LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ასაკიდან უნდა შევიყვანოთ ბავშვი სპორტზე და რომელია საუკეთესო სპორტი ჯანმრთელობისთვის – თეა ადამიას რეკომენდაციები

422
თეა-ადამია

რა ასაკიდან უნდა მივიყვანოთ ბავშვი სპორტზე, რა დროს უნდა მოიცავდეს ფიზიკური აქტივობა, რა აუცილებელი კვლევები უნდა ჩატარდეს მანამ, სანამ ბავშვი რომელიმე სპორტზე შევა, როგორ მივაჩვიოთ ბავშვი სწორ კვებას – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრის“ ექიმმა – თეა ადამიამ ისაუბრა.

რა ასაკიდან უნდა მივიყვანოთ ბავშვი სპორტზე?

პირველ რიგში, განვსაზღვროთ, რას ნიშნავს სპორტული აქტივობა. სპორტული აქტივობა ნიშნავს ერთმიმართულებიან, განმეორებით, რეგულარულ ვარჯიშს, რომლის მიზანიც გარკვეული უნარების დასწავლა და მათი თამაშის, სპორტის სახეობის წესების მიხედვით გამოყენებაა.

როდესაც ბავშვზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ვითვალისწინებთ, რომ არსებობს ფიზიკური აქტივობის მოცულობა, რომელიც განსაზღვრულია ჯანმრთელი ბავშვების პოპულაციისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და 9-დან 17 წლამდე ეს განისაზღვრება, როგორც ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა 6 საათი კვირაში. ინტენსიური ნიშნავს იმას, რომ ბავშვი უნდა გაოფლიანდეს, ლოყები უნდა აუწითლდეს, სუნთქვა და გულისცემა უნდა აუჩქარდეს, მაგრამ ბავშვი კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს, ანუ მას უნდა შეეძლოს საუბარი და თამაშისგან სიამოვნება უნდა მიიღოს. რა შემადგენელი ექნება ამას, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბავშვებისთვის, განსაკუთრებით პატარებისთვის, ყველაზე რეალისტური არის თამაში, რადგან მათ არ გააჩნიათ რთული მოძრაობითი უნარები და არც რთული თამაშის წესების დამახსოვრება შეუძლიათ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბავშვი განვითარებადი ორგანიზმია და მას განვითარების ნებისმიერ ეტაპზე გარკვეული უნარების დასწავლის მეტი შესაძლებლობა აქვს. მაგალითისთვის, სირბილის სწავლის ფანჯარა ბიჭებისთვის 6 წლის ასაკში იხურება. თუ 6 წლამდე ბიჭმა არ იცის სირბილი მიმართულების შეცვლით, შემდეგ ვერასოდეს ასწავლით ამ უნარს.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ, საგანმანათლებლო სისტემამ, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ გავითვალისწინოთ, რომ მოძრაობითი უნარების დასწავლის პროგრამა იყოს გაწერილი ისე, როგორც საგნების სასწავლო პროგრამაა სკოლაში. მაგალითად, დაწყებითებში, ბაღის ასაკში, ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს სირბილზე, მიმართულების შეცვლაზე სირბილის დროს, აქტიურად უნდა იყოს ჩართული ხტუნვა, ხოხვა, ასევე ჩართული უნდა იყოს შემცირებულ ზედაპირზე, საძრომიალოზე გავლა და ა.შ. ბავშვი პრაქტიკულად ნულოვანი ასაკიდან  მოძრაობს, ის ამას სწავლობს და ცდილობს, ჩვენი ამოცანაა, რომ ის წავახალისოთ, რომ ბავშვს ჰქონდეს, რაც შეიძლება მეტი მეგობრული გარემო სამოძრაოდ, ანუ მოსწონდეს თამაში დახურულ სივრცეში, გარეთ, თანატოლებთან, წყალთან და ა.შ. ამ ყველაფრის მიზანი, პირველ რიგში, არის ის, რომ ზრდასრულ ადამიანს დადებითი ფსიქოლოგიური ბმა ჰქონდეს ფიზიკურ აქტივობასთან, რათა მან შეძლოს და თავისი მოგონებებიდან რაღაც აირჩიოს და ზრდასრულ ასაკშიც გაჰყვეს.

რაც შეეხება სპორტის სახეობას, იდეალურია, თუ დავიწყებთ რაღაციდან, რაც ზოგადად ავითარებს უნარს, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ტანვარჯიში, ასევე ცურვა, თუ ბავშვს შეუძლია. 5-6 წლის ასაკიდან ცურვა უკვე შესაძლებელია, მაგრამ ეს რთული უნარის დასწავლაა და ბავშვი უნდა არჩევდეს შესუნთქვა – ამოსუნთქვას. ტანვარჯიშს ასეთი მკაცრი წესი არ აქვს, რადგან იქ უნდა გადაგორდეს – გადმოგორდეს, ცალ ფეხზე წონასწორობა შეიკავოს და ა.შ.

10-11 წლის ასაკისთვის, შეიძლება, რომ ბავშვს სპორტის რამდენიმე სახეობა ჯერ ვაჩვენოთ ან ტელევიზიით ან დავასწროთ, გავუზიაროთ წესები, ავუხსნათ თამაშის აზრი, საცდელად გარკვეული პერიოდით ვატაროთ, რომ გავიგოთ, ბავშვს ეს მოეწონება თუ არა, რადგან ფიზიკურ აქტივობაში და განსაკუთრებით სპორტში ბავშვის ჩართვის ძირითადი პირობა არის ის, რომ ის იყოს კომფორტული ბავშვისთვის. ეს არ უნდა იყოს დედის, მამის, ბებიის, ბაბუის არ ასრულებული ოცნებები, ეს უნდა იყოს ბავშვისთვის ყველაზე კომფორტული და ყველაზე საინტერესო. არ არის აუცილებელი, რომ ერთი სახეობით შემოვიფარგლოთ. ჩვენ, სამწუხაროდ, არ გაქვს კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა და არ გვაქვს არც გენდერული თანასწორობა, რადგან გოგონებისთვის ბევრად უფრო ნაკლები სპორტი გვაქვს, ვიდრე ვაჟებისთვის. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში. შეგიძლიათ, ბავშვი პერიოდულად ატაროთ ხან ერთ სპორტზე, ხან მეორეზე, რაც ხელმისაწვდომი იქნება. მთავარია, ბავშვმა დამატებითი მოძრაობის უნარი ისწავლოს. რეგიონში ძალიან ხშირად მეუბნებიან, აუზი არ გვაქვს და რა გავაკეთოთო, მაგრამ სამაგიეროდ სახლში ჰყავთ ცხენი და შეუძლიათ, რომ ეს საშუალება გამოიყენონ. უნდა გამოვიყენოთ ის, რაც გვაქვს, მთავარია, რომ ბავშვმა შეძლოს და ეს 6 საათი რაღაცნაირად შეავსოს. თუ ამის საშუალება გვაქვს, ბავშვი  რამდენიმე სპორტის სახეობაზე ვატაროთ, რომ მერე სასურველის შერჩევა მოახერხოს.

12-14 წლიდან უკვე უნდა ვიფიქროთ იმაზე,  ხდება თუ არა სელექცია, ანუ აქვს თუ არა ბავშვს განსაკუთრებული მონაცემი. ამისთვის ტესტირებაც ტარდება ბავშვებში და ვიკვლევთ წონასწორობას, ფეთქებად ძალას, მოქნილობას, რეაქციის უნარს, აჩქარებას და ა.შ. რის შედეგადაც, დაახლოებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამდენად რეალურად სპორტული იქნება ბავშვი, მივდივართ თუ არა უკვე სპორტსმენის აღზრდისკენ, რადგან მოგეხსენებათ, რომ ელიტარული სპორტი ჯანმრთელობისთვის მავნეა, განსხვავებით სამოყვარულო სპორტისგან, რომელიც ძალიან სასარგებლოა. შესაბამისად, უნდა გავმიჯნოთ თუ რა არის ჩვენი მოთხოვნა, ანუ ჩვენ გვინდა გავზარდოთ ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც ზრდასრულობაში თავისუფალ დროს სპორტს დაუთმობს, თუ ჩვენ გვინდა, რომ პროფესიონალი ათლეტი გავზარდოთ.

ძალიან ხშირად კეთდება ხოლმე მინიშნებები, რომ ესა თუ ის სპორტის სახეობა კარგია ამა თუ იმ დაავადებისთვის. რეალურად, არსებობს თუ არა სპორტის ისეთი სახეობა, რომელიც რაღაც დაავადებების, ჩივილების, სიმპტომების დროს, მკურნალობის რაღაც მეთოდებთან ერთად ბავშვს გაჯანსაღებაში ეხმარება?

დიახ, ასეთი მიდგომებიც არსებობს. მაგალითად, ასეთია ტერფის პრობლემა, ბრტყელტერფიანობა, ტერფის რაიმე ტიპის დეფორმაცია, რაც კუნთების არათანაბარი განვითარებით არის განპირობებული, ხერხემლის პრობლემები და რა თქმა უნდა, სამედიცინო ჩარევის, რაღაც კორექციის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია, პაციენტს ვურჩიოთ, რომ ასეთ დროს ძალიან კარგია ცეკვა, ტანვარჯიში, გოგონებისთვის განსაკუთრებით კარგია ლათინო-ამერიკული ცეკვა, სადაც ქუსლიანი ფეხსაცმელია გამოყენებული და შემცირებულია ყრდნობის ზედაპირი, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გამოვიწვიოთ წონასწორობა. როდესაც ხერხემალზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ხერხემლის კორექციისთვის და სწორი განვითარებისთვის ტორსის კუნთები გვჭირდება, ანუ სხეულის კუნთების უმეტესობა, რომლებიც ამავე დროს პასუხისმგებელია წონასწორობაზეც. შესაბამისად, ყველა ის სახეობა, სადაც წონასწორობა უნდა შევიკავოთ, გორგოლაჭები, თხილამურები, ციგურები, ტანვარჯიში, კედელზე ცოცვა და ა.შ. შეიძლება იყოს გამოყენებული. ერთადერთი, რასაც ვითვალისწინებთ, ბავშვები, რომელთაც უკვე აქვთ ხერხემლის გამოხატული გამრუდება, პროფესიულ დონეზე არ უნდა დაკავდნენ გარკვეული სახეობებით, მაგალითად, პროფესიული მხატვრული ტანვარჯიში შექმნის პრობლემას, რადგან ხერხემლის გამრუდება პროფესიული დაავადებაა მაღალი მიღწევების სპორტში, ტანვარჯიშში, რადგან იტვირთება ერთი ხელი და მეორე ფეხი.

სამოყვარულო დონეზე შეზღუდვა სახეობების მიხედვით ფიზიკურ აქტივობაში ძალიან მცირეა, პირველ რიგში ეს არის გულსისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები, სასუნთქი სისტემის მძიმე დაავადებები, ორგანოს ნაკლოვანება. ეს არის ის შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ეტაპზე გვინდა, რომ ბავშვი მოძრაობდეს, გადაადგილდებოდეს, რაღაც აქტივობაში იყოს, მაგრამ ეს არ იყოს რეგულარული, დამღლელი, იყოს წყვეტილი დღის განმავლობაში და იყოს დაგეგმილი ექიმის მიერ.

როდესაც მშობელი გადაწყვეტს, რომ ბავშვი სპორტზე მიიყვანოს, მთელს მსოფლიოში მიღებულია კითხვარის შევსება, სადაც არის ისეთი შეკითხვები, რომლებიც საშიში მდგომარეობების გამორიცხვას გულისხმობს. მაგალითად, ასეთი კითხვებია, აქვს თუ არა ბავშვს დატვირთვაზე თავბრუსხვევის შეგრძნება, არის თუ არა გულსისხლძარღვთა სისტემის დადასტურებული რაიმე პრობლემა, ხომ არ აქვს ბავშვს ასთმა, ეპილეფსია, ხომ არ ჰქონია ოპერაცია უახლოესი 6 თვის მანძილზე, ხომ არ ყოფილა ძვლის მოტეხილობა და თუ იყო, რით იყო განპირობებული, ხომ არ იღებს რაიმე მედიკამენტს, რომელიც პრობლემური შეიძლება იყოს და ა.შ. ეს ყველაფერი სავალდებულოა, ვიდრე ჩვენ შეზღუდვას გადავწყვეტთ, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან მცირეა შეზღუდვა, როცა ჩვენ ვამბობთ – „არა, ამ ეტაპზე ვარჯიში არ შეიძლება“. როგორც წესი, ამ დროს ბავშვს თავადაც არ შეუძლია ვარჯიში.

როდესაც ბავშვი შედის სპორტზე, ნებისმიერი სახეობის შემთხვევაში ერთადერთი, რასაც ითხოვენ ჯანმრთელობის ცნობაა, რომელიც პედიატრმაც შეიძლება მოგცეს. ყველაფერი ის, რაც თქვენ ზევით ჩამოთვალეთ, შეიძლება საერთოდ არ იყოს გათვალისწინებული და ჩაწერილი ფორმა 100-ში. როგორია თქვენი რეკომენდაცია, რა კვლევები უნდა ჩატარდეს მანამ, სანამ ბავშვი სპორტის რომელიმე სახეობაზე შევა?

სანამ პედიატრი ამ ავად სახსენებელ ფორმა 100-ს გასცემს, ძალიან კარგი იქნება, რომ მანაც იცოდეს, რასთან აქვს საქმე, რადგან ნებისმიერი დადებითი პასუხი აღნიშნულ კითხვარში ნიშნავს, რომ ბავშვი გაღრმავებულ კვლევას საჭიროებს.

პირველი რიგის ამოცანა, რა თქმა უნდა, გულსისხლძარღვთა სისტემაა, ეს არის სკრინინგის ნაწილი, რადგან ჩვენ გვეშინია, არ მოხდეს ისეთი რამ, რომ ფიზიკურმა აქტივობამ ბავშვის ჯანმრთელობა გააუარესოს. ამ კითხვარში ზუსტად ასეთი კითხვაც არის – „ხომ არ არის ისეთი რამ, რაც ფიზიკური დატვირთვის დროს გაუარესდება?“. გულსისხლძარღვთა სისტემის კვლევის დროს ჩვენ პირველ რიგში გვაინტერესებს განვითარების ანომალია ბავშვებში, მანკი, რომელიც არ გამოვლენილა კლინიკურად ან ვიცით, რომ არის, მაგრამ გვაინტერესებს, ახლა როგორი მდგომარეობაა. სკრინინგი გულისხმობს, რომ უნდა აღმოვაჩინოთ შემთხვევით ახალი რაღაც.

ასევე კარგი იქნება, ვიცოდეთ ბავშვის მხედველობის მდგომარეობა, რადგან გაჯეტებთან მიჯაჭვულ ბავშვებს, როგორც წესი, ეს პრობლემა აქვთ. ძალიან კარგი იქნება, თუ მშობელი შეხედავს, ბავშვს მუდმივად რაიმე კონკრეტულ პოზაში ხომ არ უჭირავს გაჯეტი ან კომპიუტერის, ტელევიზორის ეკრანთან რაიმე გარკვეული კუთხით ხომ არ უკავია თავი, რადგან ეს მიუთითებს იმაზე, რომ შეიძლება მხედველობა ასტიგმატური იყოს, შეიძლება იყოს ზარმაცი თვალი, რომელიც სხვანაირად არ ვლინდება, არ კომპენსირდება და ბავშვი ვერ ხვდება, რომ გამოსახულებას არასწორად აღიქვამს. დანარჩენი, რეალურად, რაც ჩამოვთვალეთ სიცოცხლისთვის საშიში არაფერი არ არის.

განსაკუთრებით სახიფათო ამბავი შეიძლება იყოს გარდატეხის ასაკში დაწყებული ფიზიკური აქტივობა, რადგან არსებობს ძალიან საშიში დაავადებები, რომლებიც ზუსტად გარდატეხის ასაკში ვლინდება. ამ დროს ბავშვის ფიზიკური მონაცემები შეიძლება მის თანატოლებზე უფრო კარგი, მაღალი იყოს და ხშირად ეს შეცდომის მიზეზიც არის ხოლმე. მაგალითად, ასეთი არის კარდიომიოპათიები, გულის გენეტიკური დაავადება, რაც გულისხმობს იმას, რომ გულის კუნთი იზრდება კამერების შევიწროების ხარჯზე და ბავშვი უეცარი კარდიული სიკვდილის კანდიდატია, მაგრამ ფიზიკურ აქტივობაში ჩართულობიდან მას პირიქით, ძალიან კარგი მონაცემები აქვს. შესაბამისად, თუ არასდროს გაკეთებულა გამოკვლევა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვი შევიყვანოთ სპორტზე, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი აუცილებლად გამოკვლეული უნდა იყოს, რათა ბავშვს მინიმალური ზიანი მივაყენოთ.

მეორე დიდი რისკი, რაც უნდა ვიცოდეთ, ეს არის ერთი ორგანო, მაგალითად, ერთი თირკმელი. ასეთ შემთხვევაში ფიზიკური აქტივობა არ იკრძალება, მაგრამ იკრძალება გარკვეული სახეობები, მაგალითად, ცხენოსნობა, მოტოსპორტი, კრივი, სახეობები, სადაც შეიძლება ორგანოს ტრავმა მივიღოთ. გულის მანკებთან მიმართებაში, არსებობს მანკები, რომლებისაც ნაკლებად გვეშინია, მაგალითად, ასეთია კომპენსირებული მიტრალური სარქვლის პროლაფსი, რომელიც არ არის აბსოლუტური შეზღუდვა, მაგრამ არის შეზღუდვა გარკვეულ პოზიციაზე, იგივე, კრივზე, მეკარის პოზიციაზე, ფრენბურთში ლიბეროს პოზიციაზე, რადგან დარტყმა გულმკერდში არ არის სასიამოვნო.

რაც შეეხება ეპილეფსიას, ისიც არ არის აბსოლუტური უკუჩვენება, პირიქით, დღესდღეობით ნევროლოგები ითხოვენ, რომ 6 საათი კვირაში ფიზიკური დატვირთვა შესრულებული იყოს ამ ბავშვებისთვის გამძლეობაზე, რადგან ეს უზრუნველყოფს თავის ტვინში აგზნებისა და შეკავების მოწესრიგებას და ჟანგბადით გაჯერებული სისხლის მიწოდებას. ვცდილობთ, ბავშვი მოვარიდოთ სპორტს, სადაც თამაშის წესების მიხედვით, არის მოძრავი საგანი, მაგალითად, ჰოკეის, ფრენბურთს, სპორტს, სადაც შეიძლება, რომ ბავშვმა თავის ტრავმა მიიღოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელი გაფრთხილებული იყოს ბავშვის მდგომარეობის შესახებ, რადგან ეპილეფსია მაინც რჩება ტაბუდადებულ თემად და მშობელი ამას მალავს. შეგახსენებთ, რომ დიდი ეპილეფსიური გულყრა უნებლიე შარდვით და დეფეკაციით სრულდება და მწვრთნელი უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ გულყრის დაწყებისთანავე ბავშვის თანატოლები დარბაზიდან გაიყვანოს. ყველასთვის კარგად ნაცნობია შავი ნაჭერი, რომელსაც რატომღაც სახეზე აფარებენ ადამიანებს, სინამდვილეში, ჩვენი წინაპრები სასქესო ორგანოებზე აფარებდნენ მუქ ნაჭერს, რადგან ძალიან კარგად იცოდნენ, როგორ მთავრდება გულყრა და ეთიკურ ნორმებს იცავდნენ, რომ არ გამოჩენილიყო უნებლიე შარდვა და დეფეკაცია.

არის თუ არა სპორტის რომელიმე სახეობა, რომელიც ეხმარება ბავშვს, რომ ადვილად დაიკლოს წონაში? სოციალურ ქსელში იმასაც წერდნენ, რომ ბავშვმა ცურვაზე მისვლის შემდეგ წონაში დაკლების ნაცვლად, პირიქით, მოიმატა, ასეთ დროს რასთან გვაქვს საქმე?

ნებისმიერ ფიზიკურ აქტივობას სჭირდება ენერგია. ენერგიას ორგანიზმი გამოიყენებს ან გარედან ან იღებს შიგნიდან, იყენებს დაგროვებულ ცხიმს. იმისთვის, რომ მან ის ცხიმი გამოიყენოს, რაც დააგროვა, ერთი, რომ გულისცემა უნდა აჩქარდეს და მეორე, რომ კვება უნდა მოწესრიგდეს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფიზიკური აქტივობის შემდეგ მეტაბოლური ფანჯარა ღიაა და თუ თქვენ ამ მომენტში ბავშვს საკვებს მიაწვდით, ორგანიზმი ყველაფერს აითვისებს.

ცურვასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირი შეცდომა არის ის, რომ ბავშვი სკოლიდან უჭმელი გამოჰყავთ, მიჰყავთ ცურვაზე და შემდეგ წყლიდან ამოსულს, როცა ძალიან შია, პირველი, რასაც აჭმევენ არის ბურგერი და კოკა-კოლა, რაც საკმარისია იმისთვის, რომ მეტაბოლიზმში უხეშად ჩაერიოთ. თქვენ ამით ორგანიზმს აწვდით ადვილად შლად ნახშირწყალს, რომელსაც მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს და სწრაფად მოინელება და ბავშვი სწრაფად იწყებს ცხიმების დაგროვებას. ცურვა არის იდეალური სპორტის სახეობა, ისევე, როგორც ყველა სხვა, სადაც გულსისხლძარღვთა სისტემა დაიტვირთება და ეს იქნება ხანგრძლივი. ეცადეთ, რომ ბავშვს მანამ აჭამოთ, სანამ ცურვაზე მიიყვანთ და რომ გამოიყვანთ, ეცადეთ, რომ ერთი საათი წყლის გარდა სხვა საკვები არ მიაწოდოთ, ეს ყველაზე მარტივია, მაგრამ შიმშილით არ უნდა მოკლათ ბავშვი, როდესაც ის დატვირთვიდან გამოვა.

შიმშილთან მიმართებაში არის მეორე საკითხი, ბავშვებში არსებობს ისეთი მძიმე პრობლემა, როგორიცაა ტიპი ერთი შაქრიანი დიაბეტი და ჭარბწონიან ბავშვებში გარდატეხის ასაკში, განსაკუთრებით ახლა, პანდემიის შემდეგ, ტიპი ორიც გამოჩნდა. შესაბამისად, ვითვალისწინებთ, რომ როდესაც ცურვაზე დაგვყავს დიაბეტიანი ბავშვი, განსაკუთრებით ინსულინდამოკიდებული, მწვრთნელი აუცილებლად გაფრთხილებული უნდა გვყავდეს, რომ ბავშვის ქცევას დააკვირდეს. ნებისმიერი გადახრა ბავშვის ჩვეული ქცევიდან განიხილება, როგორც ჰიპოგლიკემია და ამ დროს ვარჯიში უნდა შეწყდეს, შაქარი უნდა გადაიზომოს და უნდა კორეგირდეს, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ტიპი ერთი დიაბეტისთვის ვარჯიში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან სისხლძარღვები უნდა შევინარჩუნოთ. ის პრობლემას არ წარმოადგენს მაღალი მიღწევების სპორტშიც კი. ცნობისთვის, 2008 წელს, ჩინეთში ოლიმპიურ თამაშებზე გერმანიის ეროვნული ნაკრების ძალოსანი, ტიპი ერთი შაქრიანი დიაბეტით, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ასე რომ, ეს არ წარმოადგენს უკუჩვენებას, უბრალოდ, სწორი მართვაა საჭირო. თუ ბავშვი დადის რაღაც სექციაზე, არა წყალში, მაშინ ვითვალისწინებთ იმას, რომ ინსულინის ინიექცია აუცილებლად მუცლის წინა ზედაპირზე უნდა გაკეთდეს. იდეალურია, როცა ბავშვს უყენია პომპა, რომელიც თვითონ საზღვრავს და თვითონ არეგულირებს, მაგრამ სხვა შემთხვევაში მწვრთნელი გაფრთხილებული უნდა იყოს. თუ ბავშვი ზედმეტად არის აჟიტირებული, მივარდნილი, აგრესიული, ან პირიქით არ გამოდის კონტაქტზე, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის ვარჯიშით განპირობებული ჰიპოგლიკემია.

არის თუ არა აუცილებელი, რომ ვარჯიშთან ერთად, კვებაც გავაუმჯობესოთ და გარკვეული საკვები შევზღუდოთ?

პირველი და ყველაზე მთავარი, რასაც კვებაში ვითვალისწინებთ არის ის, რომ ბავშვის რაციონში მინიმალურად უნდა იყოს ტკბილი გაზიანი სასმელი, კომპოტი, კისელი, სადაც დიდი რაოდენობით არის შაქარი. ეს არის ცარიელი კალორია, რომელიც მყისიერად არის მონელებული და გარდაქმნილი ცხიმად. ინსულინის ინდექსი არის ძალიან მაღალი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვს მივაწოდეთ კალორია და დავუტოვეთ შიმშილის გრძნობა, რაც ყველაზე საშიშია, რადგან ბავშვი აგრძელებს ჭამას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთი ქილა სასმლით უკვე მიღებული აქვს მთელი დღის კალორაჟი.

მეორე ყველაზე მთავარი არის ის, რომ კვება უნდა იყოს ხუთჯერადი, უნდა იყოს სამი ძირითადი კვება და ორი ხემსი შუაში. ვითვალისწინებთ იმას, რომ ბავშვთა კვებაში განსაკუთრებით უნდა  მოხვდეს სამი კატეგორია – Glow, Grow, Go. GO ნიშნავს, რომ ეს არის ენერგია მოძრაობისთვის და ეს არის არა ტკბილი ნახშირწყალი, პურეული, ბურღულეული და ა.შ. რა თქმა უნდა, ამაში შედის ხილიც. Grow – რადგან ბავშვი იზრდება და ამ კატეგორიაში შედის ცილოვანი პროდუქტი, პარკოსნები, ხორცი, რძის პროდუქტები, თხილეული, თუ ბავშვს მონელების პრობლემა არ აქვს და ა.შ. Glow – ნიშნავს ბრწყინვალებას, ანუ კანის, ფრჩხილის, თმის მდგომარეობა გვაინტერესებს, რადგან ეს კარგი ინდიკატორია და ამ ჯგუფში შედის ვიტამინებით მდიდარი საკვები, ხილი, ბოსტნეული.

მშობლები ძალიან ხშირად ამბობენ, იქნებ ვიტამინი მივცეთო, რადგან ბავშვი ხილს და ბოსტნეულს არ ჭამს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი კვებითი დანამატი არის დანამატი, თუ კონკრეტული რაიმე ვიტამინის დადასტურებული დეფიციტი არ გვაქვს, რა დროსაც ჩანაცვლებით თერაპიაზე მივდივართ, მაგალითად, მაშინ, როცა D ვიტამინის დეფიციტი გვაქვს. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ვეცადოთ, რომ ბავშვის კვება იყოს ხუთჯერადი, იყოს ფერადი და ეს ფერი იყოს ბუნებრივი. ამისთვის ძალიან მარტივ რაღაცას ვაკეთებთ, როცა ბავშვთან ერთად შევდივართ მაღაზიაში, ვცდებით დახლების წინა სამ რიგს, რადგან იქ დევს ყველაფერი ლამაზად შეფუთული, ყველაფერი ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში არ სჭირდება გადაწყობა, რადგან 8-12 თვე აქვს სიცოცხლის ვადა. მივდივართ იქ, სადაც იყიდება ხილი, ბოსტნეული და ა.შ.

ნუტრიციოლოგების ბოლო გადაწყვეტილება ასეთია, ჯობია იყოს ბუნებრივი და თუნდაც პესტიციდით დაბინძურებული, ვიდრე ქარხნულად დამუშავებული და ინსტრუქციის მქონე საკვები. ზოგჯერ, ქარხნულად დამუშავებულია ისიც, რაც ხშირად ჯანმრთელი გვგონია, მაგალითად, ნულ პროცენტიანი ხაჭო, რაღაცით გამდიდრებული ან რაღაცისგან გაწმენდილი საკვები და ა.შ. ბავშვებს დაუმუშავებელი, ენდემური, სეზონური, მრავალფეროვანი საკვები მიეცით. ჩვენ ყოველთვის გვაქვს მწვანილი, ხილი, ბოსტნეული, რომელიც ჩვენთვის ენდემურია. ვეცადოთ, რომ ფერად-ფერადი, ჭრელი, შეფუთული საზიზღრობების ნაცვლად, ასე გამოვკვებოთ ბავშვი.

ბავშვს უვითარდება არასწორი გემოვნების აღქმა, როცა ამ დამუშავებულ პროდუქტს ვაძლევთ, რადგან ის გაძლიერებული საგემოვნო თვისებების მატარებელია. მარწყვის საღეჭი რეზინი ყოველთვის უფრო გემრიელია, ვიდრე თვითონ მარწყვი. თუ თქვენ ბავშვს პირველად მარწყვის საღეჭ რეზინს მისცემთ და შემდეგ მარწყვს, ბავშვი სხვაობას მარწყვის საღეჭი რეზინის სასარგებლოდ აირჩევს, მაგრამ თუ ის ნატურალურ მარწყვს არის მიჩვეული, შაქრის გარეშე, როდესაც საღეჭ რეზინს მისცემთ, მიხვდება, რომ მას ესენციის გემო დაჰყვება. ბავშვს სწორად უნდა ჩამოუყალიბოთ გემოვნება და ეს ყველაფერი ერთად უნდა გააკეთოთ, რადგან თუ ბავშვი ხედავს, რომ მშობელი იმავეს არ აკეთებს, მას ვერ დააძალებთ, რადგან ბავშვი იმეორებს იმას, რასაც ხედავს და არა იმას, რაც ესმის.

თქვენ ახსენეთ, კვირაში 6 საათი აქტიური დატვირთვა, ამ 6 საათში მხოლოდ სპორტი იგულისხმება თუ, მაგალითად, ეზოში თამაში და სხვადასხვა ფიზიკური აქტივობა?

6 საათი ყველაფერ ამიანად უნდა შესრულდეს. თუ სპორტიდან მოსული ბავშვი კიდევ სიამოვნებით ჩარბის ეზოში და თამაშობს, ეს ნიშნავს იმას, რომ მას ეს შეუძლია. თუ ის მოვიდა სპორტიდან, დააგდო ჩანთა, არც შეჭამა, არც წყალი გადაივლო, ეგრევე დაწვა და დაიძინა, ეს ნიშნავს იმას, რომ სადღაც გადავამლაშეთ, ამიტომ უნდა ვუყუროთ, რომ ბავშვი კომფორტის ზონაში იყოს, მას უნდა მოსწონდეს სპორტი და არ უნდა აპროტესტებდეს. თუ ბავშვს ყველა ფეხბურთზე წასვლის წინ მუცელი სტკივა, ეს ნიშნავს იმას, რომ წასვლა არ უნდა, ამიტომ ამას ვითვალისწინებთ. თუ ბავშვი ხალისით მოდის, აჟიტირებული გიყვებათ, რა როგორ გააკეთა, როგორ მოსწონს და ა.შ. , აქ ყველაფერი გასაგებია. ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია აკადემიური მოსწრება, თუ თქვენ ხედავთ, რომ სპორტის ზრდის პარალელურად აკადემიური მოსწრება იკლებს, ეს ნიშნავს იმას, რომ სპორტი საზიანო ხდება ბავშვისთვის. ბავშვი არ უნდა გადავღალოთ, მან პირველ რიგში  სიამოვნება უნდა მიიღოს, გაერთოს და გაერკვეს, თავად რა მოსწონს და არა – დედას და მამას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები