LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმპლანტები, ვინირები და გვირგვინები – დავით თამასიძე ციფრული სტომატოლოგიის უახლეს შესაძლებლობებზე

53
davit tamasidze stumrad eqimtan

რა უნდა ვიცოდეთ იმპლანტების შესახებ, რა შემთხვევაში კეთდება ის, რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს პაციენტმა დენტალური იმპლანტაციის ოპერაციის წინ, რა ტიპის კონსტრუქციები გამოიყენება ინპლანტებზე. ასევე რითი განსხვავდება მეტალოკერამიკის, ცირკონისა და კერამიკული გვირგვინი ერთმანეთისგან – ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ კლინიკა „სითი დენტის“ ექიმმა-ორთოპედმა, დავით თამასიძემ ისაუბრა.

დავით, რა არის იმპლანტი და რა შემთხვევაში კეთდება იმპლანტი?

იმპლანტი არის საყრდენი გვირგვინი, რომელიც ზედა ან ქვედა ყბის ძვალში თავსდება, ასრულებს საყრდენ ფუნქციას და ზევიდან მასზე კეთდება კბილის გვირგვინი. მოსაცდელი პერიოდი, როგორც წესი, ქვედა ყბაზე ოთხი თვეა, ზედა ყბაზე ექვსი თვე. ბოლო წლებში ძალიან გავრცელებული პროცედურაა და ჩვეულებრივ სტომატოლოგიურ კლინიკებში ყოველდღიურ მანიპულაციას წარმოადგენს. იმპლანტი კეთდება ნაწილობრივი ან სრული ადენტიის შემთხვევაში, ანუ ერთი ან რამდენიმე კბილის დანაკლისის ან სრულიად უკბილო ყბის შემთხვევაში. წლების წინ ხიდი ერთი კბილის დანაკლისის შემთხვევაში კეთდებოდა, ანუ მეზობელი კბილები მუშავდებოდა და შესაბამისად ეს კბილებიც ზიანდებოდა. დღეს კი თანამედროვე სტომატოლოგიის პირობებში მსგავსი მანიპულაციის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, ლოკალურად კეთდება იმპლანტი და მასზე გვირგვინი ისე, რომ მეზობელ კბილებს არ ვეხებით.

რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს პაციენტმა დენტალური იმპლანტაციის ოპერაციის წინ ?

პირველ რიგში ხდება ექიმი ორთოპედის ან ქირურგ იმპლანტოლოგის მიერ პირის ღრუს დათვალიერება, სადაც ფასდება ღრძილის ბიოტიპი, ანთებითი კერები, არის თუ არა და პაციენტის ჰიგიენა, ასევე ხდება ანამნეზის შევსება, აღენიშნება თუ არა პაციენტს რაიმე დაავადება, გულსისხლძარღვთა იქნება ეს ენდოკრინული, ძვლის თუ სხვა. შესაძლოა პაციენტი სხვა პროფილის ექიმთან გადამისამართდეს, სადაც კონსულტაციას გაივლის თავის მკურნალ ექიმთან და დამატებითი კვლევები ჩაუტარდება. შემდგომ აუცილებლად ხდება კონუსური(3D) კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება. ამ კვლევის გარეშე გამორიცხულია იმპლანტაციის დაგეგმვა და გაკეთება, რადგან იმპლანტოლოგი ხედავს ძვლის მოცულობა, რა ტიპის არის ის და მხოლოდ ამის შედეგად ხდება იმპლანტაციის დაგეგმვა. არის შემთხვევები, როდესაც ძვალი განლეულია და არ იძლევა იმპლანტაციის საშუალებას, არსებობს დამატებითი მანიპულაციები, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში მაინც ხდება,  რომ ვერ ვაკეთებთ იმპლანტაციას.

რა ტიპის კონსტრუქციები კეთდება იმპლანტებზე ?

იმპლანტებზე კეთდება ფიქსირებული კონსტრუქციები, გვირგვინი, ხიდი, რომელიც ცემენტური ფიქსაციით კეთდება. ასევე არის მოსახსნელი კონსტრუქციები და ჭანჭიკოვანი ფიქსაციის გზით გაკეთებული კონსტრუქციები, რა დროსაც პაციენტს შეუძლია  წელიწადში ერთხელ მიმართოს ექიმს. ის მოხსნის, გაასუფთავებს ღრძილს და ჰიგიენას დავიცავთ სრულყოფილად. კონსტრუქციის ტიპს ექიმი ორთოპედი გეგმავს.

ციფრული სტომატოლოგია, რას მოიცავს და რა შესაძლებლობები აქვს მას ?

ციფრული სტომატოლოგია არის თანამედროვე და მომავლის სტომატოლოგია, რომელსაც იმდენი შესაძლებლბები აქვს, ჩვენც გაოცებული ვართ. ის გამოიყენება ორთოპედიაში, ორთოდონტიაში, იმპლანტოლოგიაში, ქირურგიაში. მზადდება შაბლონები იმპლანტისთვის, კომპიუტერული ტომოგრაფიის სურათი შეგვიძლია შევუთავსოთ პაციენტის პირის ღრუს სკანერს და წინასწარ დავგეგმოთ იმპლანტაცია, რაც ძალიან ამარტივებს ამ პროცედურას. აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში ეს არ კეთდება.

რა უპირატესობა აქვს ორალსკანერით მიღებულ ანაბეჭდს ?

ორალსკანერზე საუბრისას რაც მახსენდება, პირველ რიგში, ეს არის სიზუსტე. აქ საუბარია მიკრონებზე, ზოგ სკანერს 15-17-25 მიკრონი ცდომილება აქვს, რაც თვალით უხილავი ცდომილებაა და ორალსკანერი დამატებითი კომფორტია პაციენტისთვის. ადრე ვანთავსებდით საანაბეჭდო კოვზს, ვიღებდით ანაბეჭდებს რაც დისკომფორტს უქმნიდა განსაკუთრებით ღებისნების რეფლექსის მქონე პაციენტებ. დღეისათვის კი ორ წუთში შეიძლება ერთი ყბა დასკანერდეს და სრულყოფილი ციფრული ანაბეჭდი მივიღოთ.

ციფრული სტომატოლოგია მოიცავს პირის ღრუს სკანერს, ლაბორატორიულ სკანერს,  შემდეგ კომპიუტერი და შემდგომ უკვე ჩარხი ან პრინტერი. ვცდილობთ მივყვეთ მსოფლიო სტანდარტებს და ძალიან კარგი შედეგები იდება.

რა არის მოუხსნელი კონსტრუქციის უპირატესობა მოსახსნელთან შედარებით ?

ეს დამოკიდებულია როგორც ბიუჯეტზე, ასევე მდგომარეობაზე, რამდენი კბილი აქვს პაციენტს, უკეთდება თუ არა იმპლანტი და ა.შ. მოუხსნელ კონსტრუქციებს აქვს უპირატესობა მოსახსნელთან შედარებით, თვითონ სიტყვაც გვეუბნება ამას. მოუხსნელი კონსტრუქციის მოვლა ხდება ჩვეულებრივად, დილა-საღამოს გამოხეხვა, კბილების გაწმენდა და ა.შ. მოსახსნელი კონსტრუქციის დროს კი პაციენტი იხსნის მას, შეიძლება დაუვარდეს, დაზიანდეს, ღეჭვისას მოძრაობდეს, საუბრის დროს შექმნას უხერხულობა და სხვა. ჭანჭიკოვანი ფიქსაციით გაკეთებული კონსტრუქციები ძალიან აქტუალურია, მისი მოხსნა შეუძლია მხოლოდ ექიმს საჭიროების შემთხვევაში და დაუზიანელად. ცემენტური ფიქსაციის დროს მსგავსი კონსტრუქციების დაუზიანებლად მოხსნა პრაქტიკულად შეუძლებელია.

რითი განსხვავდება მეტალოკერამიკის გვირგვინი, ცირკონის გვიგვინი და კერამიკული გვირგვინი ?

კერამიკული და ცირკონის გვირგვინი ბიოთავსებადია, ანუ არ არის მექანიკური გამღიზიანებელი ღრძილისთვის, აქვს შუქგამტარიანობა, რაც სამუშაოს ბუნებრივს და ესთეტიურს ქმნის, მეტალოკერამიკისგან განსხვავებით. თითოეული მათგანი მყარია, აქვს თავისი ფუნქცია და დატვირთვა, შესაბამისად, კეთდება ისე როგორც მიზანშეწონილია კონკრეტულ შემთხვევაში.

ვინირები და გვირგვინები, რა განხვავებაა მათ შორის და რომელს აქვს უპირატესობა ?

ვინირის შემთხვევაში ესთეტიური დისკომფორტის მოხსნა ხდება, ეს შეიძლება იყოს დიასტემა კბილებს შორის, მეჩხერი კბილები, ფერი, დგომის ანომალია. ვინირები კეთდება წინა 6 საჭრელ კბილზე, კბილი მუშავდება 0,3-0,5 მმ-ით და შესაძლებელია აქ მოთავსდეს კერამიკური რესტავრაცია. გვირგვინის შემთხვევაში კი, მეტად ხდება კბილის პრეპარირება და ის ფუნქციური პრობლემების დროს კეთდება.

საჭიროა თუ არა გვირგვინის გადაკვრისას კბილის დეპულტაცია ანუ ნერვის მოკვლა ?

არავითარ შემთხვევაში, თუ კბილს არ აქვს ჩვენება დეპულტაცია აუცილებლობას არ წარმოადგენს. კბილი რჩება ცოცხალი. ყველაფერს აქვს თავისი პროტოკოლი, თავიდან პროტოკოლის შესაბამისად მუშავდება კბილი და ხდება მისი პრეპარირება, ჯერ თავსდება დროებითი კბილი, სანამ მუდმივი კონსტრუქცია დამზადდება. ეს კი იმისათვის ხდება, რომ არ გადაიზარდოს პულპიტში. თუ კბილი გართულდა და ნერვის მოკვლა აუცილებელი გახდა გადაკვრის შემდეგ. მაგალითად ვინირის შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ არის, რადგან ვინირი ვესტიბურალური მხრიდან ეკვრება კბილს და არხის გახსნა სასის მხრიდან ხდება. გვირგვინის შემთხვევაშიც შეიძლება კბილის გახვრეტა და იქიდან ნერვის მოკვლა.

რატომ გამოიყენება დღემდე პლასტმასის მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთეზები ?

თუ ვერ კეთდება მოუხსნელი კონსტრუქცია, ანუ საყრდენი კბილების რაოდენობა არ არის საკმარისი და ფიზიკურად შეუძლებელია სხვა მანიპულაციის ჩატარება, ვაკეთებთ მოსახსნელ ფირფიტოვან პროთეზებს.  ეს არის კლასიკა, რომელიც დღემდე შემორჩა. ადრე კეთდებოდა ფირფიტოვანი პროთეზები, რომელიც კბილს გავდა, ახლა კი არსებობს ათასნაირი დიზაინის და ფირმის კბილები, რომელსაც ვერ გაარჩევთ ბუნებრივი კბილისგან. ასევე საგრძნობია ფასთა სხვაობაც.

გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს, არა მხოლოდ ესთეტიური, არამედ ფუნქციური თვალსაზრისით კბილების ქონა აუცილებელია, პაციენტმა ლუკმა უნდა დაღეჭოს. საჭმლის მონელება იწყება პირის ღრუდან, ლუკმის დაქუცმაცებიდან და შემდეგ გრძელდება უკვე კუჭში და ნაწლავებში.

 გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები