დღეს ანანასის შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს. იგი ძალიან სასარგებლოა როგორც პატარებისთვის, ისე უფროსებისთვის. ანანასი ტროპიკული ხილია, რომლის სამშობლოდ ლათინური ამერიკა მიიჩნევა. მასში ძალიან ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა. შეიცავს ა, ც და ბ-ჯგუფის ვიტამინებს. მასში ასევე აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ნიკოტინის მჟავა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კანის სიგლუვისა და მისი ჯანმრთელობისათვის. ანანასი ასევე ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას და დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე. 100 გრ ანანასი ადამიანისთვის დაახლოებით სამი დღის ნორმა ც-ვიტამინს შეიცავს. ეს ტროპიკული ხილი ისეთ ღირებულ მინერალებს ატარებს როგორიცაა იოდი, ქლორი, მაგნიუმი და კალიუმი.
ამ არაჩვეულებრივი ტროპიკული ხილის ჭამა განსაკუთრებით სასურველია მათთვის, ვისაც ნევროზი და დეპრესია აწუხებს. ანანასი 60-მდე არომატულ ნივთიერებას შეიცავს. მისი მიღება სამკურნალო თვალსაზრისით ეფექტურია ბრონქიტისა და შეკრულობის დროს. ის აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის პროცესს, თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობას. ანანასის სასარგებლო ნივთიერებათა ჯგუფში ბაქტერიოციდები და ეთერზეთებიც შედის. ეს უკანასკნელი ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესის უებარი წამალია, ამიტომ ანანასის წვენს ხშირად ყელის ტკივილის დროს იყენებენ. ეთერზეთები ყელის ლორწოვანი გარსის დარბილების გარდა ასევე დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის სისტემაზეც, თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ვისაც გასტრიტი ან კუჭის წყლული აწუხებს, უმჯობესია თუ ამ ხილის მირთმევისაგან თავს შეიკავებს.
რაც შეეხება ბავშვებს, ანანასის დაგემოვნება 3 წლის ასაკიდან თავისუფლად შეუძლიათ. მისი მიღება განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც ჭარბი წონის პრობლემა აწუხებს. როგორც მეცნიერებმა არაერთი კვლევის საფუძველზე დაადგინეს, ანანასი ფერმენტ ბრომელაინს შეიცავს, რომელიც ორგანიზმიდან ჭარბი ცხიმების გამოდევნას უწყობს ხელს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს თვისება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მჟღავნდება, როდესაც მას მშიერ კუჭზე მიირთმევთ და თან დიდი რაოდენობით. ასევე დადგენილია, რომ ანანასი ორგანიზმს ამაგრებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.