B – ჯგუფის ყველა ვიტამინი ხარშვის, წვის და დაკონსერვების დროს იშლება. B1 და B2 ვიტამინი განსაკუთრებით სწრაფად იხარჯება ალკოჰოლიკებსა და მწეველებში. C ვიტამინის დიდი დოზები, რომლებსაც განსაკუთრებით უკონტროლოდ ვიღებთ გრიპის ეპიდემიის დროს, ხელს უშლის B12 ვიტამინის ათვისებას. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ B – ჯგუფის ვიტამინები ერთმანეთის გარეშე თავის სამკურნალო თვისებებს კარგავს. ამიტომ, თუ თქვენს ამ კომპლექსიდან თუნდაც ერთს საჭიროებთ, აუცილებლად მიიღეთ მთელი კომპლექსი, რათა ბალანსი არ დაირღვეს. ვიტამინები მცირე რაოდენობით არის საჭირო ორგანიზმისთვის, მაგრამ მათი როლი საკმაოდ დიდია.
ვიტამინი B1-თიამინი ტვინის მუშაობასთან მჭიდრო კავშირშია. მისმა სულ მცირე დეფიციტმა შეიძლება ათვისების უნარის დაქვეითება გამოიწვიოს , ხოლო კვების რაციონში მისი დამატება გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაგეხმარებათ. თიამინის მიღება ასევე მოგიხსნით ემოციურ დარღვევებს, კუნთოვან ტკივილებსა და კრუნჩხვებს. ვიტამინი B2-რიბოფლავინი ცხიმოვანი მჟავების ჟანგვისა და ენერგეტიკული ცვლის პროცესში მონაწილეობს. შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ინფარქტისა და ინსულტის შემთხვევები. იგი ორგანიზმის ზრდას უწყობს ხელს. ვიტამინი B6-პირიდოქსინი სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებს, ორგანიზმიდან გამოჰყავს ჭარბი სითხე და შესაბამისად ამცირებს არტერიულ წნევას. მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში ინარჩუნებს ჰორმონალურ წონასწორობას. ახდენს ნერვული სისტემის მუშაობის ნორმალიზებას.
ვიტამინი B12-ციანკობალამინი მონაწილეობს უჯრედულ დაყოფაში, ანუ აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის ყველა უჯრედისათვის, მაგრამ განსაკუთრებით სისხლისა და კანის უჯრედებისათვის. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფოლიუმის მჟავა, რომელიც აუცილებელია ცილის ბიოსინთეზის, ჰემოგლობინის წარმოების, კანის უჯრედებისა და თმის გაჯანსაღებისათვის. მისი მიღება აუცილებელია ორსულებისათვის. B6 და B12 ვიტამინებთან ერთად ფოლიუმის მჟავა გულის დაავადებათა პროფილაქტიკის სამსახურში დგას. B – ჯგუფის ვიტამინები იცავს კუჭქვეშა ჯირკვალს და აუმჯობესებს მის უნარს ინსულინის გამომუშავების თვალსაზრისით. აკონტროლებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში. მთავარი, რასაც ეს ვიტამინები უზრუნველყოფენ როგორც ერთად ისე ცალ-ცალკე, არის ენერგიისა და განწყობის მომატება, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისათვის.