LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანთებითი პროცესები, ტრავმები, ტუჩის ნაპრალი და ენის მოკლე ლაგამი – ყბა-სახის ქირურგი ხატია დათუნაშვილი ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირ ოპერაციებზე

35
xatiadatunashvilidoc

გადაცემის ლაივი LIVE

რა ტიპის პათოლოგიები გვხვდება ყბა-სახის მიდამოებში ბავშვთა ასაკში, როგორ არის შესაძლებელი მათი პრევენცია და როდის ხდება ქირურგის ჩარევა აუცილებელი- საინტერესო კითხვებს გადაცემაში “სტუმრად ექიმთან” ყბა-სახის ქირურგი, ხატია დათუნაშვილი პასუხობს.

-ხატია, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მოდით, პირველ რიგში ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირად ხდება თქვენთან მომართვის მიზეზი…

ხატია დათუნაშვილი: დიდი მადლობა მოწვევისათვის. ბავშვთა ასაკში მომართვიანობის ყველაზე ხშირი მიზეზია ანთებითი დაავადებები, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ სტატისტიკურადაც. დღეს მინდა უფრო ფართოდ შევეხო კბილებით გამოწვეულ ანთებით დაავადებებს, ე.წ.ოდონტოგენურ დაავადებებს. ბავშვთა ანატომიური განვითარების თავისებურებებიდან გამომდინარე, ანთებითი პროცესები ძალიან მალე ვრცელდება კბილის გარშემო მდებარე ქსოვილებში. კარიესი რამდენიმე საათში შეიძლება გადავიდეს პულპიტში, ანუ ნერვის ანთებაში, შემდეგ კი ფესვის მიმდებარე ქსოვილებზე გავრცელდეს და პერიოსტიტი, აბსცესი,ოსტეომიელიტი და ა.შ გამოიწვიოს, რაც თავისთავად გარდაუვალს ხდის ქირურგიულ ჩარევას მკურნალობის პროცესში და საჭიროებს ბავშვის გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას. კარიესიდან ფართოდ გავრცელებული ჩირქოვანი პროცესი ძალიან სწრაფად ვითარდება. ასეთ დროს პირველ რიგში უნდა მოხდეს კბილის მოცილება, ჩირქგროვის გახსნა, დრენირება და შემდეგ შესაბამისი ანტიბიოტიკო და იმუნომასტიმულირებელი თერაპიის დანიშვნა, რომ ბავშვის ორგანიზმი გახდეს უფრო მდგრადი ინფექციების მიმართ. მთავარი პრევენცია კი ცხადია არის პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა ბავშვებში. ეს გვეხმარება კარიესის თავიდან აცილებაში, რაც ყველა პრობლემის სათავეა.კარიესის გაჩენისთანავე უნდა მივმართოთ ექიმს, რათა მისი დროული მკურნალობა მოხდეს.

 -საინტერესოა, ეს პრობლემები კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფს ახასიათებს თუ ზოგადად ბავშვებშია გავრცელებული?

 ხატია დათუნაშვილი: ზოგადად, ეს პრობლემები ხშირია სარძევე კბილების არსებობისას თვითონ სარძევე კბილების თავისებურებებიდან გამომდინარე. 3-6 წლამდე ასაკში ბავშვის ორგანიზმში ლიმფური სისტემის სრულყოფა ხდება, რომელიც ბარიერული ფუნქციის შემსრულებელია და იქამდე, ვიდრე ჩამოყალიბებას დაასრულებს, სრულყოფილად ვერ ასრულებას ამ ფუნქციას. ამიტომ ორგანიზმს ინფექციის ადგილობრივი მოსპობა უჭირს და ხდება მისი გავრცელება ირგვლივ მდებარე ქსოვილებში. შედეგად ხშირად ვითარდება ლიმფადენიტი, ლიმფური კვანძების ანთებითი დაავადება, რომელიც გამოიხატება შეშუპებით. ზოგადად სახეზე ნებისმიერი ანთებითი პროცესი პირველად შეშუპებით ვლინდება,რასაც თან მოჰყვება ორგანიზმის ტემპერატურის მატება, ზოგადი სისუსტე, უმადობა, მოდუნება, მოშვება, ჭირვეულობა და ა.შ. ეს ხდება განგაშის მიზეზი მშობლისთვის და შემდეგ ხდება უკვე მომართვა კლინიკაში.

-ხატია, როგორც აღნიშნეთ, ანთებითი დაავადებები ყბა-სახის ქირურგთან მიმართვის პირველი მიზეზია. ზოგადად, რა არის მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი?

ხატია დათუნაშვილი: მოდით, ჯერ ანთებით დაავადებებზე ვისაუბრებ ამომწურავად, მათ შორის ლიმფადენიტებზე, რომელიც ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ლიმფადენიტის გამომწვევი შესაძლოა იყოს ოდონტოგენური პრობლემა, ან ის სრულიად დამოუკიდებლად განვითარდეს. მიზეზი შეიძლება იყოს გარეგანი ფაქტორები, გარედან შეჭრილი ინფექცია. სუსტი ბარიერული ფუნქციის გამო ლიმფურმა კვანძმა შესაძლოა თავის თავზე აიღოს ინფექციასთან ბრძოლა და ამის ხარჯზე დაზიანდეს. თუ ასეთ დროს დროულად მოხდა მომართვა, შესაძლოა ეს პრობლემა ქირურგის ჩარევის გარეშე, მედიკამენტოზური მკურნალობით მოგვარდეს. თუმცა ხდება ისეც, რომ მომართვა გვიან ხდება. ასეთ დროს ლიმფური კვანძის კაფსული დარღვეულია და ჩირქი გავრცელებულია გარშემო მდებარე რბილ ქსოვილებში. შედეგად ვიღებთ ადენოფლეგმონის სურათს. აქ უკვე შეუძლებელია მხოლოდ კონსერვატიული მკურნალობა და საჭიროა ქირურგიული ჩარევა. ასეთ დროს პაციენტს აქვს აბსცესის და ფლეგმონის მსგავსი სიმპტომები: შეშუპება, სიწითლე, ტემპერატურა, შემცივნება,კანკალი, ზოგადი სისუსტე და ა.შ.

რაც შეეხება მეორე ადგილზე მყოფ მომართვიანობის მიზეზს, ეს არის ტრავმული დაზიანებები. ტრავმები ბავშვთა ასაკში გულისხმობს კანის მთლიანობის დარღვევას. ბავშვების ქცევების თავისებურებებიდან გამომდინარე, შესაძლოა მიზეზი იყოს სიმაღლიდან ვარდნა, თამაშისას წაქცევა, ჩამოვარდნა და შედეგად ვიღებთ ჭრილობებს. ბუნებრივია, ასეთ დროს ხდება ჭრილობის დამუშავება, კანის მთლიანობის აღდგენა. იმის მიხედვით, თუ რა ხარისხისაა დაზიანება, განისაზღვრება ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით გაკეთდეს თუ ნარკოზით. ხშირი მიზეზია მოტეხილობებიც. ბავშვთა ასაკში მოტეხილობები განსხვავდება ზრდასრულთა მოტეხილობებისაგან, რისი მიზეზიც ბავშვთა განვითარების ანატომიური თავისებურებებია. ამ ასაკში ხშირია ე.წ. მწვანე ტოტის ტიპის მოტეხილობები,რადგან ძვალს უფრო ხრტილოვანი სტრუქტურა აქვს ვიდრე ძვლოვანი, რის გამოც ხშირად ძვლისსაზრდელას მთლიანობა დარღვეული არ არის და სახეზე არ არის შეცილებით მოტეხილობა. ბავშვის ძვალი უფრო პლასტიკურია, მასში მინერალური მარილები ცოტაა და სწორედ ეს განაპირობებს ამას. მკურნალობის მეთოდებიც განსხვავებულია.მაგალითად, თუ სახეზეა ქვედა ყბის სასახსრე თავების როკისებრი მორჩის მოტეხილობა, ზრდასრულებში ხდება ქირურგიული ჩარევა, ბავშვებში კი ვითვალისწინებთ ასაკს და ხშირად ,მკურნალობას ორთოდონტთან ვამისამართებთ, რომელიც სპეციალური ფიქსატორების საშუალებით აღმოფხვრის ამ პრობლემას. საბოლოო ჯამში, საჭირო აღარ ხდება მოტეხილი როკისებრი მორჩების თავების ამოღება, ისინი გაიწოვება და ყალიბდება ცრუ სახსარი, რომელიც შემდეგ თავის თავზე იღებს ქვედა ყბის მოძრაობას.

 -ხატია, სამწუხაროდ ბავშვებს შორის გავრცელებულ ტრავმებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მიღებული დაზიანებები. როგორ ხდება ასეთი დაზიანების მკურნალობა პედიატრიულ ასაკში? ჩვენ გვინახავს არაერთი შემთხვევა, როდესაც ბავშვებმა თქვენთან მკურნალობის შემდეგ მოკლე პერიოდში სრულფასოვნად ცხოვრების გაგრძელება შეძლეს…

ხატია დათუნაშვილი: დიახ, სიმაღლეებიდან ვარდნის შედეგად გამოწვეული ტრავმები საკმაოდ ხშირია ბავშვთა ასაკში. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეირჩეს მკურნალობის მეთოდი და მიდგომა, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული პაციენტის ასაკი და ასაკიდან გამომდინარე ანატომიური თავისებურებები. თუმცა უშუალოდ მოტეხილობის შემთხვევაში მკურნალობის მეთოდი ძირითადად არის ოსტეოსინთეზები, ანუ მეტალის ფირფიტებისა და ჭანჭიკების საშუალებით რეპოზიცია და მოტეხილი ფრაგმენტების ფიქსაცია. შემდგომში ხდება მათი სრულად გაძვალება და ბავშვი მოკლე პერიოდის შემდეგ სრულფასოვან ცხოვრებას უბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ძალიან ხშირად ვარდნის შედეგად მიღებულ სახის ტრავმებს თან ახლავთ თავის ტვინის ტრავმები, ამიტომ ჩვენ ნეიროქირურგებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება უკეთესი შედეგი მივიღოთ კონკრეტულ პაციენტთან მიმართებაში.

 -საინტერესოა, ყველაზე რთულ ოპერაციად რომელი ოპერაცია ითვლება ყბა -სახის ქირურგიაში ბავშვთა ასაკის პაციენტებში?

ხატია დათუნაშვილი: გამომდინარე სპეციფიკიდან და იქიდან, რომ ბავშვთა ასაკში ყველაფერს ძალიან ფრთხილად სჭირდება მიდგომა, ასე გამოყოფა გამიჭირდება, თუმცა ემოციურადაც და ფიზიკურადაც ძალიან რთულია, როდესაც გვაქვს მრავლობითი დაზიანებები ყბა-სახის მიდამოში, რადგან როგორც წესი, ასეთ დროს საერთო მდგომარეობაც მძიმეა ხოლმე და ბუნებრივია, ამას ძალიან განვიცდით და ყველაფერს ვაკეთებთ პაციენტის გადასარჩენად.

-მოდით,ვისაუბროთ განვითარების თანდაყოლილ პათოლოგიებზე. აქ რა არის პირველ ადგილზე სტატისტიკის მიხედვით?

 ხატია დათუნაშვილი: ძალიან ხშირად ვხვდებით ზედა ტუჩის და სასის ნაპრალებს, რასაც საზოგადოებაში კურდღლის ტუჩს ეძახიან. ისინი ცალ-ცალკეც ხშირად გვხვდება და შერწყმული პათოლოგიის სახითაც. ეს ანომალია შეიძლება განვითარდეს ცალკეულად და ბავშვი დაიბადოს ამ დეფექტით, თუმცა შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ის იყოს რომელიმე გენეტიკური დაავადების სიმპტომი და გამოვლინება. მკურნალობის მეთოდი ცალსახად ქირურგიულია. მნიშვნელოვანია ისიც,თუ რა ხარისხისაა პათოლოგია. ასეთი ბავშვები სიცოცხლის პირველივე დღეიდან აწყდებიან პრობლემებს,ისინი ზონდით იკვებებიან და ვერ ახერხებენ წოვის რეფლექსის გამომუშავებას. ასეთ დროს ჩვენ ვიცდით დაახლოებით ექვსი თვის ასაკამდე, რომ შევძლოთ პათოლოგიის აღმოფხვრა. ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური დეფექტი, ეს სერიოზული ფუნქციური დეფექტია და აუცილებლად ჩარევას საჭიროებს. როგორც ზედა ტუჩის, ასევე სასის ნაპრალის არსებობა შეიძლება მიუთითებდეს რომელიმე გენეტიკური დაავადების არსებობაზე, ეს ყველაფერი გაცილებით სერიოზული პრობლემაა, ვიდრე უბრალოდ ვიზუალური დეფექტი. პირველ რიგში ესაა ის, რომ ფიზიოლოგიურად კვება ვერ ხდება. შეიძლება დეფექტი ერთი ოპერაციით ვერ აღმოიფხვრას და რამდენიმე ოპერაცია გახდეს საჭირო. გააჩნია როგორია ანამნეზი. ცხადია ოპერაცია ძალიან რთულია, ის პლასტიკური ოპერაციაა და ბევრი რამე უნდა იქნას გათვალისწინებული,რომ სასურველი შედეგი მივიღოთ.

 -საინტერესოა, რომელი ასაკის პაციენტებთან მუშაობაა უფრო რთული? არიან ეს მცირეწლოვნები, მოზარდები თუ ზრდასრულები?

 ხატია დათუნაშვილი: გააჩნია დიაგნოზს და მდგომარეობას. არსებობს დიაგნოზები, რომლებიც ბავშვებში უფრო ადვილი სამართავია და პირიქით.

 -მოდით, ვისაუბროთ კიდევ ერთ თანდაყოლილ ანომალიაზე, ეს არის ენის მოკლე ლაგამი. ამ თემას უკვე ძალიან ბევრი გადაცემა მიეძღვნა, რადგან ეს აქტუალური პრობლემაა. საინტერესო ისაა, რომ ამ საკითხზე ექიმების აზრიც განსხვავებულია. პედიატრების ნაწილი თვლის, რომ ამ დიაგნოზისას ქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის, ქირურგები და ზოგი პედიატრი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან. მარტივად რომ ვიკითხოთ: უნდა ჩაიჭრას თუ არა ლაგამი?

ხატია დათუნაშვილი: ეს საკითხი დღის წესრიგში მაშინ დგება, როდესაც პაციენტს ენის მოკლე ლაგმის არსებობა დისკომფორტს უქმნის. ჩვილობის ასაკში ეს შეიძლება იყოს წოვის რეფლექსის გამომუშავების შეუძლებლობა. ასეთ დროს ბავშვი ხანდახან საერთოდ ვერ იღებს საკვებს, გააჩნია როგორი ხარისხისაა ლაგმის სიმოკლე. შესაძლოა ბავშვი საერთოდ ვერ წოვდეს და ამის გამო ვერ იკვებებოდეს.თუმცა შესაძლოა ამ ასაკში ბავშვს ეს პრობლემა არ ჰქონდეს და ის შემდეგ წამოიჭრას, როდესაც ბავშვი ალაპარაკდება და გარკვეული ბგერების წარმოთქმას ვერ შეძლებს. გააჩნია რა დონის დამოკლებაზე ვსაუბრობთ. შეიძლება ბავშვს ჰქონდეს ენის მოკლე ლაგამი, მაგრამ მას არც საკვების მიღების და არც მეტყველების პრობლემა არ ჰქონდეს. ასეთ დროს ჩარევა საჭირო არ არის. ამ პათოლოგიის წარმოშობის მიზეზი უცნობია, თუმცა ენის მოკლე ლაგამი ლორწოვანი გარსის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა. ოპერაცია საკმაოდ ხანმოკლე და მარტივია, ბავშვი ძალიან მალე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. ცხადია, როცა მეტყველების პრობლემასთან გვაქვს საქმე, ამ დროს მხოლოდ ოპერაციის ჩატარება არ არის საკმარისი და ბავშვებს შემდგომში როგორც წესი სჭირდებათ ხოლმე ლოგოპედის დახმარება, რომ იმ ბგერების წარმოთქმა შეძლონ, რისი გამოთქმაც იქამდე უჭირდათ. თუმცა საბოლოო ჯამში მეტყველება ჩვეულებრივ აღდგება.

-ხატია, როდის არის აუცილებელი და გადაუდებელი, რომ ყბა-სახის ქირურგს მივმართოთ? რა არის სიმპტომები და ჩვენებებია, გარდა ტრავმებისა, როდესაც მშობელმა ბავშვი აუცილებლად უნდა მიიყვანოს ექიმთან?

 ხატია დათუნაშვილი: მშობელი აუცილებლად ყურადღებით უნდა იყოს და თუ ბავშვს სახის არეში ნებისმიერ დეფორმაციას შეამჩნევს, აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაცია. ბავშვებში ყველაზე მცირე პრობლემაც კი შეიძლება ძალიან სწრაფად იქცეს უფრო სერიოზულ პრობლემად, ამიტომ მუდმივად ყურადღებით უნდა ვიყოთ.თუნდაც მარტივი კარიესის უარყოფით შეიძლება მივიღოთ ძალიან სერიოზული პრობლემები, ამიტომ მუდმივად უნდა მივაქციოთ ყურადღება საკუთარ თავსაც და შვილებსაც. ნებისმიერი ცვლილება ამ დროს ყურადღებას იმსახურებს, იქნება ეს შეწითლება, შეშუპება თუ რაიმე სხვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები