LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვიანი ქორწინება და მარტოობის მიზეზები – ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ნაკლებად გააჩნიათ მიდრეკილება ტრადიციული ოჯახური ცხოვრებისა და ქორწინებისკენ

18
bzekalava_1

22 ოქტომბერს საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ ბევრისთვის  აქტუალურ თემაზე – გვიან ქორწინებაზე ისაუბრა და დეტალურად განიხილა ის მიზეზები, რის გამომოც ზოდიაქოს ნიშნები ან დიდხნას ორჭოფობენ ან საერთოდ უარს ამბობენ ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმებაზე.

ბევრისთვის ძალიან დამთრგუნველია მარტოობა, რომელიც სერიოზული კომპლექსების მიზეზიც ხშირად ხდება, რადგან საზოგადოებამ ვერაფრით დაძლია მოძველებული სტერეოტიპები. მსგავსი პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში, სადაც მარტოხელა ქალი პროფესიული წარმატების შემთხვევაშიც ნაკლულად ითვლება და არავის აინტერესებს, რომ მარტოხელას სტატუსი არა უიღბლობა, არამედ აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილებაა. ცხოვრების თანამგზავრის არარსებობას განსაკუთრებით მტკივნეულად წარუმატებელი ადამიანები განიცდიან, რადგან შემდგარი და წარმატებული, რომელსაც თვითრწმენაც საკმარისი აქვს და საკუთარი თავის ფასიც კარგად იცის, არასდროს ექცევა სტიგმის გავლენის ქვეშ.

რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი დრო აქვს და ადამიანებიც განსხვავებულ, მხოლოდ მათთვის მისაღებ დროს ღებულობენ დაქორწინების გადაწყვეტილებას, რასაც უამრავი ფაქტორი, მათ შორის გენეტიკა და მშობლების მაგალითი განსაზღვრავს. ზოგი ადრე ქმნის ოჯახს და მთელი ცხოვრება ბედნიერია, ზოგი კი, მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავადაც ვერ პოულობს შესაფერის პარტნიორს, რადგან საკუთარ თავთან აქვს პრობლემა, უჭირს გრძნობებში გარკვევა და ერთგვარ ტვირთად იქცევა პარტნიორისთვის, რადგან სწორედ მასზე ხდება ემოციურად დამოკიდებული, თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც პირად ცხოვრებას კარიერას ამჯობინებს, მთელ დროს პროფესიულ განვითარებას უთმობს და ან საერთოდ უარს ამბობს ან გვიან იწყებს ფიქრს ოჯახის შექმნაზე.

ვერძი, ქალწული, მერწყული – ყველაზე „ჯიუტი“ ზოდიაქოს ნიშნები 

არ ღირს ზოდიაქოს ამ ნიშნების შეზღუდვა, ტრადიციული ოჯახის ჩარჩოებში მოქცევა და ქორწინების იძულება, რადგან შედეგად მხოლოდ იმედგაცრუებას მიიღებთ. თავისუფლების მოყვარე ნიშნები არასდროს დაემორჩილებიან თქვენს სურვილებს და მხოლოდ პრობლემებს შექმნიან ურთიერთობაში, რომელიც ბევრად ჰარმონიული იქნებოდა ქორწინების გარეშე.

ვერძი – მართალია, თავისუფლებისმოყვარე ვერძები, განსაკუთრებით ქალბატონები ან მხოლოდ რამდენიმე მარცხის შემდეგ ქმნიან ჰარმონიულ ოჯახს, ან საერთოდ უარს ამბობენ ქორწინებაზე, მაგრამ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორისაც მრავლად არიან კარგი დიასახლისები და მრავალშვილიანი დედები. მეტიც, სურვილის შემთხვევაში ვერძ ქალბატონს ერთდროულად შეუძლია ოჯახის შექმნა და ბრწყინვალე კარიერის გაკეთება, თუმცა ძალიან არ უყვარს მორჩილება, ამიტომ თუ ახალგაზრდამ იქორწინა, ზრდასრულს აუცილებლად გული აუცრუვდება. ვერძი მამაკაცი ყოველთვის გვიან ქმნის ოჯახს, რადგან ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ბავშვურს, ძალიან უჭირს გაზრდა, თუმცა ყოველთვის კარგი ურთიერთობა აქვს შვილებთან, ესმის მათი და ნებისმიერ წამოწყებაში უჭერს მხარს.

ტყუპები – მუტაბელური ტყუპების პარტნიორს მასავით ცვალებადი ხასიათი უნდა ჰქონდეს, რადგან ზოდიაქოს ამ ნიშანს ძალიან უჭირს ბუზღუნა, მუდამ უკმაყოფილო ადამიანებთან ურთიერთობა. გასაკვირი არაა, რომ მრავალფეროვნების მოყვარული ტყუპები ან გვიან ან რამდენჯერმე ქორწინდებიან, მოწყენილობის შემთხვევაში კი, სინდისის ქენჯნის გარეშე ანგრევენ ოჯახს, რადგან მალე ბეზრდებათ რუტინა და ყოველთვის პოულობენ იმას, ვისთანაც თუნდაც მსუბუქი ფლირტით გაირთობენ თავს.

ქალწული – მართალია, ბევრს ჰგონია, რომ პერფექციონისტ ქალწულს პასუხისმგებლობის ეშინია და ამიტომ ამბობს უარს ქორწინებაზე, მაგრამ სინამდვილეში, ზოდიაქოს ამ ნიშანს სწორედ პასუხისმგებლობა არ აძლევს გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას, რადგან თუ საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე არ ჯერა, არც ზედმეტ ვალდებულებას აიღებს საკუთარ თავზე. ქალწული ან ყველაფერს იდეალურად აკეთებს ან საერთოდ არ ჰკიდებს ხელს არაფერს, ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ პირველი რიგში საკუთარი თავის, მერე სხვების მიმართ მომთხოვნი, რომელსაც ყველაფერი იდეალური უნდა, ხშირად მარტო რჩება.

მშვილდოსანი – ლაღ და თავისუფალ მშვილდოსანს ძალიან აღიზიანებს სხვისი მითითებები. მართალია, თვითონ ყველას ჭკუას ასწავლის, მაგრამ არასდროს ემორჩილება სხვათა სურვილებს. აღსანიშნავია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანს მრავალჯერ დაქორწინება სჩვევია, სანამ მას არ იპოვის, ვისთანაც იდეალურ წყვილს შექმნის, ყოველთვის იმპულსურად ქორწინდება და მართალია, ყოველი ახალი რომანის დაწყებისას დარწმუნებულია, რომ იმ ერთადერთ სიყვარულს მიაგნო, ვისთანაც მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნება, მაგრამ სწრაფად ბეზრდება, სინანულის გარეშე შორდება და იწყებს ახლის ძიებას, მით უფრო, რომ თანდაყოლილი მომხიბვლელობის და ქარიზმის წყალობით ყოველთვის მარტივად იმსახურებს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა სიმპათიას. აღსანიშნავია, რომ მშვილდოსანი არასდროს იმახსოვრებს ძველ წყენას და ყოფილ პარტნიორთანაც უხერხულობის გარეშე მეგობრობს. ქალბატონების საყურადღებოდ! უმჯობესია მშვილდოსანი თქვენი მეგობარი იყოს, რადგან ოჯახურ ურთიერთობაში ნაკლებად გამოგადგებათ.

მერწყული – ასტროლოგიაში თავისუფლების სიმბოლოდ მიჩნეული მერწყული პარტნიორთან ურთიერთობას ქორწინების გარეშე ამჯობინებს, რათა არც თვითონ შეიზღუდოს, არც სხვა დათრგუნოს ვალდებულებებით. მართალია, ერთი შეხედვით, ძალიან კომუნიკაბელური მერწყული ყველასია, მაგრამ სინამდვილეში, არავის ეკუთვნის. საკმაოდ გვიან ქორწინდება, არ უყვარს აჩქარება და მანამდე ორჭოფობს, სანამ სხვის და საკუთარ გრძნობებში არ დარწმუნდება. სხვათაშორის, მერწყულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობრობაა, ნაკლებად ეძებს ვნებას, დრამას და ნებისმიერ ურთიერთობას სწორედ მეგობრობით იწყებს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამოაზრის ყოლა, რომელიც ყოველთვის ანგარიშს გაუწევს მის სურვილებს და დააფასებს თავისუფლებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები