LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ბავშვი ლაპარაკს აგვიანებს, არ რეაგირებს სახელზე, არ ასრულებს დავალებებს – მედეა ზირაქაშვილი ხშირად დასმულ კითხვებს გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან” პასუხობს

34
medeaziraqashvili

როგორ ამოვიცნოთ აუტიზმი ბავშვებში, რა სიმპტომები შეიძლება ჩაითვალოს საყურადღებოდ და რატომ გახშირდა მეტყველების დაგვიანება ბავშვებში –  ამ თემებზე გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან” მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, ბავშვთა ფსიქიატრმა და ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა ისაუბრა.

გადაცემის ლაივი LIVE

მედეა, დიდი მადლობა სტუმრობისათვის. მოდით, საუბარი დავიწყოთ ახალი კვლევებით. გაიდლაინები მინიმუმ წელიწადში ერთხელ ახლდება და საინტერესოა, ამ ეტაპზე თუ არის გამოქვეყნებული რაიმე ახალი კვლევა, რომელიც დაგვეხმარება თუნდაც აუტიზმის გამომწვევი მიზეზების დადგენაში? თუ არის რაიმე ახალი კვლევა, რომელიც აზუსტებს თუ რა შეიძლება გახდეს აუტისტური სპექტრის აშლილობის მიზეზი?

მედეა ზირაქაშვილი: პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ამ თემაზე ვსაუბრობთ თქვენი ეთერის საშუალებით, რადგან აპრილი აუტიზმის თვეა, ამ თვეში ჩვენ აქტიურად ვერთვებით  აუტიზმის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიაში.

საუბარს საკმაოდ რთული თემით ვიწყებთ, რომელიც წლიდან წლამდე არც ისე დიდ ცვლილებებს განიცდის. დღემდე საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ არსებობს აუტიზმის სპექტრის აშლილობის წარმოშობის რისკ-ფაქტორები, ზუსტი მიზეზები კი ცნობილი არაა. თუმცა წინა პერიოდთან შედარებით კიდევ უფრო დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობას გააჩნია გენეტიკური წინასწარგანწყობა. ამაზე სულ უფრო და უფრო მეტი კვლევა ტარდება. ადამიანები ხშირად გვეუბნებიან, რომ მათ ოჯახში აუტიზმის სპექტრის აშლილობა არავის ჰქონია, თუმცა გენეტიკურად ინფორმაციის გადაცემის სხვადასხვა გზები არსებობს. აქ აუცილებლად უნდა შევეხოთ ეპიგენეტიკას.  ითვლება, რომ გენში ხდება დნმ-ის ერთგვარი ბიოქიმიური მოდიფიკაცია  გარემო-ფაქტორების გავლენით, რაც გავლენას ახდენას გენების ექსპრესიაზე და გვაძლევს აუტიზმის სპექტრის აშლილობის კლინიკას. გამოყოფენ ყველაზე ხშირად გამოვლენილ რისკ-ფაქტორებს, როგორიცაა დედმამიშვილი ოჯახში ამ დიაგნოზით. ასეთ შემთხვევაში სხვა შვილში  აუტიზმის სპექტრის აშლილობის განვითარების რისკი 5-35%-ით იზრდება. გარდა ამისა, რისკ-ფაქტორია ხანდაზმული მშობლები ან ძალიან ახალგაზრდა მშობლები. რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ იმ მშობლების შვილებიც, რომელთა ასაკშიც დიდი სხვაობაა, ან მამის ასაკია ხანდაზმული. 2018 წლის საერთაშორისო ექსპერტთა კონსესურ კონფერენციის რაპორტში ვკითხულობთ, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის ერთ-ერთ აქტიურ რისკ-ფაქტორად მიჩნეულ იქნა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები, რომლებიც ამჟამად ყველაზე აქტიურად გამოიყენება და შეიძლება ამიტომაც დაგროვდა ინფორმაცია, რის საფუძველზეც მათი რისკ-ფაქტორებად მიჩნევა გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა, ხშირად საუბრობენ იმაზეც, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის რისკ-ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ სხვადასხვა ნივთიერებების დეფიციტი, მაგალითად ფოლიუმის მჟავის ან რკინის. გარკვეული გავლენა შესაძლოა იქონიოს მშობლების ზედმეტმა ან ზომაზე ნაკლებმა წონამ, შაქრიანმა დიაბეტმა, გადატანილმა ინფექციებმა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში ვერსად შეხვდებით ეკრანს და ციფრულ ტექნოლოგიებს, რომელთა აუტიზმის რისკ-ფაქტორად მოაზრება ერთგვარი მითია.

მთავარი, რისიც მშობლებს ეშინიათ ხოლმე, ეს არის მეტყველების დაგვიანება ბავშვებში. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს ძალიან გავრცელებული პრობლემაა. არის თუ არა მეტყველების დაგვიანება ყოველთვის იმის მაჩვენებელი, რომ აქმე აუტიზმის სპექტრის აშლილობასთან გვქვს?

მედეა ზირაქაშვილი: პირდაპირ გეტყვით, რომ არა. მეტყველების განვითარების დაგვიანება შეიძლება ძალიან ბევრმა ფაქტორმა გამოიწვიოს. ენის და მეტყველების განვითარების დარღვევები,  დიაგნოზების სრულიად სხვა მიმართულებაა. ხანდახან მშობელი, რომელიც მოგვმართავს, ამბობს რომ თითქოს მის შვილს არ ესმის, რას ეუბნებიან.  ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, თუ რამდენად აქცევს ბავშვი ყურადღებას მშობელს. შეიძლება ბავშვმა რომელიღაცა სიტყვის მნიშვნელობა არ იცის და ამიტომ ვერ ასრულებს მშობლის თხოვნას, ესეც გასათვალისწინებელია. მაგალითად თუ თქვენ ბავშვს ეუბნებით, რომ აიღოს ფანქარი და მაგიდაზე დადოს, ის კი იღებს ბურთს და სკამზე დებს ეს იმას ნიშნავს, რომ მან თქვენი ნათქვამი ნაწილობრივ გაიგო. თუ ბავშვი ვერ იგებს მშობელი რას ეუბნება, მარტივად შეიძლება ვიფიქროთ, ხომ არ არის აქ ინფორმაციის გაგების და გადამუშავების პრობლემა. ასეთ დროს ბავშვი მოტივირებულია დავალების შესასრულებლად, მაგრამ სიტყვასიტყვით არ ესმის დავალება. ჩვენ ამას რეცეფტული ენის დარღვევას ვეძახით, რეცეფტული ენის დარღვევა შესაძლოა იყოს, როგორც იზოლირებული დიაგნოზი, ასევე სიმპტომი, რომელიც სხვა დიაგნოზს ახლავს თან.

– იგივე გაგების და დავალების შესრულების უნარი ბავშვს ერთი წლის ასაკიდან მოეთხოვება?

მედეა ზირაქაშვილი: გააჩნია დავალების სირთულეს. ბევრად ადრეც…მაგალითად, 1 წლის ასაკის ბავშვი უშეცდომოდ და ადეკვატურად უნდა მიუთითებდეს სხეულის ნაწილებზე. ის უნდა ასრულებდეს მარტივ, ერთეტაპიან  დავალებებს, მაგალითად „მომაწოდე ბურთი“. ეს მისი ასაკისათვის შესაფერისი დავალებაა.

მეტყველების  დაგვიანება, უფრო სწორი იქნებოდა ენის განვითარების დაგვიანება, შეიძლება გამოწვეული იყოს ექსპრესიული ენის შეფერხებითაც. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ბავშვს შინაარსობრივად ყველაფერი ესმის, დავალებებს ასრულებს ძალიან კარგად, მაგრამ არ აქვს საკმარისი სიტყვათა მარაგი საიმისოდ, რომ შევიდეს კომუნიკაციაში გარშემომყოფებთან, გადმოსცეს საკუთარი აზრები, გააჟღეროს მოთხოვნები. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, სმენის დარღვევით გამოწვეული ენის განვითარების შეფერხება. ჩვენთან მოსულ პაციენტებს პირველად იმას ვეკითხებით, გაკეთებულია თუ არა სმენის სკრინინგი ანუ შემოწმებულია  თუ არა  სმენა.

მიზეზი შეიძლება იყოს გარემო დეპრივაციაც, როცა გარშემომყოფები არ შედიან ბავშვთან აქტიურ კონტაქტში, ბავშვს არ აქვს გარემოდან ინფორმაციის მიწოდების ადეკვატური წყარო, მას ძირითადად პასიურად მიეწოდება ინფორმაცია, მხოლოდ პასიური მსმენელია ან ჰიპერმზრუნველობის ობიექტია და არ უწევს ზრუნვა მოთხოვნების და ურთიერთობის ვერბალურად გასახმოვანებლად. ესეც აფერხებს ენის განვითარებას.

თუ ბავშვი აგვიანებს ენის განვითარებას და პარალელურად ჩვენ ვხედავთ გარკვეული მოტორული და ფიზიკური განვითარების სირთულეებსაც, აქ უკვე სულ სხვა დიაგნოსტიკურ კატეგორიაზე გვეპარება ეჭვი და ა. შ.

რაც შეეხება სიმპტომებს, რომელთა გამოვლენის დროსაც ეჭვი უშუალოდ აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე მიგვაქვს თუ:

ბავშვს უჭირს მზერითი კონტაქტის დამყარება,

არ აქვს სოციალური ღიმილი,

არ რეაგირებს  საკუთარ სახელზე, ან რამდენიმეჯერ დაძახება სჭირდება,

არ უსმენს რას ეუბნებიან,

არ იყენებს მიმიკა-ჟესტებს მეტყველების დეფიციტის საკომპენსაციოდ,

არ უზიარებს გარშემომყოფებს სიხარულს და ყურადღებას,

არ აქვს ადეკვატური მიმიკური გამომეტყველება სხვადასხვა ემოციის დროს,

არ ასრულებს ინსტრუქციებს,

მშობელს უჭირს დააინტერესოს სხვადასხვა შეთავაზებისას, ან მხოლოდ საკუთარ ინტერესების დროს რეაგირებს მხოლოდ,

არ ერთვება თამაშში ადეკვატურად, არ ინტერესდება ბავშვებთან ურთიერთობით,

არ იყენებს საგნებს ფუნქციურად, იციკლება ერთიდაიგივე საგნებზე, დეტალებით ინტერესს მეტად გამოხატავს ან წამიერად ინტერესდება და ადვილად გადაერთვება საგნიდან და აქტივობიდან.

აქვს აკვიატებული ქცევები და მოქმედებები,

სიხარულს და გაბრაზებას გამოხატავს განმეორებადი მოძრაობებით, ხელებს აქნევს, იძაბება, შეაჟრჟოლებს, წინ და უკან დარბის.

და არის კიდევ საკმაოდ ბევრი ნიშანი….

-საინტერესოა თუ არის შესაძლებელი, რომ ბავშვს აუტიზმის სპექტრის აშლილობა მხოლოდ ერთი ან რამდენიმე სიმპტომით გამოუვლინდეს და არა ყველა სიმპტომით? მაგალითად თუა შესაძლებელი, რომ ბავშვს, რომელსაც აქვს ნორმალური მოტორული უნარები, ჰქონდეს მხოლოდ მეტყველების განვითარების პრობლემა ან სახელზე არ რეაგირებდეს? ან თუ არის შესაძლებელი რომ ბავშვს აუტიზმის სპექტრის აშლილობა მხოლოდ არაადეკვატური მიმიკური რეაქციებით გამოეხატოს?

 მედეა ზირაქაშვილი: აუტიზმის სპექტრის აშლილობა კომპლექსური დიაგნოზია.  ამ დიაგნოზის დასასმელად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს პრობლემები ჰქონდეს სოციალური კომუნიკაციის სფეროში, ინტერესების თვალსაზრისით და ქცევებში. აღნიშნული სფეროების სირთულეებს ხშირად თან ახლავს სენსორული დეზინტეგრაციის ნიშნებიც. ერთი სიმპტომის არსებობით აუტიზმის დიაგნოზი არ ისმება.

-მედეა, აუტიზმის სპექტრის აშლილობის ფორმებზე მინდა გკითხოთ. ვიცით, რომ ამ მდგომარეობას მსუბუქი და მძიმე ფორმები აქვს. რა განსხვავებაა მათ შორის? ეს განსხვავება სიმპტომების დონეზე ჩანს თუ არა და შესაძლებელია თუ არა, რომ მსუბუქი მიმდინარეობისას სიმპტომები ისე ალაგდეს, რომ აშლილობის კვალი წაიშალოს?

მედეა ზირაქაშვილი: დიახ, აუტიზმის სპექტრის აშლილობას აქვს ხარისხები და მათ სხვადასხვა კლინიკური გამოვლინება აქვთ. სპექტრი თავის თავში ამას მოიაზრებს, რომ ერთიდაიგივე დიაგნოზის ქვეშ ნიშნების გამოხატულების სიმძიმე ძალიან ვარირებს, გვაქვს შემთხვევები, სადაც პრაქტიკულად ყველა სიმპტომს ვხვდებით და არის ძალიან მსუბუქი შემთხვევები, ერთეული ნიშნით. ყველა ამ შემთხვევას აერთიანებს სირთულეები სოციალურ  კომუნიკაციაში, ინტერესების შეზღუდვის და ქცევის კუთხით. როგორც წესი, მძიმე შემთხვევების დიაგნოსტირება უფრო ადრეულ ასაკში ხდება. მაგალითად, ორი წლის ასაკის ბავშვი მშობელს ექიმთან მაშინ მიჰყავს, თუ მას ძალიან მწვავედ გამოხატული პრობლემები აქვს. ფაქტიურად, მსუბუქი შემთხვევები ჩვენთან 4-5 წლამდე ან სასკოლო პერიოდამდე არ ხვდება.

-საინტერესოა, რომ სტატისტიკურად აუტიზმის სპექტრის აშლილობა გაცილებით ხშირად ფიქსირდება ბიჭებთან, ვიდრე გოგონებთან. რა არის ამის მიზეზი?

მედეა ზირაქაშვილი: ეს შეკითხვა ნამდვილად ბევრ ადამიანს აქვს. გავრცელებული მოსაზრება, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობა მხოლოდ ბიჭებს ემართებათ, მითია. თუმცა რეალობაა, რომ გოგონებს გაცილებით იშვიათად უსვამენ ამ დიაგნოზს. 2018 წელს ამერიკის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრმა გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიჭებში ეს დიაგნოზი დაახლოებით 4,5-ჯერ მეტია, ვიდრე გოგონებში. იქამდე ითვლებოდა, რომ ბიჭებს აუტიზმის დიაგნოზს დაახლოებით 5-6-ჯერ მეტ შემთხვევაში უსვამდნენ. მეცნიერთა ვარაუდით, ეს მაჩვენებლები იმით კი არ არის გამოწვეული, რომ გოგონებში  სიხშირემ მოიმატა, არამედ იმით, რომ გოგონებში აუტიზმის სპექტრის აშლილობის ამოცნობა გაუმჯობესდა. საქმე იმაშია, რომ გოგონებში აუტიზმის დიაგნოსტირება გართულებულია, რადგან როგორც წესი, მათთან აუტიზმი მიდის წაშლილი, განსხვავებული კლინიკით. ითვლება, რომ თუ ადრეულ ასაკში ჩვენთან მოყვანილი პაციენტი გოგონაა, ესე იგი საქმე მძიმე შემთხვევასთან გვაქვს, რადგან ზოგადად მომართვიანობის ასაკი გოგონების შემთხვევაში ძალიან გადავადებულია. ბევრი პრობლემის ჩამოთვლა შეიძლება, რომელიც ასე ავადებს მომართვიანობას. ეპიგენეტიკის დონეზე ითვლება, რომ ქალებს ბევრი დამცველობითი, პროტექტორული მექანიზმი აქვთ, რომელიც მათ აუტიზმის სპექტრის აშლილობისგან იცავს. ბიჭებში ეს ზღურბლი შედარებით დაბალია. ითვლება, რომ გოგონებს აქვთ უნიკალური უნარი – მათ არ უყვართ განსხვავებულობა, ისინი უფრო ცდილობენ, სხვების მსგავსნი იყვნენ და ამიტომ უკეთესად ირგებენ სოციუმის  წნეხს. გოგონები გაცილებით იოლად ემსგავსებიან თანატოლებს და კომუფლაჟის პრინციპით მალავენ პრობლემას. აუტიზმის დიაგნოზი შეიძლება დაესვას 30 წლის ასაკის ქალს, და ესეც იმის გამო, რომ შვილს დაუსვეს ამ მდგომარეობის დიაგნოზი და დედამ ამიტომ მიაქცია საკუთარ ნიშნებს ყურადღება.

ითვლება, რომ თუნდაც დიაგნოსტირების ინსტრუმენტები, მეტად მორგებულია პრობლემა დაიჭიროს მამრობით სქესში. საგნებიც კი, რომლებიც დიაგნოსტირებისას გამოიყენება მეტად სენსიტიურია ბიჭებითვის და ნაკლებად გოგონებისთვის.

ქალს, აუტიზმის სპექტრით, ხშირად ახასიათებს მთელი რიგი ქცევები, მაგალითად მორცხვობა, კარჩაკეტილობა, ნაკლები ინტერაქცია და კომუნიკაცია სხვებთან, რაც სულაც არ ითვლება არანორმალურად მდედრობითი სქესისთვის. საზოგადოებას მიაჩნია, რომ ქალია და მორიდებულია, ქალია და მორცხვია… ბიჭებთან პირიქით, იგივე ქცევა განიხილება როგორც პრობლემატური.  უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ითვლება, რომ ბიჭებში აუტიზმის სპექტრის აშლილობა ბევრად კლასიკურად მიდის, გოგონებში კი, ერთგვარად შენიღბულად.  გოგონების მომართვიანობა გაცილებით მეტია თინეიჯერულ ასაკში. ძალიან ხშირად ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც მშობელი ხედავს, არის პრაგმატული ენის დარღვევები. გოგონებს უჭირთ სოციუმში ადაპტირება, არ იციან რა გარემოში როგორ მოიქცნენ, ვისთან როგორ იკონტაქტონ, როგორ დაიწყონ, გააგრძელონ და შეინარჩუნონ დიალოგი. რიგ შემთხვევებში ისინი ზედმეტად ფამილარულები არიან, აქვთ ფრუსტრაციის დაბალი ზღვარი, ასევე, ემოციური დისრეგულაცია. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ქალებში გაცილებით ხშირია შფოთვითი აშლილობები და ძალიან ხშირად ვხვდებით კომორბიდულ შფოთვით აშლილობას, რომელმაც შესაძლოა გადაფაროს აუტიზმის სპექტრის აშლილობის კლინიკა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გოგონებს ერთი შეხედვით აუტიზმის სპექტრის აშლილობების კუთხით საქმე უკეთესად აქვთ, მათ გაცილებით ცუდი მდგომარეობა აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობების თვალსაზრისით. აუტიზმის მქონე გოგონებთან დეპრესიის და შფოთვითი აშლილობის რისკი ძალიან მაღალია.

-მედეა, მინდა გკითხოთ დიაგნოსტირების შესახებ. რის საფუძველზე სვამენ ამ დიაგნოზს, რის საფუძველზე დგინდება, რომ ეს სწორედ აუტიზმის სპექტრის აშლილობაა და არა რამე სხვა, ასევე რა სახის თერაპიას გადის პაციენტი, რომელ ასაკამდე გრძელდება ეს თერაპია და როდის ჩანს პირველი შედეგები?

მედეა ზირაქაშვილი: პირველი, რაც დიაგნოსტირებისთვის მნიშვნელოვანია, ეს არის მშობელი, რომელიც უნდა იყოს ყურადღებით. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან პირველ რიგში მშობელმა უნდა შენიშნოს პრობლემა და მოგვაკითხოს. ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღებით იყვნენ პედიატრებიც, პირველადი ჯანდაცვის  რგოლის წარმომადგენლები. ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც მშობელი ამბობს, რომ მან ადრეულ ეტაპზე შენიშნა დარღვევა, მიმართა პედიატრს, თუმცა მან მხოლოდ მოცდა ურჩია და დააიმედა, რომ ბავშვს ეს ყველაფერი თავისით გაუვლიდა. არადა, აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზის დროს, გამოსავლის თვალსაზრისით, ადრე დაწყებული თერაპია შეიძლება გადამწყვეტი იყოს. სწორედ ამიტომ განვითარებულ ქვეყნებში არის ასაკობრივი განვითარების სკრინინგი, 6, 9, 12, 18 თვის ასაკის ბავშვები გადიან განვითარების სკრინინგს და ეს კეთდება იმისათვის, რათა პედიატრს არ გამოეპაროს განვითარების ნებისმიერი დარღვევა. იქ კარგად იციან, რამხელა მნიშვნელობა აქვს ადრეულ ჩარევას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ექიმამდე მოსვლა. პრობლემის გადასალახად კონკრეტულად ამ სფეროს სპეციალისტს უნდა მივაკითხოთ. აქ ვხვდებით მთელ რიგ პრობლემებს. მაგალითად შესაძლოა დედამ მიიჩნიოს, რომ ბავშვი „ბიჭია და გვიან ალაპარაკდება, რა მოხდა. მამამისიც ასე იყო, ბაბუაც“. ან შესაძლოა მშობელს „კეთილისმყოფელმა“ უთხრას, რომ „ბავშვი პატარაა ჯერ“, მისი შვილიც ასე იყო და დღეს არაფერი სჭირს. ეს ყველაფერი უნდა გადაილახოს და სპეციალისტს მივმართოთ. შემდეგი ეტაპი არის უკვე დიაგნოსტირება რამდენიმე კომპონენტის ჩართვით. ვაკვირდებით ქცევებს, ვიკვლევთ ურთიერთობებს გარემოსთან. დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტი გულისხმობს ორ ძირითად ტესტს. პირველი, ეს არის ინტერვიუ მშობელთან – ADI-R (Autism Diagnostic Interview), რომელიც დაახლოებით ორ საათს გრძელდება. ინტერვიუს დროს ვაზუსტებთ ბავშვის ცხოვრების შესახებ ყველა დეტალს, დაბადებიდან დღემდე. ვკითხულობთ მშობლის ორსულობის და მშობიარობის ანამნეზს, ვკითხულობთ ასევე როგორ შეამჩნია მშობელმა სირთულეები, სად და რა ასაკში შენიშნა მან პრობლემა. ინტერვიუს დროს ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით ვაგროვებთ ყველანაირ ინფორმაციას: მეტყველების განვითარებას და კომუნიკაციის უნარებს, სოციალურ განვითარებას, ბავშვის თამაშის უნარს,  ინტერესებს და ზოგადად ქცევას.

დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად აღიარებული მეორე ინსტრუმენტი გახლავთ ADOS (Autism Diagnostic Observation Schedule), რომელიც მოიაზრებს უშუალოდ ბავშვის ქცევაზე დაკვირვებას. ერთია მშობელს რა ინფორმაცია აქვს ბავშვზე და მეორეა სპეციალისტი რას ხედავს. ADOS-2 ტესტი ზუსტად იმას გულისხმობს, რომ სპეციალისტი ამ კონკრეტულ სივრცეში, ადგილას და დროს ახდენს პაციენტის შეფასებას. შეფასების პროცესში მხოლოდ იმას აღვწერთ, რასაც ვხედავთ, არც მეტს, არც ნაკლებს. აღწერის შემდეგ ხდება ქცევების ქულებით შეფასება და აუტიზმის ზღვრულ ქულებთან შედარება.

მნიშვნელოვანია შევაფასოთ ბავშვის ინტელექტუალური განვითარება და ადაპტაციური ქცევები. ამისათვის სპეციალური ტესტები არსებობს. ადაპტაციის უნარის შეფასება მნიშვნელოვანია, რადგან ერთია შესაძლებლობების ქონა და მეორეა მათი გამოყენების ხარისხი. აუტიზმის სპექტრის აშლილობის შემთხვევაში ბავშვს აქვს შესაძლებლობები, მაგრამ აქვს მათი ადეკვატურად გამოყენების პრობლემა. მინდა აღვნიშნო, რომ აუტიზმს ინტელექტუალური პრობლემები ყოველთვის თან არ ახლავს, შემთხვევათა 46%-ში ინტელექტუალური განვითარების პრობლემები არ გვხვდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დიაგნოსტირებაში არის ამ მონაცემების და კლინიკური დაკვირვების მისადაგება სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებთან. აუტიზმის სპექტრის აშლილობა კლინიკური დიაგნოზია.  ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორიული ან ინსტრუმენტული გამოკვლევები, რასაც დავეყრდნობით დიაგნოსტირებისას, ამიტომ მივყვებით სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი, რასაც ვხედავთ აკმაყოფილებდეს მკაცრად გაწერილ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს.

თქვენ ბრძანეთ, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში აღმოვაჩენთ პრობლემას და მივმართავთ ექიმს, მით უკეთესი შედეგი ექნება თერაპიას. შესაძლებელია თუ არა, რომ დროული თერაპიის შედეგად აუტიზმის სპექტრის აშლილობის კვალი სრულიად წაიშალოს?

მედეა ზირაქაშვილი:  მოდით ასე ვთქვათ: მდგომარეობის ისე შემსუბუქება, რომ ბავშვმა შეძლოს გარემოში ადეკვატური ადაპტირება, რასაკვირველია შესაძლებელია. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ეს არასწორად არ გამოიყენონ, რადგან ამ კვალის წაშლა და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არსებული გამოწვევების გადალახვა აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანისთვის ძალიან რთულია. შესაბამისად ამ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც ამას მოახერხებენ არც თუ ისე დიდია. აქვე უნდა შემოვიტანოთ ტერმინი „ოპტიმალური გამოსავალი“. რა არის ის? ეს არის ის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შესაძლებელია აუტიზმის სპექტრის მქონე ინდივიდებში თერაპიის შედეგად, როდესაც არსებული ნიშნები უკვე აღარ აკმაყოფილებს აუტიზმის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს და ოქროს სტანდარტის ინსტრუმენტებით შეფასებისას ქულობრივი მონაცემები აუტიზმის ზღვრული ქულობრივი მაჩვენებლების ქვემოთაა, ინტელექტის მაჩვენებელი 70-ს ზემოთაა და მათ შეუძლიათ დახმარების გარეშე სწავლა და ადეკვატურად ადაპტირება გარემოში. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არსებობდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა სირთულეები, მაგალითად ემოციური დისრეგულაცია,  შფოთვითი აშლილობები, ამ კრიტერიუმების არსებობა ნიშნავს ოპტიმალურ გამოსავალს. ასეთი ინდივიდების პროცენტული მაჩვენებელი სხვადასხვა კვლევით 3-25%-ს შორის მერყეობს. ბოლო დროის ზოგი კვლევით კი მხოლოდ 9%-ია.

იმისათვის, რათა ვისაუბროთ ოპტიმალური გამოსავლის შესაძლებლობაზე, მნიშვნელოვანია მთელი რიგი ფაქტორები, მათ შორის: ადრეული დიაგნოსტიკა, ადრეული მიმართვიანობა, ადრეული თერაპია, თერაპიის ინტენსივობა, ინტელექტის მაჩვენებელი, საწყისი კარგი კომუნიკაციური უნარები, ადეკვატურად ჩართული მშობელი, თერაპიის კვალიფიციური გარემო და ა.შ. რაც საბოლოოდ იძლევა შანსს, რომ აუტიზმის დიაგნოზის მქონე ადამიანმა შეძლოს გარემოში ადეკვატურად ადაპტირება და სოციუმში ინტეგრირება.

მინდა ვთქვა, რომ ხელაღებით დიაგნოზის მოხსნას მე დანაშაულად ვაფასებ, რადგან განსაკუთრებით საქართველოში, დიაგნოზის მოხსნის შემდეგ ძალიან ბევრი პრობლემა იქმნება. როცა დიაგნოზი იხსნება, ბავშვი სახელმწიფო პროგრამებიდან ვარდება. იმ შემთხვევაში, თუ მას მომავალში პრობლემა შეექმნა, მისი პროგრამაში დაბრუნება დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. ნებისმიერი სარეაბილიტაციო ჩარევა კი საკმაო თანხებს უკავშირდება, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ადვილი არ არის. დიაგნოზის მოხსნა განსაკუთრებით სარისკოა სკოლამდელ ასაკში, რადგან თუ დღეს ბავშვმა ლაპარაკი დაიწყო და 3-4 სიტყვიანი წინადადებებით საუბრობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა. სკოლის ასაკი წინაა და განსხვავებული გამოწვევები გველის. სწორედ ამიტომ, მშობელმა უნდა იცოდეს, თუ რა არის დიაგნოზის მოხსნა, რა არის ოპტიმალური გამოსავალი. სჯობს მათ გაუძლონ აუტიზმის დიაგნოზის მოხსნის სიხარულით გამოწვეულ წამიერ ცდუნებას, წინ გაიხედონ და რაციონალურად იფიქრონ ბავშვის საჭიროებებზე, სპეციალისტებმა კი ასჯერ გაზომონ და ერთხელ გაჭრან.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები