LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვუშველოთ გაჭედილ ცხვირს! – ნინო ლომიძესეზონის ყველაზე აქტუალურ პრობლემაზე საუბრობს

177
ninolomidzedoctor

გადაცემის ლაივი LIVE

გაჭედილი ცხვირი, როგორც სეზონის ყველაზე აქტუალური პრობლემა. რა არის ატოპიური დერმატიტი, როგორია მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რამდენად ეფექტურია და ვის სჭირდება იმუნოთერაპია – საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე საუბრობს.

-ნინო, დიდი მადლობა სტუმრობისათვის. ცხვირის გაჭედილობ აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით ამ სეზონზე. როდესაც ეს სიმპტომი ვლინდება, ბუნებრივია პირველად ვფიქრობთ ხომ არ არის კოვიდი ან რაიმე სეზონური ვირუსი, თუმცა ცხვირის გაჭედილობა და გამონადენი ალერგიულ რინიტსაც ახასიათებს. გარდა ამისა, ამ მდგომარეობებს აერთიანებს ისეთი სიმპტომი, როგორიცაა ცემინება. თუ არსებობს სიმპტომები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ალერგიული რინიტისა და რესპირატორული ვირუსებისაგან გამოწვეული ცხვირის გაჭედვის გარჩევა?

დიახ, მართალი ხართ, ცხვირის ჩაკეტვა ახასიათებს როგორც ალერგიულ რინიტს, ასევე სეზონურ ინფექციებსაც.ალერგიული რინიტი ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და მსოფლიოში დაახლოებით 400 მილიონ ადამიანს აწუხებს. ის მოზრდილთა 20-30 და ბავშვთა დაახლოებით 40%-ში გვხვდება. მართალია ორივე შემთხვევაში, როგორც რინიტის, ასევე ვირუსული ინფექციის დროს შეიძლება ცხვირი ჩაიკეტოს, თუმცა გარკვეული განსხვავებები მაინც არის. პირველი- უნდა დავაკვირდეთ რამდენ ხანს გრძელდება ეს მდგომარეობა.ალერგიული რინიტით გამოწვეული პრობლემა როგორც წესი, თვეობით გრძელდება და თუ სათანადო ყურადღება არ მიექცა, მწვავდება კიდეც მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებით გამოწვეული სიმპტომები 5-7 დღეში ლაგდება. მართალია კოვიდის, განსაკუთრებით დელტა შტამის შემთხვევაში სიმპტომები უფრო ხანგრძლივი დროითაა გამოხატული, მაგრამ ისე დიდხანს მაინც არ გრძელდება, როგორც ალერგიული რინიტის დროს. გარდა ამისა, როდესაც საქმე ალერგიულ რინიტთან გვაქვს, როგორც წესი მას ახასიათებს ქავილი. შეიძლება ეს იყოს არა მხოლოდ ცხვირის, არამედ თვალის ქავილიც, რადგან ალერგიული რინიტი ხშირად გვხვდება ალერგიულ კონიუნქტივიტთან ერთად, შესაძლოა სახეზე იყოს ყელის ქავილიც. ქავილი ალერგიის ერთ-ერთი ინდიკატორია. განმასხვავებელი შეიძლება იყოს ცხვირიდან გამონადენის ფერიც. როგორც წესი, ვირუსული ინფექციების დროს ის მოყვითალო ფერისაა, ხოლო ალერგიული რინიტის დროს აბსოლუტურად გამჭვირვალე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც წესი, ვირუსულ ინფექციებს თან სხვა ისეთი სიმპტომებიც ახლავს, რაც ალერგიას არ ახასიათებს, მაგალითად საერთო სისუსტე, მოთენთილობა, მაღალი ტემპერატურა და ა.შ. ასე რომ, უნდა დავაკვირდეთ საკუთარ სიმპტომებს და თუ ისინი დიდხანს გრძელდება, ექიმს მივმართოთ. სამწუხაროდ ხშირად ვხვდები შემთხვევებს, როდესაც ადამიანები ალერგიულ რინიტს თვითნებურად, ცხვირის გამხსნელი საშუალებებით მკურნალობენ. ასეთი საშუალებების გამოყენება 5 დღეზე მეტხანს არ შეიძლება, რადგან ისინი იწვევს შეჩვევას, სისტემატურმა გამოყენებამ კი შესაძლოა რაა მხოლოდ ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანება, არამედ ალერგიული რინიტის გართულებაც გამოიწვიოს და საბოლოოდ, შესაძლოა ოპერაციამდეც კი მივიდეთ.

-ნინო, რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი, ვისაც ალერგიული რინიტი აწუხებს, ვირუსით ინფიცირდება?

ასეთ დროს ალერგიული რინიტი შესაძლოა გართულდეს, შესაძლოა გამონადენის ფერი შეიცვალოს და ა.შ. თუმცა ვირუსის გასვლის შემდეგ ალერგიული რინიტი მაინც დარჩება, ეს პრობლემა საკმაოდ ხანგრძლივად არსებობს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მას სათანადოდ არ მკურნალობენ. ალერგიული რინიტი ადამიანს შესაძლოა ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ სეზონზე განუვითარდეს. როგორც წესი, ზამთარში უფრო ძნელია ალერგიული რინიტის აღმოჩენა, რადგან გარდა იმისა,რომ ეს ვირუსების სეზონია, ზამთარში არ ყვავიან მცენარეები. სარეველების ყვავილობა უკვე დასრულდა, ამიტომ ამ პერიოდში გარე-ალერგენები არ არიან წამყვანი ფაქტორი ალერგიული რინიტის განვითარების საქმეში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი გამოწვევა კარშიდა ალერგენებსაც შეუძლია, მაგალითად ცხოველის ბეწვს, მტვერს, ოთახის სოკოს და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, ხომ არ გვეწყება სიმპტომები მას შემდეგ, რაც კონკრეტულ ალერგენთან გვქონდა კონტაქტი. ალერგიული რინიტი შესაძლოა სხვა სიმპტომებით გართულდეს, როგორიცაა მაგალითად ბრონქოსპაზმი,მსტვენი სუნთქვა, სუნთქვის უკმარისობა, თვალების შეშუპება და ა.შ. ამიტომ როდესაც გვაქვს ცხვირის მუდმივი ჩაკეტვა და გამონადენი, უნდა მივმართოთ ექიმს, რომ მოხდეს დიაგნოსტიკა.

 -შემდეგ შეკითხვას სწორედ დიაგნოსტიკაზე დაგისვამთ. როგორ ხდება ალერგიული რინიტის დიაგნოსტირება?

ალერგიული რინიტის დიაგნოსტირება ხდება როგორც კანის სინჯით, ასევე ვენიდან აღებული სისხლით. საეჭვო ალერგიული სიმპტომების მქონე პაციენტი მიმართავს ალერგოლოგს, რომელიც დეტალურად შეაგროვებს მის ანამნეზს, მოახდენს ანალიზს და მოხდება დიაგნოსტირება და სვამს დიაგნოზს.. კანის სინჯები გვაძლევს საშუალებას არა მხოლოდ კარშიდა ალერგენებზე, არამედ მცენარეებზე, საკვებსა და სხვა ალერგენზე მგრძნობელობაც დავადგინოთ. მნიშვნელოვანია, რომ იმ პაციენტებმა, ვინც კანის სინჯებზე მოდის, წინა 5-7 დღე ალერგიის წამალი არ მიიღონ, რათა ამან გავლენა არ მოახდინოს კანის მგრძნობელობაზე და შეცდომაში არ შეგვიყვანოს. ისეთ პაციენტებთან, ვისაც შესაძლოა პრეპარატის მოხსნის გამო მდგომარეობა გაუმწვავდეს, რეკომენდებულია ვენურის სისხლის საშუალებით დიაგნოსტიკა, რადგან ვენური სისხლის ანალიზის შედეგზე ალერგიის წამლები გავლენას ვერ ახდენს. ორივე ტესტი ძალიან მაღალი სენსიტიურობით გამოირჩევა და ალერგიის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია. აღსანიშნავია, რომ იმ პაციენტების 20-30%-ს, ვისაც ალერგიული რინიტი აქვს, ბრონქული ასთმაც შეიძლება ჰქონდეს. ბრონქული ასთმის აღმოსაჩენად ვატარებთ გარეგანი სუნთქვის ფუნქციის,ე.წ. სპირომეტრულ ტესტს, რომლის საშუალებითაც დგინდება, აქვს თუ არა პაციენტს ბრონქოსპაზმი. თუ რინიტთან ერთად სახეზეა სპაზმური ხველა, სუნთქვის გაძნელება, უჰაერობის განცდა და ა.შ. ეს ტესტი აუცილებლად ტარდება. მისი ჩატარება 6 წლიდან ზემოთ არის შესაძლებელი, კანის სინჯების 2 წლის ასაკიდან , ვენური სისხლის ტესტი კი დაბადებიდან შეგვიძლია პაციენტს ჩავუტაროთ.

 -ნინო, მინდა გკითხოთ ძალიან საინტერესო თემაზე, ეს არის იმუნოთერაპია. რა არის იმუნოთერაპია, როგორ მუშაობს და სჭირდება თუ არა ის ყველა პაციენტს, ვისაც ალერგიული რინიტი აქვს?

ჩვეულებრივ, მას შემდეგ რაც პაციენტს უდასტურდება მომატებული მგრძნობელობა რომელიმე ალერგენის მიმართ, მას ენიშნება შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა. თუმცა ცხადია, რომ გამუდმებით მედიკამენტზე ყოფნა შესაძლოა აუარესებდეს ადამიანის ცხოვრების ხარისხს, მედიკამენტის მოხსნის შემდეგ კი გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ სიმპტომები თავიდან წამოვიდეს. იმ ადამიანებისათვის, ვისაც არ სურს გამუდმებით მედიკამენტების მიღება, იმუნოთერაპია საუკეთესო საშუალებაა. იმუნოთერაპია გულისხმობს ადამიანის ორგანიზმში დამნაშავე ალერგენის დროდადრო შეყვანას, რისი წყალობითაც იმუნური სისტემა ალერგენის საწინააღმდეგო ანტისხეულებს გამოიმუშავებს და დროთა განმავლობაში ხდება სიმპტომების მინიმალიზაცია, ალერგია კი რემისიის ფაზაში გადადის. იმუნოთერაპიის დროს ალერგენის შეყვანა ხდება ინიექციის ან წვეთების საშუალებით. წვეთებს პაციენტი დამოუკიდებლად, ექიმის დანიშნულებით იღებს ისე, რომ კლინიკაში მისვლა არ სჭირდება, რაც შეეხება ინიექციებს, ისინი თვეში ერთხელ ექიმმა უნდა ჩაატაროს. საერთო ჯამში დაახლოებით 3 წელი არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანის იმუნური სისტემა გამაღიზიანებელი ალერგენის მიმართ ტოლერანტული გახდეს და მასთან კონტაქტისას შემაწუხებელი სიმპტომები აღარ განვითარდეს. ეს ეხება როგორც კარშიდა, ასევე გარე ალერგენებს. სეზონური ალერგიები არანაკლებ შემაწუხებელია და იმ შემთხვევაში,თუ ყურადღებას არ მივაქცევთ, მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს. თუ ექიმს დროულად არ მივმართავთ ისეც შეიძლება მოხდეს, რომ თუნდაც იგივე ალერგიული რინიტი ბრონქულ ასთმაში გადაიზარდოს და თუ პაციენტს ადრე მხოლოდ ცხვირის გაჭედვა, გამონადენი და ცემინება აწუხებდა, ამ სიმპტომებს მიემატოს უკვე სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმები და ასთმის ჩამოყალიბებამდე მივიდეთ. იმუნოთერაპია შეუცვლელი საშუალებაა იმ ადამიანებისათვის, ვისაც ალერგიით გამოწვეული ასთმა აქვს, რადგან მას მინიმუმამდე დაჰყავს ინჰალატორის გამოყენების საჭიროების სიხშირე. მიუხედავად იმისა, რომ იმუნოთერაპიით სრული იმუნიტეტის მისაღებად რეკომენდებული დრო 3 წელია, შეგვიძლია 1 ან ორწლიანი კურსიც გავიაროთ. თუმცა იმისათვის, რათა თერაპიამ მაქსიმალური ეფექტი მოგვცეს, უმჯობესია ის 3 წლის განმავლობაში ჩავიტაროთ.

 -ბოლო კითხვა მინდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის, ატოპიური დერმატიტის შესახებ დაგისვათ. რა მდგომარეობაა ეს, როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება და განკურნებადია თუ არა ის?

ატოპიური დერმატიტი ძირითადად ბავშვებში გვხვდება, ზრდასრულებში კი იშვიათია. ზრდასრულ ასაკში ის ადამიანების დაახლოებით 1-2%-ს აწუხებს.. ატოპიური დერმატიტის მიზეზი არის კანის ბარიერის დეფექტი, მისი ფუნქციის მოშლა, მდგომარეობა, როდესაც ცილა ფილაგრინი ვერ ასრულებს თავის, წყლის შეკავების ფუნქციას, ეს კი განაპირობებს იმას, რომ კანი არის ძალიან მშრალი, უხეში, ხშირად გამოიხატება სიწითლე, ქავილი და დერმატიტი. ჩვილ ბავშვთა ასაკში უფრო ხშირად სიმპტომები არის ლოყების სიწითლე, სიმშრალე და გამონაყარი ძირითადად სახის არეში , 2 წლის ასაკის შემდეგ შესაძლოა ის იყოს უკვე მუხლებზე, იდაყვებზე, თვალებთან და ა.შ. ზამთარი ამ მხრივ პრობლემატური სეზონია, ამ დროს კანი უფრო შრება და საჭიროა მისი მუდმივად დატენიანება. სპეციფიკური ანალიზი ატოპიური დერმატიტის დასადგენად არ არის.დიაგნოსტიკა ხდება დამახასიათებელი ნიშნების საფუძველზე. დაავადებას შესაძლოა ჰქონდეს მსუბუქი, საშუალო და მძიმე მიმდინარეობა. აღსანიშნავია, რომ საშუალო და მძიმე ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტს შესაძლოა პარალელურად ჰქონდეს კვებითი ალერგიაც. საკვები თითქმის არასდროს არაა ატოპიური დერმატიტის გამომწვევი მიზეზი, თუმცა კვებითი ალერგია შესაძლოა გამოხატული იყოს ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტთა 10-15%-ში. ამიტომ ბავშვებისათვის, ვისაც ატოპიური დერმატიტის საშუალო ან მძიმე ფორმა აქვს, უნდა მოვერიდოთ ყოველდღე ისეთი საკვების მიცემას, რომელიც შესაძლოა იწვევდეს ალერგიას, მაგალითად შოკოლადის, არაქისის, რძის, კვერცხის და ა.შ.. ბავშვების ნაწილს სკოლის ასაკში შესაძლოა ატოპიურ დერმატიტთან ერთად შესაძლოა ჰქონდეს ალერგიული რინიტი და ბრონქული ასთმაც. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მდგომარეობის გაუარესება და სხვა დაავადებების განვითარება, აუცილებელია სიმპტომებზე დროული რეაგირება და ალერგოლოგის დროული ჩართვა საქმეში.ამიტომ მშობლებს მოვუწოდებ, ყურადღებით იყვნენ და დროულად მიმართონ ექიმს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები