ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ პედიატრი ლალი ჯანაშია სტუმრობდა, რომელმაც ხშირად მოავადე ბავშვებზე, სპაზმურ ხველაზე, გაჭედილ ცხვირზე და ცხელებაზე ისაუბრა.
ქალბატონო ლალი, ფაქტობრივად ყველა მშობელი ერთ წრეზე ტრიალებს, მიიყვანს ბავშვს ბაღში და რამდენიმე დღეში ბავშვი იწყებს ავადობას, გამოშუშების და ბაღში დაბრუნების შემდეგ, ისევ თავიდან იწყება ყველაფერი და ასე გრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. როგორია თქვენი რეკომენდაცია, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ დროს?
ასეა არა მხოლოდ ბაღის, არამედ სკოლის ბავშვების შემთხვევაშიც. ჩემდა გასაოცრად, პაციენტების 35-40% სკოლის ბავშვები არიან. მათ ნაწილს კი ჰყავთ უმცროსი და-ძმა, რომლებიც საბავშვო ბაღებში დადიან, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს სეზონური ვირუსები მეტი აგრესიით გამოირჩევიან. ბოლო სამი წელი კოვიდ პანდემიის მოცემულობაში ვცხოვრობდით, რამაც შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით გადაფარა დანარჩენი ბანალური სეზონური ვირუსები. გარდა ამისა, ბავშვებიც ძირითადად სახლში იყვნენ გამოკეტილნი, არ დადიოდნენ ბაღებში, სკოლებში. მშობლების გარკვეული ნაწილიც ონლაინ მუშაობდა და შეიძლება ითქვას, რომ დახურული იყო საჯარო სივრცეები.
რაც შეეხება სეზონურობას, ხშირად მეკითხებიან, რომელი ვირუსებია აქტიური. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე B ჯგუფის ვირუსები, B გრიპი არის აქტიური, რომლის მიმდინარეობაც არის გახანგრძლივებული, მუდმივად ბრუნავს, რადგან რაღაცნაირად სეზონურობაც აირია, არის როგორც ადენოვირუსი, ისე რინო-სინციტიური ვირუსი, ე.წ. გაციება, C ვირუსები, რომლებიც შედარებით მარტივად მიმდინარეობენ და მათ ბინაზეც კი უვლიან მშობლები პედიატრის დახმარებით. რაც შეეხება A ტიპია ვირუსებს, ისინი პანდემიურ ხასიათს ატარებენ და რამდენიმე წელიწადში ერთხელ ფარავენ დედამიწას. შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენ ეს მდგომარეობა არ გვაქვს. აქამდე თუ ვამბობდით, რომ მხოლოდ ზაფხულში გვხვდება ღებინება, ფაღარათი და ა.შ. ეს ლამის მითად იქცეს, რადგან ახლა შემოსული პაციენტების წილი თანაბრად არის მოცული როგორც რესპირატორული სიმპტომებით, ისე აღნიშნული პრობლემებით, ფაღარათით, ღებინებით, რაც ყველაზე მეტად სტრესულია მშობლისთვის, რადგან ამ დროს ხდება დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა მცირე დროში და ბავშვი ხდება მეტად ადინამიური.
რაც შეეხება სურდოს და ხველას, საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვები მთლიანად არიან მოცულნი ცხვირიდან გაუთავებელი გამონადენით და გაუთავებელი ხველით. პაციენტების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ღამის ხასიათის ე.წ. ღამის ხველა აქვთ, რადგან პროცესი უხვი რინორეით, უხვი სურდოთი მიმდინარეობს. გამონადენი დიდი რაოდენობით არის და რადგან ღამის საათებში ვერ ხდება მისი წინა გამოდინება, სახეზეა უკანა წვეთის სინდრომი, ანუ პოსტნაზალური წვეთი. უკანა ჩანადენი ხახის კედელზე ვითარდება, რაც შეუპოვარ ხველას იწვევს.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მშობლების აზრი ორად იყოფა, ნაწილი მიიჩნევს, რომ არა უშავს, ეს ნორმალურია და შეეჩვევა ბავშვი, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამით იმუნური სისტემა შეიძლება კიდევ უფრო დასუსტდეს. სად გადის ოქროს შუალედი?
მშობლები ხშირად ამბობენ, გამოვაკეთე და მერე წავიყვანე ბაღში, თუმცა მშობლების 80-90 % ბავშვს მაშინ აბრუნებს ბაღში, როცა ბავშვს ტემპერატურა ეხსნება, თუმცა იქ მაინც რჩება გამონადენი ცხვირიდან. მოგეხსენებათ, რომ ეს გრიპი არა მარტო ჰაერშია შეწონილი, არამედ წვეთოვანი გზითაც ვრცელდება. რეალურად, როდესაც ბავშვი მუდმივად ხელს იკიდებს ცხვირზე, საიდანაც აქვს სერიოზული გამონადენი, თავისთავად ავტომატურად გადამდებია სხვა ბავშვისთვის. ბაღიდან მუდმივად დავირუსებულები სწორედ იმიტომ მოდიან ბავშვები, რომ ცირკულაციაა იმ ბავშვების, რომლებიც ბოლომდე არ არიან ნამკურნალები. მით უმეტეს, რომ სივრცე საჯაროა, ნაკლებია ფართი, ერთდროულად ბევრი ბავშვია ამ გარემოში, ფანჯრები ყველგან მჭიდროდაა დახურული და პრაქტიკულად არ ხდება ვენტილაცია. ითვლება, რომ ვითომ სკოლის ბავშვებში ბევრად ნაკლებია ავადობა, რადგან ეს ბავშვები გარეთ გადიან შესვენებებზე და ა.შ. გარდა ამისა, ამ ბავშვებს ანატომიურად უკვე ფორმირებული აქვთ ზედა სასუნთქი გზა და მათი ავად გახდომა შეიძლება მხოლოდ სურდოთი შემოიფარგლოს, რაც პატარა ბავშვების შემთხვევაში, სამწუხაროდ, ასე არ არის.
პატარა ბავშვებში ვირუსული ინფექცია ძირითადად ერთი კონკრეტული სიმპტომით იწყება ხოლმე და მერე დროდადრო ემატება სხვა სიმპტომებიც. შესაძლებელია თუ არა პირველივე სიმპტომების გამოვლენისას მივმართოთ ისეთ ღონისძიებებს და საპრევენციო საშუალებებს, რომ თავიდან ავირიდოთ, მაგალითად, შეუპოვარი ცხელება, სპაზმური ხველა, მუდმივი ჩამონადენი ცხვირიდან?
რეალურად, ყველა ვირუსს თავისი საფეხურები აქვს. ქეისთა უმეტესობის მიხედვით ყველა ეს საფეხური უნდა გავიდეს. თუ ბანალური B ტიპის ვირუსების ცხელება 72 საათს გასცდება, ასეთ ბავშვებთან შეიძლება იყოს ქრონიკული ბაქტერიული კერა, ქრონიკული ადენოიდიტი, ქრონიკული სინუსიტი, ქრონიკული ტონზილიტი. თუ მოდის ეს შეუპოვარი ცხელება და მას თან ახლავს შეკანკალება, ფეხების გაციება, ხშირი შარდვა, შესაძლოა, რომ საუბარია ბაქტერიულ ინფექციაზე და აქ უკვე აუცილებლად ვრთავთ პედიატრის, რომელიც თვითონ დაგეგმავს შემდეგ პარაკლინიკურ კვლევებს.
ყოველთვის ვეუბნები მშობლებს, რომ პირველ ეტაპზე, ყველაზე მთავარია ზედა სასუნთქი გზების სწორი სანაცია, ცხვირის სწორი დამუშავება, ცხვირის ე.წ. რეცხვა ნებისმიერი ზღვის ან ოკეანის წყლით. გაჭედილი ცხვირის სინდრომის მოხსნა აუცილებელია, რომ არ ჩაერთოს ყური და შემდეგ უკვე ხახის რკალები და შორს არ წავიდეს ეს ინფექცია.
რა პირველადი ტიპის დახმარება შეიძლება გაუწიოს მშობელმა ბავშვს, რომელსაც მუდმივად ახველებს და ეს ხველა ძალიან შემაწუხებელია, უნდა გამოვიყენოთ თუ არა ხველის დამთრგუნველი ან ამოსახველებელი საშუალებები?
დავიწყებ იმით, რომ არცერთმა მშობელმა არ უნდა გამოიყენოს ე.წ ხველის სუსპენზია პირველი დახმარებისთვის, რადგან არცერთმა მშობელმა არ იცის მისი მოქმედების მექანიზმი. შეიძლება თქვენ გესმოდეთ ხველა, როგორც ნახველი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ობსტრუქციის ხარჯზე წარმოქმნილი ხველა, რომელიც ხმით შეიძლება, რომ ძალიან ჰგავდეს ნახველს და თუ თქვენ ამ დროს ამოსახველებელ საშუალებას გამოიყენებთ, შეიძლება, ლორწოს რაოდენობამ მოიმატოს ამ შევიწროებულ ბრონქში და მოხდეს კიდევ უფრო მეტად ამ ხველის გაუარესება. პირველი არის ოქსიგენაცია და ისევ და ისევ ზედა სასუნთქი გზების გათავისუფლება, ცხვირში გამხსნელი პრეპარატების, ნებისმიერი ქსილომეტაზოლინის გამოყენება, ქსილომეტაზოლინამდე კი ცხვირის სანაცია. პირველი არის ცხვირი, თუ ცხვირი არ არის გაჭედილი, ხველას არასდროს აქვს შეუპოვარი ხასიათი. სახეზეა უხვი გამონადენი უკან გადადენის ხარჯზე და ასევე გაჭედილი ცხვირი ე.წ. ადენოიდიტი, რომელიც ასევე გასარკვევია ჭეშმარიტი ადენოიდიტია, ანუ ადენოიდების ზომისა და ხარისხის მიხედვით წარმოქმნილი ადენოიდიტია თუ ლორწოვანის გასქელება-შეშუპების, რომელიც შეიძლება, რომელიმე კონკრეტულმა ვირუსმა გამოიწვიოს, რომელსაც ტროპიზმი ახასიათებს და ასევე შეიძლება იყოს ალერგიული ფაქტორებით გამოწვეული.
პირველ რიგში, ნუ შეეცდებით შეუპოვარი ხველის გინდ დათრგუნვას, გინდ ამოსახველებლებით ნახველისგან ბავშვის განთავისუფლებას. პირველი საშუალება არის ფიზიოლოგიური სანაცია, ფიზიოლოგიური ხსნარით ან რომელიმე მარილით გაჯერებული ხსნარით ე.წ. ცივი ინჰალაცია და არავითარ შემთხვევაში ცხელი, რომელიც წინაპრებისგან მოგვდგამს, რომ რაღაცას ავადუღებთ, თავს შევაყოფინებთ ბავშვს და პირსახოცს გადავაფარებთ, რადგან ამ დროს ისედაც ზედა სასუნთქი გზების ანთება მიმდინარეობს და ჩვენ კიდევ ცხელი ორთქლით ვამატებთ. აუცილებელია განიავება, არ ვამბობ, რომ ბავშვი 40 გრადუსი ტემპერატურით გარეთ უნდა გავიდეს, მაგრამ უნდა გავხსნათ ყველაფერი, მინიმუმ აივანზე მაინც უნდა მისცეთ ოქსიგენაციის საშუალება და უნდა გაათავისუფლოთ ზედა სასუნთქი გზა. შემდეგ უკვე პედიატრი გადაწყვეტს, ამ შეუპოვარ ხველას რა მიმართულებით გაჰყვეს.
ყველა მშობლისთვის მთავარი ამოცანაა ბრონქიტი და ბრონქიოლიტი. 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებს გახანგრძლივებული ხველის შემთხვევაში აუცილებლად ექმნებათ ბრონქიოლიტის განვითარების საშიშროება. ბრონქიოლიტი ეს არის ლორწოს ჰიპერსეკრეციით, მომატებული ლორწოს ხარჯზე წარმოქმნილი მძიმე ანთებითი პროცესი და ხშირად პედიატრები ხუმრობით იმასაც ვამბობთ, რომ ამას კიდევ პნევმონია გვირჩევნია, რადგან კონკრეტული და ლოკალიზებულია. არსებული უხვი ლორწოს ამოსროლისთვის, ამოტანისთვის არც ბავშვის მუსკულატურაა მზად და არც თვითონ ბრონქის კედელი. ძალიან გთხოვთ, სიფრთხილით მიუდექით ამ საკითხს და ნუ დაიწყებთ თვითნებურ მკურნალობას სხვადასხვა ფორუმზე დაწერილი რჩევებით. ნუ ურჩევთ ერთმანეთს ანტიბიოტიკო თერაპიას, კონკრეტულ ამოსახველებელ საშუალებებს და ა.შ. ყველაფერს ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება.
რაც შეეხება იმას თუ როგორ ამოვიცნოთ ბრონქიოლიტი, ამ დროს ბავშვი ხდება უფრო ადინამიური, სუნთქვაში ცხვირის ნესტოებიც კი მონაწილეობს, ბრონქიოლიტზე მიანიშნებს გულ-მკერდის ჩაზნექა-ამოზნექის რაოდენობა, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის ჩართულობა. მშობელს შეუძლია ძილის დროს დაუთვალოს ბავშვს სუნთქვა, სუნთქვის სიხშირე არ უნდა გასცდეს წუთში 40-ს. განმარტებისთვის, ერთი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ერთ სუნთქვად ითვლება. არ დაიჯეროთ, რომ სახლის სატურატორით თქვენ შეძლებთ, რომ წლამდე ასაკის ბავშვის სატურაცია სწორად განსაზღვროთ. ასეთ დროს ან გამოიძახეთ სასწრაფო ან მიმართეთ ექიმს. თუ ბავშვი მივარდა, ადინამიურია, არ ჭამს, თუ ცხვირტუჩის არეში აღენიშნება ცისფერი შეფერილობა, ციანოზი და მკვეთრად არის გაფერმკრთალებული, ასეთი ბავშვი აუცილებლად სასწრაფოდ უნდა შეაფასოს პედიატრმა. რაც შეეხება ბრონქიტებს, ბრონქიტების უმეტეს წილს არ ესაჭიროება ანტიბიოტიკო თერაპია, სწორად დაგეგმილი ნებულაიზერო თერაპიისა და სიმპტომური მართვის შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, ამას თან არ ახლავს ძალიან მაღალი ცხელება და ბაშვის ანამნეზი დატვირთული არ არის.
ანუ ცხვირის გამორეცხვა და ოქსიგენაცია არის ის, რაც მშობელმა შეიძლება გააკეთოს პირველადი დახმარების სახით და სხვა დანარჩენი ექიმის პრეროგატივაა…
საბედნიეროდ, მშობლებმა უკვე კარგად ისწავლეს რა არის კრუპი და ცრუ კრუპი. ეს არის მწვავე ლარინგოტრაქეიტი, რა დროსაც ჩასუნთქვა გაძნელებულია და გამოიცემა სპეციფიკური ხმა, სახეზეა მყეფავი და შეტევითი ხველა. ერთადერთი, რასაც მეტ-ნაკლებად ვურჩევთ ხოლმე მშობლებს, ეს არის რომელიმე ბუდესონიდით ინჰალაცია მანამ, სანამ სასწრაფო ან პედიატრი მოვა ბავშვამდე ან თვითონ მოხვდებიან კლინიკაში. თუ ძალიან არ გვიჭირს, მე დიდად არ ვარ მომხრე დექსამეტაზონის ამპულის გახსნის და ჩასხმის, მაგრამ არის გამოუვალი მომენტებიც, მაგალითად, შეიძლება, ადამიანი შორს იყოს სამედიცინო დაწესებულებიდან და ა.შ.
როდის ხდება ჰორმონალური პრეპარატების დახმარება ხველის კუპირებისთვის?
როცა ბავშვს აქვს დატვირთული ალერგიული ანამნეზი და ა.შ. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ეს უფრო ალერგოლოგების თემაა, ჩვენ უბრალოდ მიმართულებას ვაძლევთ და მერე უკვე ალერგოლოგები ადგენენ საჭიროებას. მე პირველ ჯერზე ადგილობრივო მომეტაზონების გამოყენების მომხრე ვარ. პირველ რიგში, ცხვირიდან უნდა მოიხსნას შეშუპება, რადგან ცხვირიდან შეშუპება იწვევს ღია პირით ძილს, რაც ავტომატურად იწვევს მძიმე ფარინგიტს და ეს იწვევს მძიმე ხველას, რომელიც ასე ვთქვათ, არასდროს მთავრდება. თუ ზედა სასუნთქი სწორად ვმართეთ, ქვედა სასუნთქში ნაკლებად ვითარდება ხოლმე ანთებითი პროცესები.
პირველი, რაც განსაკუთრებით აშინებთ მშობლებს, არის ტემპერატურა, რომელიც მიდის მაღლა და მაღლა და არ ემორჩილება დამწევს. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს ?
მართლაც, ყველაზე პირველი სიმპტომი ვირუსული ინფექციის, ეს არის ცხელება. ხშირ შემთხვევაში პროცესი სუბფებრილური ტემპერატურით იწყება. მშობლები ხშირად ამბობენ, რომ გუშინ 37,2-37,5 გრადუსი ჰქონდა სიცხე, მაგრამ მერე წავიდა და წავიდა მაღლა. ისეც ხდება, რომ პროცესი პირდაპირ აგრესიულად იწყება, პირდაპირ 40 გრადუსი ტემპერატურიდან და ზოგჯერ მეტიდანაც. პირველი, რაზეც მშობელი იწყებს ფიქრს და რისიც ყველაზე მეტად ეშინია ეს არის ფებრილური გულყრა, რომელიც სანახავად იმდენად მძიმეა მშობლისთვის, რომ რამდენადაც კარგად არ უნდა აუხსნა მას, რომ ბავშვს არ სჭირდება დამატებითი დახმარება, არც კბილის ჩამომტვრევა და არც ენის „ამოგლეჯა“, მაინც ძალიან შეშინებულები არიან. მთავარი აქაც იგივეა, ოქსიგენაცია, სუფთა ჰაერი, რომ გამოთავისუფლდეს ზედა სასუნთქი გზა. ცოტა გვერდზე დააწვინეთ ბავშვი, მიუშვით, ნუ შემოეხვევით და თვითონ გამოვა მდგომარეობიდან. ის საშუალებები, რასაც სახლში ვიყენებთ, დექსამეტაზონი, დიაზეპამი ეს უკვე არის ზედმეტი, დამატებითი მედიკამენტი, რომელიც შეიძლება არაფერს აფუჭებდეს, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ბავშვი თვითონ გამოდის მდგომარეობიდან.
უნდა ვეცადოთ, რომ 38,5 გრადუსამდე მაინც არ მივცეთ დამწევი ბავშვს, რადგან თავის ოქროს წესი აქვს ვირუსს, რომელთან ბრძოლაშიც თვითონ ბავშვიც გამოხატავს ბრძოლისუნარიანობას. შევეცადოთ ნუ დავთრგუნავთ სიცხეს თავშივე, 37,5-37,8 გრადუსზე, მაგრამ თუ ჩვენ ვატყობთ, რომ ეს ტემპერატურა უკვე ზემოთ მიდის და არ გვემორჩილება, განსაკუთრებით კი ღამის საათებში, როცა ეს განსაკუთრებით საშიში ხდება მშობლისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ დამწევი. ასეთი ბევრნაირი პრეპარატი არსებობს, როგორც იბუპროფენის ჯგუფის, ისე პარაცეტამოლის ჯგუფის. მთავარი ამოცანა არის, რომ შევანაცვლოთ ეს პრეპარატები ერთმანეთს, რომ არ გამოვიწვიოთ კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება. პირველი მაინც ფიზიკური მეთოდია, ნუ ჩათბუნავთ შვილებს, რომელთაც ისედაც მაღალი ტემპერატურა აქვთ. თუ ხელ-ფეხი გაყინულია, პირველ რიგში, შეათბეთ ეს კიდურები და მერე გამოიყენეთ სიცხის დამწევი. გაგრილების მეთოდებს შორის, მხოლოდ და მხოლოდ ოთახის ტემპერატურის წყალი გამოიყენეთ, გთხოვთ, რომ ძმარს, სპირტს და მსგავს რაღაცებს ნუ გამოიყენებთ. შეუპოვარი ცხელება გულისხმობს, 2-3 საათში ერთხელ 39 გრადუსს და მეტ ტემპერატურას, რომელსაც ახლავს მკვეთრი ადინამია, მკვეთრი სიფერმკრთალე და ეს ის ქეისია, როცა პირველი 24 საათი არ განიხილება და ბავშვი აუცილებლად შეფასებული უნდა იქნეს პედიატრის მიერ.
აღნიშნეთ, რომ უნდა ვეცადოთ, 38,5 გრადუსამდე არ გამოვიყენოთ სიცხის დამწევი, ეს არც იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მუდმივად ჭირვეულობს, მათ შორის, 37,2-37,5 გრადუს სიცხეზეც?
ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ, განსაკუთრებით, თუ ამას ახლავს ყურის ტკივილი, თუ ტრაგუსი მგრძნობიარეა, რადგან მოგეხსენებათ, არც იბუპროფენს და არც პარაცეტამოლს მხოლოდ სიცხის დაწევის ეფექტი არ აქვს, მათ აქვთ არასტეროიდი, ანტიანთებითი საშუალების სახელი, ისინი მუშაობენ, როგორც ანტიანთებითი, არასტეროიდული პრეპარატები.
ბავშვებში, რომელთა ანამნეზშიც არის ფებრილური გულყრა, არ განიხილება მოსაზრება, რომ 39 გრადუსამდე არ უნდა მივცეთ სიცხის დამწევი. რა თქმა უნდა, 37,5-ს გასცდება თუ არა ტემპერატურა, ასეთ ბავშვებში დამწევი რეკომენდებულია თვით ნევროლოგების მიერაც, რადგან არ დაპროვოცირდეს ახალი გულყრა, თუმცა 4-5 წლის ასაკიდან ამ ტიპის ბავშვებშიც ეს გულყრა ყოველ ცხელებაზე არ პროვოცირდება.
კვლევებზე დაყრდნობით და თქვენი დაკვირვებით, რექტალური სანთელი უფრო სწრაფად მოქმედებს სიცხის დაწევაზე თუ სიროფები?
ინდივიდუალურია. ალბათ, ხშირად მოგისმენიათ მსგავსი ფრაზაც, რამდენიც არ უნდა მივცე ნუროფენი, სიცხე არ უწევს, მივცემ პარაცეტამოლს და უწევს ან პირიქით. შესაბამისად, ესეც ქეისზეა დამოკიდებული. ჩემთვის ორივე პრეპარატი მისაღებია და ასე ვთქვათ, ჩემი მარჯვენა ხელია ცხელების მართვაში. დედა არის ექიმის საუკეთესო მეტრი, ანამნეზი ბავშვთან ვერ გროვდება, ანამნეზი გროვდება მშობელთან, რომელიც არის დაკვირვებული და რომელმაც ზუსტად იცის თავისი შვილის შემთხვევაში წინა ეპიზოდებში რა გამოადგა.
ყველაფერ იმას, რაც ჩამოთვალეთ, ტემპერატურას, ხველას და ა.შ. თითქმის ყოველთვის თან ახლავს გაჭედილი ცხვირი. ბავშვი ან მუდამ გაჭედილია ცხვირში ან მთელი სეზონი აქვს ჩამონადენი ცხვირიდან. როგორ ვიქცევით ასეთ დროს, როგორ უნდა შევარჩიოთ მკურნალობის მეთოდი სწორად?
გახანგრძლივებული სურდოს შემთხვევაში არსებობს ასეთი ძალიან მარტივი ტესტი ე.წ. ცხვირის ნაცხი, რისი მეშვეობითაც უჯრედის დონეზე ისწავლება მდგომარეობა. მიკროსკოპული გამოკვლევა ან ბაქტერიოლოგიური კვლევა ტარდება, როცა უკვე სულ შეფერილ სურდოზე ვლაპარაკობთ, მით უმეტეს, თუ ამას თან ახლავს ქრონიკული ტონზილიტი, რომელსაც პერიოდული გამწვავებები ახასიათებს. ნუ შეგეშინდებათ სიტყვის ქრონიკული ტონზილიტი, ყველა ქრონიკული ტონზილიტი არ არის საოპერაციო ქეისი, ქრონიკული ტონზილიტი ხდება საოპერაციო ქეისი, თუ წელიწადში არის 7-8 ავადობა, მაღალი ცხელებით და მწვავე ჩირქოვანი ტონზილიტით. ასეთ ბავშვებში, სადაც გახანგრძლივებულია ეს პრობლემები, არის ბევრი დამატებითი კვლევა, რის შედეგადაც იკვეთება მიზეზი. „ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი“ ამ მიმართულებით ძალიან კარგად მუშაობს.
ალერგიულ რინიტს სჭირდება სულ სხვა მართვა, ბაქტერიულს სულ სხვა. ცხვირი ერთმნიშვნელოვნად უნდა დავატენიანოთ, აღნიშნული ეფექტი აქვს იგივე პირველადად გამოსაყენებელ ზღვისა და ოკეანის წყალს, ფიზიოლოგიურით ინჰალაციას, ანტივირუსულ სპრეებს პირველი მოდის გაჭედილი ცხვირი, რადგან მაღალ ცხელებაზე ხდება გამოშრობა, გამოშრობის შედეგად კი ლორწოვანში წარმოიქმნება ის პირველი ხმა, რომელსაც ზოგი მშობელი სრუტუნს ეძახის, ზოგი ღრუტუნს. ყველაზე მძიმე შემთხვევა ღამის ხვრინვაა. თუ ხვრინვა ცხელების ხარჯზე გვაქვს, მწვავე ადენოიდიტის გამო, ამ შემთხვევაში არ არის პრობლემა, რადგან როგორც კი გადის სიმპტომები, მაშინვე ქრება ეს ე.წ. ხვრინვა, მაგრამ თუ თქვენი შვილი ხანგრძლივად სუნთქავს ხმაურიანად, ღია პირით და ეს პერიოდი არ ემთხვევა დავუშვათ, მაღალ ცხელებას ან ვირუსულ ინფექციას და ხვრინვას პერიოდულად თან ახლავს მდგომარეობა, რომ თითქოს ბავშვმა სუნთქვა გააჩერა და მერე ღრმად ჩაისუნთქა ან ამოისუნთქა, ეს უნდა შეფასდეს ოტორინოლარინგოლოგთან, პედიატრთან და თქვენ წარმოიდგინეთ, ნევროლოგთანაც, რადგან ეს შეიძლება იყოს ძილის აპნოე, რომლის ყოველი ეპიზოდი არის თავის ტვინში ჟანგვადის მიწოდების დეფიციტის შემქმნელი მექანიზმი. იმ პერიოდში ჩვენ არ ვაკონტროლებთ, თორემ დესატურირდება ორგანიზმი, მკვეთრად ვარდება სატურაცია. ასეთი ბავშვები არიან გაფანტულები, აქვთ მეხსიერების პრობლემა, ნახევრად სძინავთ გაკვეთილზე, ბაღში, ამიტომ გაჭედილ ცხვირს ნუ შეხედავთ ისე უბრალოდ, რომ არა უშავს, ავად არის და ცხვირში გაიჭედა. ჩემი თხოვნაა, ნუ გამოიყენებთ მუდმივად ქსილომეტაზოლინებს. მოვლილი, სუფთა, მსუნთქავი ცხვირი ეს არის წამყვანი თქვენი შვილების ჯანმრთელობაში.
როდის უნდა იფიქროს მშობელმა ბავშვის ემერჯენსში გადაყვანაზე, რა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას რომ ბავშვს სჭირდება გადასხმა, დამატებითი ინჰალაცია?
გადასხმა და ინფუზია ჩემთვის კიდევ ცალკე მძიმე თემაა, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხშირად, ასე ვთქვათ, დათვურ სამსახურს უწევენ სხვადასხვა ფორუმის წევრები ერთმანეთს. ისინი ღიად სთავაზობენ ერთმანეთს მედდების ტელეფონებს, რომლებიც სახლში მივლენ და გაუკეთებენ გადასხმას, ეს კი ძალიან დიდი შეცდომა. თქვენ ვერაფრით გამოიცნობთ და განსაზღვრავთ, რომელი ხსნარით სჭირდება ბავშვს დახმარება. ემერჯენსები, გადაუდებელი დღის სტაციონარები, ობსერვაციები სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ კომპეტენტურმა ექიმმა და სტაფმა მიიღოს გადაწყვეტილება იმ პარაკლინიკური კვლევებით, რომელსაც ჩათვლის საჭიროდ. თუ არის ღებინება და ფაღარათი, თუ ადინამიურია ბავშვი, მაღალ ცხელებაზეც შეიძლება ადინამიური იყოს ბავშვი, მაგრამ თუ ღებინება ახლავს შეიძლება ჰიპოგლიკემიის ან გლუკოზის სწრაფი ვარდნის ხარჯზე იყოს ასე და როცა არის მაღალი ცხელება, შეიძლება იქ გაზებისა და ელექტროლიტების დისბალანსის ხარჯზე იყოს ცუდად, ამიტომ რა ხსნარით დაიწყოთ თქვენ ინფუზია, მით უმეტეს, სახლის პირობებში, ვერ განსაზღვრავთ, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნებ ეს არ გააკეთოთ. მშობელი როცა ხედავს, რომ ბავშვი არის სრულიად ადინამიური, კონტაქტში ძნელად შემოდის, ტემპერატურას აქვს მუდმივი ხასიათი, არ იღებს საკვებს, არ იღებს სითხეს, იქ აუცილებლად დგება იმის საჭიროება, რომ ჩაერიოს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახური.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მშობლებს აქვთ წარმოდგენა, რომ მისი გაკეთების შემთხვევაში, ბავშვი აღარ იავადებს. უნდა ავადობდეს თუ არა ვაქცინირებული ბავშვი?
ეს ასე არ არის, გრიპის ვაქცინა რომ პანაცეა იყოს, დედამიწაზე არ იარსებებდა სეზონური გრიპი და არ იარსებებდა გამოთქმა, რომ არსებობს სეზონები გრიპი. ჩვენ შედარებით გვიან შევუერთდით ვაქცინაციას, თორემ მთელ მსოფლიოში უკვე დიდი ხანია ეს პროცესი მიმდინარეობს. საკუთარ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ სეზონური გრიპის დროს, თითქმის არ არის დღე, როდესაც მინიმუმ 10 პაციენტს მაინც არ ვხვდები მაღალი სიცხეებით, ცემინებით, ხველით და რაც გინდა პირბადე მეკეთოს, მაინც მჭიდრო კომუნიკაციაში ვიმყოფები მათთან. შემიძლია ვთქვა, რომ რომ არა კოვიდ მოცემულობაში ყოფნის დროს გადატანილი კოვიდ ცხრამეტი, მე ბოლო 9 წელია ვაქცინაციას ვიტარებ და მართლა არც ერთხელ ავად არ ვყოფილვარ. იმის გარანტიის მიცემა, არცერთ ექიმს არ შეგვიძლია, რომ გრიპის ვაქცინას გავაკეთებთ და ბავშვი ავად აღარ გახდება, მაგრამ გრიპის ვაქცინაცია მართლა ძალიან კარგი პროცესია იმისთვის, რომ შევაჩეროთ და შევამციროთ გრიპით გამოწვეული შემდგომი გართულებები. აუცილებლად გავითვალისწინოთ, რომ თუ ჩვენ ვაქცინირებულ ბავშვს, მეორე დღესვე დავაბრუნეთ, წავიყვანეთ საბავშვო ბაღში, იმის გარანტიის მოცემა არ შეგვიძლია, რომ ის ავად არ გახდება, რადგან იმუნიტეტის წარმოქმნას და ჩამოყალიბებას დრო სჭირდება. წარმოგიდგენიათ 4 კომპონენტიან ვაქცინაში რამდენი ნივთიერებაა ერთად, რომელიც უნდა შეისისხლხორცოს თქვენმა ორგანიზმმა და მოამზადოს იმუნური პასუხი. ეს ხომ არ არის წითელა, წითურა, ყბაყურა ან დიფტერია და ტეტანუსი, რომელ ვაქცინაციებზეც ასევე ხშირად ისმება კითხვები ფორუმებზე და მართალია, ეს ახლა თემას არ ეხება, მაგრამ მე ამისკენაც მოგიწოდებთ, ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი გვერდითი მოვლენა ბევრად უფრო სასაცილოა, ვიდრე ამ მძიმე ინფექციებით გამოწვეული, დამდგარი შედეგები.