LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუნელი – გულის შესანიშნავი წამალი

26
კუნელი

კუნელი 5 მეტრამდე სიმაღლის მჩხვლეტავი ბუჩქია, რომელიც 300 წლამდე ცოცხლობს. მას ვაშლის მსგავსი, კაშკაშა წითელი ფერის ნაყოფი აქვს, რომელსაც 10-15 წლის ასაკიდან მსხმოიარობს. საქართველოში კუნელის სხვა და სხვა სახეობაა გავრცელებული, როგორიცაა შაბნაყოფა, კნაპა და სხვა. ქართლში მას სკუნელს უწოდებენ, რაჭასა და იმერეთში კუნელას, გურიაში კურკანტელას. კუნელი შესანიშნავი სამკურნალო მცენარეა. სამკურნალოდ მის ფოთლებსა და ნაყოფებს იყენებენ. ნაყოფი შეიცავს შაქრებს, ფლავონოიდებს, საპონინებს, გლიკოზიდებს, კაროტინს, ქოლინს, ორგანულ მჟავებს ვიტამინ ც-ს და მთრიმლავ ნივთიერებებს. ნაყოფის შემადგენლობაში ასევე შედის პექტინები, რის გამოც მას აქვს სასიამოვნო გემო, განსაკუთრებით მოყინვის შემდეგ. კუნელის სამკურნალო ნედლეულის შენახვის ვადაა 2 წელი.


მედიცინაში კუნელს უძველესი დროიდან იყენებენ. ტრიტერპენის მჟავების შემცველობის გამო, კუნელი გულ-სისხლძარღვთა სისტემას კურნავს, სწორედ ამაშია კუნელის დიდი ღირსება. მისი პრეპარატები გამოიყენება გულის კუნთის ფუნქციონალური მოშლილობის დროს, სისხლის მაღალი წნევის შემთხვევაში. აგრეთვე იყენებენ ათეროსკლეროზისა და კლიმაქტერული ნევროზის დროს. საერთოდ, კუნელის პრეპარატები ახდენს გულის რიტმის მოწესრიგებას, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას გულისა და ტვინის ძარღვებში და რაც მთავარია აუმჯობესებს გულით დაავადებულთა საერთო მდგომარეობას. ამრიგად კუნელი კარდიოტონიკურ საშუალებას წარმოადგენს, რომელიც გულის კუნთზე მატონიზირებელ გავლენას ახდენს, ხსნის არითმიასა და ტაქიკარდიას, აქრობს უსიამოვნო შეგრძნებას მკერდის არეში.

უკრაინაში კუნელის ფოთლებისგან მიღებულია ახალი პრეპარატი კრატემიდი, რომელიც აუმჯობესებს გულის მუშაობას და სისხლში ქოლესტერინის შემცირებას უწყობს ხელს. ცნობისათვისა, კუნელის ექსტრაქტი შედის ცნობილი კომპლექსური პრეპარატის კარდიოვალენის შემადგენლობაშიც, რომელიც განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. კუნელის პრეპარატების ძალზე მნიშვნელოვანი ღირსებაა ნაკლებ ტოქსიკურობაა, რაც მისი ხანგრძლივი გამოყენების საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კუნელის შემწვარი და წვრილად დაჭრილი ნაყოფი ყავის კარგი შემცვლელია, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ნაყოფის დიდი რაოდენობით მიღებისას შესაძლებელია მსუბუქი მოწამვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები