანთან ახლოს არ მიეშვათ. გვიანი ლელოც ალბათ ამის ბრალი იყო.

მეორე ტაიმში გუნდებმა კიდევ 2-2 ჯარიმა გაცვალეს. ანგარიშში ჩამორჩენილი ინგლისი ახერხებდა სხვაობის შემცირებას ისე, რომ ერთი გარდასახული ლელო ყოფნიდა. მაგრამ ლელო აფრიკელებმა დადეს, თანაც ორი და ყველა კითხვა მოხსნეს.

საბოლოოდ 32:12 და სამხრეთ აფრიკა ჩემპიონია!

 

რასი ერასმუსი (სამხრეთ აფრიკის მწვრთნელი):
საკუთარი თავის გვჯეროდა. ინგლისს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ცოტა გაგვიმართლა, მაგრამ ჩემმა ბიჭებმა კარგად ითამაშეს და ტიტულიც დამსახურებულად მოიგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები