ბენჟამინ ფრანკლინმა ერთხელ თქვა: „ადრე დაწოლა და ადრე ადგომა გაგხდით ჯანმრთელს, მდიდარსა და გონიერს“. დილის ადრე დაწყება კი წარმატებული ადამიანებისთვის დღემდე კარიერის განუყოფელი ნაწილია. მისი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ ადამიანი ბევრად უფრო აქტიური და პროდუქტიულია. გაღვიძებისთვის საუკეთესო დროდ დილის 6 საათია მიჩნეული. მეცნიერებიც აცხადებენ, რომ ადამიანის ცხოვრების ასეთი ჯანსაღი წესი აუცილებლად განაპირობებს მის უკეთეს ძილს და სასიამოვნო განწყობას.
ცხადია, ისიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ადრე ადგომა არ უნდა მოხდეს ძილის შემცირების ხარჯზე. საკმარისი ძილიც წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს. ძილის ნაკლებობამ შესაძლებელია გამოიწვიოს როგორც ნაკლებპროდუქტიულობა, ასევე შეფერხებები გონებრივ შესაძლებლობებში, ყურადღების გაფანტვა და სხვა გვერდითი მოვლენები. იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ რამდენად ამართლებს საქმიანობის დილით ადრე დაწყება, გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი წარმატებული ადამიანების პირად გამოცდილებას. თუ რას აკეთებენ ისინი ყოველ დილით გაღვიძებისთანავე. მათ ძალიან კარგად იციან თუ რა უნდა აკეთონ იმისთვის, რომ შემდგომი საქმიანობა ნაყოფიერი და პოზიტიური იყოს.
ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს ყოფილ მმართველს, ბარაკ ობამას, ხშირად უწევდა საქმიანობა გვიან ღამემდეც, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლიდა დილით ადრე ამდგარიყო. პირველი რასაც გაღვიძებისთანავე აკეთებდა ეს ვარჯიში იყო. ოფისში მისვლის დრო 9-ის ნახევრიდან 9 საათამდეა. ჯანმრთელობა ობამასთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ეს მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პირველია იმ საქმიანობის რიგებში, რომელსაც იგი დღის განმავლობაში ახორციელებს. ის ყოველთვის პოულობს დროს ვარჯიშისთვის, როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოს.