ემიგრაცია და ზოდიაქოს ნიშნების სხვა ქვეყანაში ცხოვრების მიდრეკილებები - „ასტრომაგია“

23 ივლისს საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“, სოფია ბზეკალავამ მოკლედ მიმოიხილა რეტროგრადული მერკურის საკმაოდ რთული პერიოდი, დეტალურად ისაუბრა ემიგრაციასა და ზოდიაქოს ნიშნების სხვა ქვეყანაში ცხოვრების მიდრეკილებაზე.

რეტროგრადული მერკური 

მართალია, მზის და მთვარის დაბნელების მძიმე პერიოდი დასრულდა, მაგრამ არა ნაკლებ რთული – რეტროგრადული მერკურის ფაზა თვის ბოლომდე გაგრძელდება, რაც ურთიერთობაში ქაოსის, გაუგებრობების და კონფლიქტების წარმოშობას გულისხმობს, რთული აღმოჩნდება  მოლაპარაკების გამართვა და კონსენსუსის მიღწევა, ამიტომ უმჯობესია ყველა შეთანხმება თვის ბოლოსთვის გადადოთ, მაქსიმალურად მოერიდოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებას. აღსანიშნავია, რომ რეტროგრადული მერკურის ფაზა მხოლოდ ძველი საქმეების, დაწყებული პროექტების დასრულებას, უთანხმოების გარკვევას და პირადი ან საქმიანი ურთიერთობის აღდგენას უწყობს ხელს, ის კი, ვინც ახლა ეცდება ახალი პროექტის დაწყებას ან ჩათვლის, რომ სამუდამოდ დაემშვიდობა პარტნიორს, შემოდგომაზე კიდევ ერთხელ მოუწევს ძველ საქმეებს, ურთიერთობას დაბრუნება, გადაფასება და გარკვეული კორექტივების შეტანით ყველაფრის გამოსწორება.

ზოდიაქოს ნიშნები და ემიგრაცია 

ადამიანთა ნაწილს მოგზაურობის, ცვლილებების განხორციელების თანდაყოლილი თავისებურება ახასიათებს, ნაწილი კი, მთელ ცხოვრებას ერთხელ არჩეულ ადგილას ატარებს და ნაკლები ხალისით ხვდება ცვლილებებს. სხვათაშორის, ემიგრირებისკენ მიდრეკილება, რისკი და შესაძლო პრობლემები ადამიანის პირად ჰოროსკოპშია მინიშნებული, თუმცა, მას, ვინც მსგავს მინიშნებას უგულველყოფს ან თავის დაღწევას ეცდება, სამყარო ნებისმიერ შემთხევვაში აიძულებს მისი განსხვავებული ფორმით დამუშავებას. აღსანიშნავია, რომ ყველა ქვეყანას თავისი ზოდიაქოს ნიშანი აქვს, ამიტომ, ვინც ემიგრირებაზე ფიქრობს, შესაფერისი ქვეყანა სწორედ პირად ჰოროსკოპში უნდა მოიძიოს.

ვერძი – მოძრავი და მობილური ვერძი, რომელსაც ძალიან არ უყვარს რუტინა და ერთფეროვნება, არასდროს ერიდება ემიგრირებას, რადგან უცხო ქვეყანა მისთვის საინტერესო გამოწვევა და ახლის დაწყების შანსია. ასე რომ, თუ ვერძმა ვერ მოახერხა საკუთარ ქვეყანაში თვითდამკვიდრება და შესაძლებლობების რეალიზება, დაუფიქრებლად გაემგზავრება საზღვარგარეთ, სადაც სწრაფად შეძლებს ადაპტირებას, არ გაუჭირდება უცხო გარემოს მორგება და საკუთარი კომფორტის ზონის მოწყობა.

კურო – ზანტი კუროსთვის ემიგრაცია ყოველთვის სერიოზული სტრესია, რადგან სწრაფად ეჩვევა ერთ ადგილს და მაშინაც არ ტოვებს, თუ ჩვეული გარემო მის განვითარებას აფერხებს. ემიგრირებას ზოდიაქოს ამ ნიშანს მხოლოდ მატერიალური პრობლემები აიძულებს, რადგან ძალიან უყვარს ფუფუნებაში ცხოვრება და სწორედ კომფორტის ნებისმიერ ფასად შექმნის სურვილით მიემგზავრება საზღვარგარეთ, თუმცა ძალიან დიდი დრო სჭირდება ადაპტირებისა და ცხოვრების ახალი წესის მისაღებად.

ტყუპები – ცნობისმოყვარე ტყუპებს, ვერძის მსგავსად სწრაფად ბეზრდებათ ერთფეროვნება, ყოველთვის სპონტანურად ალაგებენ ზურგჩანთას და აზარტით ებმებიან თავგადასავლებში. სხვათაშორის, ზოდიაქოს ამ ნიშანს ადაპტირების ფანტასტიკუტრი უნარი აქვს, ნებისმიერ ახალ გარემოს, ახალა ადამიანებს სწრაფად ეჩვევა და ყველგან მარტივად იწყობს კომფორტის ზონას.

კირჩხიბი – მართალია, პატრიოტ კირჩხიბს, რომელსაც ძალიან უყვარს სამშობლო და ოჯახი, ძალიან უჭირს ჩვეული გარემოს დატოვება, მაგრამ ასტროლოგიური სტატისტიკის თანახმად, სწორედ კირჩხიბი ემიგრირებს სხვებზე ხშირად, რაც პირველ რიგში მყუდროების, იდეალური სახლის ძიებით აიხსნება. არაა გამორიცხული სწორედ საზღვარგარეთ მიაგნოს კირჩხიბმა სანატრელ კომფორტს, თუმცა ძალიან გაუჭირდება ოჯახის გარეშე ცხოვრება, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს ახლობლების წასაყვანად.

ლომი – ამაყი და ყურადღებით განებივრებული ლომი მეტწილად მიღწეულის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, უყვარს გარემო სადაც აფასებენ, პატივს სცემენ და ძალიან უჭირს უცხო ქვეყანაში ცხოვრების თავიდან დაწყება, თუმცა მოსწონს კომფორტულად მოგზაურობა.

ქალწული – გაუბედავ ქალწულს ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა, ახლის დაწყება აშინებს, თუმცა, თუ გაბედა, მისი შეჩერება შეუძლებელი იქნება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ საცხოვრებლის შეცვლასაც ყოველთვის ერიდება.

სასწორი – ერთგული სასწორი, რომელიც პარტნიორობის ნიშნად ითვლება, ემიგრირების გადაწყვეტილებასას პარტნიორის ხათრით ღებულობს, როცა ან უცხოელ რჩეულს სტუმრობს სამშობლოში ან საყვარელ ადამიანს მიჰყვება საზღვარგარეთ.

მორიელი – ქაოსის მოყვარული მორიელი, რომელსაც სწრაფად ბეზრდება სიმშიდე და ერთფეროვნება, სხვებზე ხშირად ემიგრირებს, რადგან მუდმივად ხიფათს ეძებს და სიამოვნებით ებმება ნებისმიერ ავანტურაში. სხვათაშორის, უცხო ქვეყანაში მორიელი ყოველთვის წარმატებას აღწევს და სწრაფად მდიდრდება.

მშვილდოსანი – მოხეტიალე მშვილდოსანს ბავშვობიდან ეპატარვება მშობლიური სახლი, ამიტომ მოგზაურობასაც ადრეულ ასაკში იწყებს, განსაკუთრებით ხიბლავს სპონტანურად აბარგება და ახლის, უცხოს ძიებაში შორეული ქვეყნაში გამგზავრება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ხშირად პარტნიორსაც უცხოელს ირჩევს. სხვათაშორის, მშვილდოსანთან ერთად მოგზაურობა ნამდვილი სიამოვნება და მისი დადებითი თვისებების გაცნობის საუკეთესო საშუალებაა.

თხის რქა – ბუნებით მშენებელ თხის რქას ერთ ადგილას დაფუძნება ურჩევნია, ამიტომ ძალიან უჭირს გარემოს შეცვლა, თუმცა საზღვარგარეთ გამგზავრებული სწრაფად ეჩვევა ახალ ცხოვრებას და საოცრად გამძლე, ამტანი არასდროს წუწუნებს, არ ნანობს საკუთარ გადაწყვეტილებას.

მერწყული – ცნობისმოყვარე და სიახლეების მოყვარული მერწყული ყოველთვის სიამოვნებით იცვლის გარემოს, თუმცა ვირტუალურად უფრო მეტს მოგზაურობს, ვიდრე რეალუარად, რადგან ნაკლებად ხიბლავს ფიზიკური აქტივობა და გასამგზავრებლადაც სერიოზული დრო სჭირდება.

თევზები – მართალია, ემოციური თევზები სიამოვნებით ემიგრირებენ, მაგრამ სწრაფად უფუჭდებათ განწყობა, რადგან ნოსტალგია არ ასვენებთ, უჭირთ ახალ პირობებს მორგება და ისედაც მელანქოლიურებს კიდევ უფრო მეტი სევდა ეძალებათ. სხვათაშორის, საზღვარგარეთ ყველაზე ხშირად შემოქმედი თევზები მიემგზავრებიან, რომლებიც სწორედ უცხო ქვეყანაში ახერხებენ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი