ნაადრევი მშობიარობა, ტყვია სისხლში და რთულად მიმდინარე ორსულობა  - ლიკა ლუაშვილი რისკ-ფაქტორების შესახებ

რომელმა ფაქტორებმა  შეიძლება გაართულოს ჩვეულებრივად მიმდინარე ორსულობა; შეიძლება თუ არა გამოვყოთ ნაადრევი მშობაირობის რისკ-ფაქტორები, მოქმედებს თუ არა მაღალი ტყვიის შემცველობა სისხლში ნაყოფისა და მომავალი დედის ჯანმრთელობაზე; რა დატვირთვა აქვს გენეტიკურ ტესტებს, რომელიც ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში კეთდება; რთული ორსულობის მართვის შესახებ გადაცემაში „სტუმრად ექიმთან„იმედის კლინიკის“ ორსულთა პათოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, მეან-გინეკოლოგმა ლიკა ლუაშვილმა ისაუბრა.

ქალბატონო ლიკა, რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, მთავარი მიზეზები რომ გამოვყოთ?

რეალურად ყველა ორსული არის გარკვეული რისკის ქვეშ, რომ მსგავსი პათოლოგია ჩამოუყალიბდეს. არის ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებთანაც ამ პათოლოგიის ჩამოყალიბების რისკი უფრო დიდია. დღეს უკვე პრევენციის უამრავი საშუალება გაგვაჩნია და ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მართვადი ხდება.  ეს კი იმის დამსახურებაა, რომ მედიცინა წინ მიდის, ჩვენც ვიზრდებით. რაც შეეხება იმ ჯგუფებს, რომლებსაც მეტად ეხებათ ეს პრობლემა, ამის უამრავი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი არსებობს. ეს იწყება გინეკოლოგიური და სამეანო პრობლემებით და სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობით მთავრდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ სუბიექტურ მდგომარეობას, როდესაც ამის მიზეზი ორსულობაში თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება ხდება. მომატებული რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს ჩვენ ვუნიშნავთ სხვა ტიპის მეთვალყურეობას და მათი ორსულობის მართვის დროს განსხვავებულად ვხელმძღვანელობთ. ნაადრევი მშობიარობის რისკებს შორის ერთ-ერთი არასათანადო ანტენატალური მეთვალყურეობაა. ამდენად, თითოეული ვიზიტი ექიმთან არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენმა სახელმწიფომ კარგად და კომპეტენტურად აუბა მხარი.

რამდენად სარისკოა ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში ორსულისა და თავად ნაყოფისთვის?

არის რიგი კვლევები  იმის შესახებ, რომ ტყვიას აქვს ძალიან ნიშვნელოვანი გავლენა ნაყოფის და საშვილოსნოს შიდა ზრდის შეფერხებების შესაძლო განვითარებაზე, რაც ასევე ერთ-ერთი მიზეზია ნაადრევი მშობიარობის, ახალშობილთა სიკვდილიანობის და ა.შ. ორსულებში ტყვიით, მძიმე მეტალით გაჯერების დონე განაპირობებს ისეთი პრობლემების ჩამოყალიბებას, როგორიც არის ორსულთა ანემიები. რაც შეეხება სკრინინგს, განვითარებული ქვეყნები რუტინულად ეწევიან ორსულთა სკრინინგს ტყვიასთან მიმართებაში. ბოლო დროს საქართველომაც აუბა მხარი მსოფლიო მედიცინის ამ წინგადადგმულ ნაბიჯს და  დღეისათვის უკვე არსებობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული პროგრამა, რომელიც ორსულს საშუალებას აძლევს, შედარებით შეღავათიან ფასში ჩაიტაროს ეს კვლევა. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით პაციენტის ინფორმირებულობა პირველ და მეორე ტრიმესტრში მოხდეს. თუ ამის საშუალება არ არის, გამოკვლევის ჩატარება ლაქტაციის პერიოდშიც შეგვიძლია. ამ დროს ტყვიის შემცველობა რძეში ისაზღვრება. მინდა გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სწორედ რძეში ტყვიის შემცველობა განესაზღვრა, ჩემდა გასაკვირად, აუკრძალეს ძუძუთი კვება. ეს იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის ხელოვნურ საკვებს ჩვილებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია ტყვიის მაღალი შემცველობა როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენთან. მით უმეტეს, რომ ასეთ პირობებში და გარემოში გვიწევს ცხოვრება.

სასურველია თუ არა ამ კვლევის ჩატარება აბსოლუტურად ყველა ორსულისთვის?

წამყვან ქვეყნებში, სადაც ეს კვლევა ფინანსდება და ის სახელმწიფო პროტოკოლით  თუ გაიდლაინით არის დამტკიცებული, რისკ-ჯგუფის მიუხედავად, კვლევა აბსოლუტურად ყველა ორსულს უტარდება. საქართველოში, ფინანსურ-ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე,  შესაძლოა გამოვყოთ რისკის ჯგუფები. უნდა ავღნიშნოთ, რომ  ამ ეტაპზე პაციენტები მხოლოდ თვითღირებულებას იხდიან  და ორსულთა მხრიდან უკვე ძალიან დიდი ინტერესია ამ კვლევაზე.  ეს პროგრამა პირველი აპრილიდან დავიწყეთ დაც 100-დან 90 ორსული მაინც ცდილობს რომ ჩაიტაროს ის. ჩემდა სასიხარულოდ, ამ დროისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები არ დაგვიფიქსირებია.

ვიცით, რომ ტყვიის განდევნა ორგანიზმიდან პრაქტიკულად შეუძლებელია, რა გამოსავალი არსებობს?

შეუძლებელი არ არის, შესაძლებელია, მაგრამ მეთოდები, რომლითაც დეტოქს-თერაპიის ჩატარებაა შესაძლებელი, ორსულებში უკუნაჩვენებია. თუმცა, საქართველოში შემუშავებულია პროგრამა, რომლითაც  შესაძლებელია, დედის დეტოქსიკაცია მოხდეს და ტყვია ნაყოფისთვისაც ნაკლები საფრთხის მომტანი გახდეს. ჩვენ იმ კურსით მივდივართ, რომ ძუძუთი კვების დროს,  მაღალი მაჩვენებლების შემთხვევაში, მაინც ძუძუთი კვების პირობებში მოვახდინოთ ახალშობილის ტყვიით გაჯერების პრევენცია.

ნაადრევი მშობიარობის თემას მინდა დავუბრუნდე, ამ თემაზე ძალიან ბევრი იწერება. შეიძლება თუ არა, გამოვყოთ ძირითადი რიკს-ფაქტორები?

ნაადრევი მშობიარობის რისკ-ფაქტორს წარმოადგენს არადამაკმაყოფილებელი, არარაციონალური კვება, დედის დაბალი სოციალური სტატუსი, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, სხეულის მასის დაბალი ინდექსი და ისეთი ანამნეზური მონაცემები, რომელიც ასოცირებულია სამეანო-გინეკოლოგიურ პრობლემებთან ან თანმხლებ დაავადებებთან. მაგალითად როგორიცაა, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია და ა.შ. აქვე მნიშვნელოვანია დედის ასაკი, 19 წელზე ნაკლები და 35 წელზე მეტი ასაკის ქალბატონებში, უფრო დიდია ნაადრევი მშობიარობის რისკი. სპონტანური და ხელოვნური აბორტები დიდ ვადებზე, ანუ 12 კვირის შემდგომ, ასევე ნაადრევი მშობიარობები ანამნეზში. მნიშვნელოვანია, საშვილოსნოს განვითარების ანატომიური პათოლოგიები, საშვილოსნოს სიმსივნური პათოლოგიები, როგორც არის მაგალითად მიომა. საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები, რომელთა გამოც ქალბატონებს დასჭირდათ საშვილოს ყელის კონიზაცია.

მინდა ავღნიშნო, რომ არსებობს ძალიან საინტერესო, ფეტალური ფიბრონექტინის  ტესტი, რომლის ჩატარებაც ფასიდან გამომდინარე, ყველა ორსულს რუტინულად არ ენიშნება. მას მხოლოდ განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ ორსულებს ვუტარებთ და ტეტსტის შედეგების მიხედვით, შეგვიძლია განვსაზღვროთ, 12-დან 22 კვირამდე მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობას რისკები. აქვე განვმარტავ, რომ ნაადრევ მშობიარობად ითვლება მშობიარობა ორსულობის 22 კვირა და 0 დღიდან, 36 კვირასა და 6 დღის ჩათვლით. 37 კვირიდან მშობიარობა უკვე დროულია. ბევრი ორსულს ეშინია და ჰგონია, რომ 37 ან 38 კვირაზე დაწყებული მშობიარობა ნაადრევია, რაც მცდარი მოსაზრებაა.

რას გულისხმობს ტერმინი, პათოლოგიური ორსულობა ?

პათოლოგიური ორსულობა გულისხმობს არა მხოლოდ ნაადრევ მშობიარობას, არამედ სხვა უამრავ პათოლოგიას, რომლეთან მიმართებაშიც, ასევე არსებობს რისკ ჯგუფები. ეს გახლავთ იგივე საშვილოსნოს შიდა ზრდის შეფერხების სინდრომი, მაღალი არტერიული წნევით გამოწვეული ორსულთა დაავადება პრეეკლამპსია, რომელიც შეშუპებით, ძილიანობით მიმდინარეობს. ასევე აღსანიშნავია გენეტიკური პრობლემები. ყოველ ვიზიტზე შეიძლება, რომ ორსული რისკ-ჯგუფში გადავიდეს. თუმცა თუ ორსული იყო რისკ-ჯგუფში, ეს არ ნიშნავს, რომ მას პათოლოგია აუცილებლად განუვითარდება.

რადგან პათოლოგიებზე ვსაუბრობთ, მინდა გკითხოთ დღეს მოწოდებულ მრავლობით გენეტიკურ ტესტზე, რომელიც ყველაზე სანდო და ზუსტი ინფორმაციის მომცემია?

გენეტიკური ტესტების უმრავლესობა შეგვიძლია ვაწარმოოთ ორსულობის პერიოდში, ამას ქვია პრენატალური ტესტები. თუმცა მედიცინა იმდენად შორს წავიდა, რომ უკვე არსებობს პრე ინპლანტაციური ტესტი, რომლის წარმოებაც შეგვიძლია იმ შემთხვევაში, როდესაც ვაკეთებთ ინვიტრო განაყოფიერებას. ემბრიოგენეზის პროცესში ემბრიონიდან ხდება ამ მასალის მიღება. ეს ფუფუნება არა მხოლოდ იმ პაციენტებისთვის არის ხელმისაწვდომი, რომლებიც უნაყოფო წყვილებს მიეკუთვნებიან, არამედ ის სამკურნალო ვარიანტად შეიძლება განვიხილოთ იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ანამნეზში მრავალჯერადი თვითნებითი აბორტები აქვთ. აღმოჩნდა, რომ თვითნებითი აბორტების განვითარება, ძალიან დიდ პროცენტში დაკავშირებული ყოფილა სხვადასხვა ქრომოსომულ აბერაციებთან ან ეუპლოიდიასთან.  აქვე მოკლედ განგამარტავთ, ყველა ჯანმრთელ ადამიანს 46 ქრომოსომა აქვს და ამ მდგომარეობას ეუპლოიდია ჰქვია, თუმცა ზოგჯერ ქრომოსომების რაოდენობა 46 არ არის. ამგვარ შემთხვევებს კი ანეუპლოიდია ეწოდება. არის მაგალითად დაუნის სინდრომი, როდესაც ადამიანს 47 ქრომოსომა აქვს. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ გენეტიკური გამოკვლევები, რომლებიც  გვამცნობს ისეთი დაავადების ჩამოყალიბებას და ალბათობას, რომელსაც ქვია თრომბოფილია. თრომბოფილიის დროს ქროსომებში ხდება პოლიმორფოზი, ეს პოლიმორფოზული ქრომოსომები განაპირობებენ პათოლოგიური სისხლის შედედების სისტემის განვითარებას. ქორიონის ძალიან პატარა წარმონაქმნები გახლავთ ქიორიონის ბუსუსების და როდესაც სუსტ კაპილარებში მოხდება პათოლოგიური თრომბის გაჩენა, ეს იწვევს ნაყოფის დაღუპვას.

საქართველოში მრავალი წელია ეს კვლევები ტარდება და ამ კვლევების წინასწარ წარმოებამ, მნიშვნელოვნად დაწია თვითნებითი აბორტებისა და ორსულობის შეწყვეტების მაჩვენებლები.

როდესაც ქალბატონს 10-15 ჯერ შეუწყდა ორსულობა, მან ნამდვილად შეიძლება ჩაიტაროს ხელოვნური განაყოფიერება, იმისათვის, რომ გამორიცხოს ანეუპლოიდია. არსებობს ისეთი ანეუპლოიდური სინდრომები, რომელიც სიცოცხლესთან შეთავსებადია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ის სიცოცხლესთან შეუთავსებელია და სწორედ ამიტომ ხდება მუცლად მყოფი ნაყოფის დაღუპვა.

დღეს ორსულობის 12 კვირის ვადაზე ტარდება ორმაგი გენეტიკური ტესტი, 16-18 კვირის ვადაზე სამმაგი გენეტიკური ტესტი.  სიცოცხლესთან შეთავსებადი პროცესების, ანტრისომიების გამორიცხვა შესაძლებელია ამიოცენტეზის სახელწოდების გენეტიკური ტესტით, რომელიც 20-დან მაქსიმუმ 22 კვირამდე ტარდება. ასევე, არსებობს „ჰარმონი ტესტი“, რომელიც 99%-იანი სიზუსტით გამორიცხავს ორსულობის ამ პრობლემებს დ ის 10-დან 11 კვირის ვადაზე ტარდება.

გადაცემის ლაივი

? ნაადრევი მშობიარობა, ტყვია სისხლში და რთულად მიმდინარე ორსულობა – ლიკა ლუაშვილი რისკ-ფაქტორების შესახებ #fortunage #სტუმრადექიმთანგადაცემა ვრცლად ⤵️https://bit.ly/2W22f7S

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2019

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

რეკლამა: 0:05