LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგრა – სასწაული სამკურნალო თვისებებით

131
გოგრა

გოგრა შესანიშნავი პროდუქტია, რომელსაც უნარი შესწევს, დიდხანს შეგინარჩუნოთ სილამაზე, ახალგაზრდობა და სექსუალური მომხიბვლელობა. სამწუხაროდ, გოგრისგან დამზადებული კერძები, ჩვენი სუფრისთვის იშვიათი სტუმრებია. მისგან შეიძლება მოვამზადოთ წვნიანი, ფაფა, გარნირი, თუმცა მთავარი მაინც მისი სამკურნალო დანიშნულებაა.


გოგრის მთავარი ღირსება კაროტინისა და ვიტამინების სიუხვეა. მისი რბილობი დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს. სასარგებლოა ბავშვებისთვისაც, რადგან ზრდას უწყობს ხელს და მოზრდილებისთვისაც, რადგან კალციუმის შეწოვას აუმჯობესებს, ძვლებსა და კბილებს ამაგრებს. გარდა ამისა, გოგრაში არის C, P, PP, E, B ჯგუფის ვიტამინები. ისინი ანელებენ დაბერების პროცესს, გვინარჩუნებენ სქესობრივ აქტიურობას, ოპტიმალურ წონას. გოგრის მინერალური შემადგენლობა (სპილენძის, ფოსფორისა და რკინის მარილები) სასარგებლოა სისხლწარმოქმნისთვის, ამიტომ ურჩევენ გოგრას ანემიისა და ათეროსკლეროზის საპროფილაქტიკოდ. გოგრა ძალიან სასარგებლოა ღვიძლის, თირკმლის, კუჭ-ნაწლავის სნეულებების დროს.


ისევე როგორც ყველა ნარინჯისფერი ნაყოფი, გოგრაც ანტიდეპრესანტად მიიჩნევა. გოგრას ორგანიზმი ადვილად ითვისებს, ამიტომ მისი კერძები რეკომენდებულია სამკურნალო და პროფილაქტიკური კვების დროს. გოგრის ნარინჯისფერი რბილობი არ აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას, რითაც ხელს უწყობს წყლულის სწრაფად შეხორცებას. გოგრა ერთდროულად კუჭის გამხსნელიც არის და შარდმდენიც. მისი კერძები რეკომენდებულია ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების, ქრონიკული კოლიტისა და ენტეროკოლიტის გამწვავების სტადიაში, მწვავე და ქრონიკული ნეფრიტისა და პიელონეფრიტის დროს. გახეხილი გოგრის კომპრესი უხდება ეგზემას, დამწვრობასა და ჩირქოვან გამონაყარს. გოგრის წვენს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, აწესრიგებს ძილს. გოგრის დიეტა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს გულისა და თირკმელების დაავადებები.


გოგრის თესლს ხალხური მედიცინა უძველესი დროიდან იყენებს როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას და შარდსასქესო ორგანოების დაავადებათა წამალს, განსაკუთრებით შარდის გაძნელებული გამოყოფისას. თუთიით მდიდარი გოგრის თესლი მამაკაცს პროსტატისგან იცავს. გოგრის ზეთი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აღადგენენ ნერვულ სისტემას, ამაღლებენ პოტენციას, ააქტიურებენ იმუნიტეტს. გოგრის ყუნწიც კი სასარგებლოა. მისი ნახარში შესანიშნავი სავლები საშუალებაა კბილის ტკივილის დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები